შაბათი, 27.04.2024, 03:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » როგორ იქმნება ცნობილი "დვალების ხატები"
14:51
როგორ იქმნება ცნობილი "დვალების ხატები"
განსაცდელში ნაპოვნი რწმენა
ნდივიდუალური ხელწერით გამორჩეული "დვალების ხატები" ცნობილია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებგარეთაც. ისინი იერუსალიმისა და ბეთლემის სამლოცველოებს, ამერიკის და საბერძნეთის პატრიარქთა საცხოვრისს, ასევე ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის სახატესაც ამშვენებს. 

ხატმწერები მერაბ დვალი და მისი მეუღლე, ლალი გოჩიტაშვილი, პროფესიით ინფორმატიკოსები არიან. ოციოდე წლის წინ კი მათში შემოქმედებითმა ნიჭმა გაიღვიძა, ზედმიწევნით შეისწავლეს ქართული ჭედური ხელოვნება და თავიანთი სტილი შექმნეს, მათი ნამუშევრები ოქრო–ვერცხლით და ძვირფასი თვლებითაა მოჭედილი, სინატიფით გამოირჩევა. მათ უკვე მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე განსაკუთრებით პატივსაცემ სტუმარს ხშირად სწორედ ამ ხატებს ჩუქნის. 

ლალის და მერაბის ოჯახი 30 წლის წინ შეიქმნა. კურსელები იყვნენ, სიყვარულით შეუღლდნენ და ჰარმონიული ოჯახი შექმნეს. ჰყავთ ხუთი შვილი: თამარი, თორნიკე, ნიკოლოზი, გიორგი და ეკატერინე. მათგან უფროსი 24 წლისაა, ხოლო უმცროსი – 3–ის. 20 წლის წინ ეს ღვთივსათნო ოჯახური წყვილი რწმენამდე განსაცდელმა მიიყვანა. 

ლალი გოჩიტაშვილი: 

– ჩემს მამიდაშვილს, ჩვენთვის უსაყვარლეს და არაჩვეულებრივ, გამორჩეულ ადამიანს, 33 წლის ასაკში მოულოდნელად დაემართა ინსულტი. რამდენიმე დღე სულთმობრძავი იყო. უმძიმეს განცდებში ჩავვარდით. უფალს და წმინდა ნიკოლოზს ვთხოვდით მის გადარჩენას და შემწეობას. აღმოჩნდა, რომ თურმე მონათლული არ ყოფილა. მერაბმა და მისმა მეგობარმა სასწრაფოდ მოიყვანეს სიონის ტაძრიდან ახალნაკურთხი მღვდელი, მამა თეიმურაზი (ჩაჩიბაია), რომელმაც ავადმყოფი ნათლობის საიდუმლოს აზიარა. მეორე დღეს ჩემი მამიდაშვილი აღესრულა. მამა თეიმურაზმა აგვიხსნა, რომ ამ ნათლობით მისი სულიერი გადარჩენა მოხდა და ჩვენ შეგვეძლო იმქვეყნად მასთან შეხვედრა. მას შემდეგ ეკლესიაში დავიწყე სიარული მისი სულის მოსახსენიებლად და მართლმადიდებლობას უფრო ღრმად გავეცანი. 

მცირედმორწმუნეთა ცხოვრებაში ხშირად ხდება ასეთი რამ, გაგრილებასავით: ეკლესიაში მივლენ, მერე კი თანდათან კვლავ შორდებიან. ჩვენც ასე დაგვემართა: მესამე ბავშვის შეძენის შემდეგ ეკლესიაში სიარული გაგვიჭირდა. 90–იანი წლების მძიმე პერიოდი იდგა. ზამთრის ერთ საღამოს კინო "საქართველოსთან" ჩემს მეუღლეს უცხო პირები დახვდნენ და გაქურდვის მიზნით თავში ჩაარტყეს, უგონოდ მყოფი სისხლისგან იცლებოდა. სიკვდილისაგან ორმა სრულიად უცხო ახალგაზრდა კაცმა იხსნა. მერაბი საავადმყოფოში წაიყვანეს. მათ სახელებს, შალვას და დავითს, დღემდე ლოცვებში ვიხსენიებ. მერაბი უმძიმესი მდგომარეობიდან მხოლოდ ღვთის შეწევნით გამოვიდა. ამ განსაცდელმა გონს მოგვიყვანა და ეკლესიაში დაგვაბრუნა. მას შემდეგ უფლის წიაღში ვართ. 

– ხატების შექმნა რა დროიდან დაიწყეთ? 

– მაშინ პროფესიის მიხედვით ცოტა თუ მუშაობდა. ოჯახის სარჩენად სხვა საქმიანობას ჰკიდებდნენ ხელს. მე უნივერსიტეტში ხელფასი 28 მანეთი მქონდა, ხელსაქმე მეხერხებოდა, პარალელურად კერძო სკოლაში დავიწყე მათემატიკის და ხელსაქმის მასწავლებლად მუშაობა. ვინმესთვის საჩუქარი რომ მჭირდებოდა, ჯვრებს ვქარგავდი, ძვირფასი თვლებით ვამკობდი და ახლობლებს ვჩუქნიდი. ჩემი ნამუშევრები მოსწონდათ, შემომთავაზეს, მაღაზიაში ჩამებარებინა და ამით დამატებითი შემოსავალი მიმეღო. მერაბი გამოთვლით ცენტრ "ალგორითმში" მუშაობდა, რომელიც მოსკოვის ფილიალი იყო და დაიხურა. უმუშევრად დარჩენილმა საფუძვლიანად შეისწავლა ხატწერისა და ჭედური ხელოვნების ტექნიკა და თავისი წარმოება შექმნა, შეიმუშავა საკუთარი სტილი და ახლა ოცამდე კაცი ჰყავს დასაქმებული. ძველი ქართული ხატები სისადავით და სიმარტივით გამოირჩეოდა, აღმოსავლეთის გავლენის შედეგად კი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი თვლებით შეამკეს და გაამდიდრეს. დღეს ქართული ხატები (ხატწერაში და ჭედურ ხელოვნებაშიც) მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და დიდ მოწონებას იმსახურებს. 

– თქვენი შუათანა ვაჟი, ნიკოლოზ დვალი, სტიქაროსანია და ასევე წმინდა ნიკოლოზ დვალის მოსახელე და მოგვარე. ამ წმინდანის შესახებ გვიამბეთ. 

– წმინდა ნიკოლოზ დვალი მე–14 საუკუნეში 12 წლის ასაკში კლარჯეთის უდაბნოში აღიკვეცა, შემდეგ კი მოღვაწეობა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გააგრძელა. ნიკოლოზი უფალს მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა. მან იოანე ნათლისმცემლისაგან მიიღო გამოცხადება, რომ დამასკოში ჩასულიყო. იქ ამირათ–ამირა დენგიზმა მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა, წმინდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის აღიარა ქრისტე ხმამაღლა. ამ სასწაულის მნახველმა სპარსელებმა მისი ცხედარი დაწვეს. წმინდანის წამების ადგილას სამი დღე ნათლის სვეტი იდგა. ეს მოხდა 1314 წლის 19 ოქტომბერს. წმინდა ნიკოლოზის მოძღვარმა შესთხოვა ღმერთს, გამოეცხადებინა მისთვის, შეირაცხა თუ არა მისი მოწაფე მოწამეთა შორის და მან იხილა ნათლითა და სურნელებით მოსილი მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმინდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი, მან გამოიხმო წმინდა ნიკოლოზი მოძღვრის სანახავად. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი და დაამშვიდა: "მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის". 

ჩვენ, მთელი ოჯახი, პირველი კლასიკური გიმნაზიის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მრევლი ვართ. ჩვენი ვაჟი ნიკოლოზი ამ ეკლესიის სტიქაროსანია. ჩვენი ოჯახის მოძღვარია ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გელასი (ნატროშვილი), რომელიც აგრეთვე სასულიერო აკადემიის პრორექტორია. 

8 წლის წინ, 25 თებერვალს, ივერიის ღვთისმშობლის დღესასწაულზე, მამა გელასის თაოსნობით აღდგენილ ტაძარში პირველი სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. ეს დაემთხვა ნიკოლოზ დვალის ხსენების დღეს. იმ დღეს აკურთხა მამა გელასიმ 4 წლის ნიკოლოზი სტიქაროსნად. მერაბმა საგულდაგულოდ აუხსნა წესები, თუ საიდან არ შეიძლებოდა მისთვის საკურთხეველში შესვლა – აღსავლის კარიდან მხოლოდ მღვდელი, ეპისკოპოსი და მეფე შედისო და შემდეგ გამოჰკითხა ნასწავლი – ბავშვმაც წარმატებით გაიარა გამოცდა. ტაძრის დღესასწაულზე, შუა წირვაზე, ნიკოლოზი უცბათ მოწყდა ადგილს, პირდაპირ აღსავლის კარში შევიდა და გაჩერდა. ეკლესიის მსახურებმა ნიკოლოზს საყვედურიც არ უთხრეს – ალბათ დიდმა წმინდანმა, მისმა მოსახელემ და მოგვარემ შეიყვანა, რაკიღა მისი ხსენების დღეაო. 

– 6 წლის წინ მოსალოცად იერუსალიმში ბრძანდებოდით. ვინც იქ არის ნამყოფი, უმრავლესობა სულიერად გადასხვაფერებული ჩამოდის. თქვენ როგორ გახსენდებათ ის დღეები? 

– იერუსალიმში მამა ანტონთან (იმერლიშვილი) ერთად წავედით, რომელიც ამჟამად გურჯაანის რაიონში ეწევა მონაზვნურ ცხოვრებას. ადრე კი 4 წელი პალესტინაში, წმინდა საბას ლავრაში მოღვაწეობდა, 2 წელი – იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერში. თბილისში თავისი კელიიდან მხოლოდ ბრწყინვალე შვიდეულში ჩამობრძანდებოდა ხოლმე და ჩვენს ბინაში ჩერდებოდა. ღამეებს ვათენებდით საუბრებში, ბევრს გვიამბობდა იერუსალიმზე, სადაც ყოველ ნაბიჯზე მაცხოვრის კვალია აღბეჭდილი, სადაც იშვა და აღდგა მაცხოვარი, სადაც ღვთისმშობელი დაიბადა. იერუსალიმს ხომ მეხუთე სახარებად მოიხსენებენ. წმინდა მიწის მოლოცვა ოცნებად მექცა, რადგან ისრაელში წასვლა მაშინ ძალიან რთული იყო. ერთხელაც, სრულიად მოულოდნელად, მამა ანტონმა გვახარა, იერუსალიმში მივდივართო. საერთოდ, როცა მართლმადიდებელი სიწმინდისკენ მიდის, წინ დაბრკოლებები ეღობება. ჩვენც ყველანაირად გაგვირთულდა საქმე, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ყველაფერი დავძლიეთ და წმინდა მიწის ხილვის ღირსნი გავხდით. 

– იერუსალიმში სად დაბინავდით? 

– მე ბეთლემში, ქართულ სახლში ვცხოვრობდი. სწორედ აქ აღდგა ქართული ღვთისმსახურება მეთვრამეტე საუკუნის შემდეგ, როცა ქართველებმა უკანასკნელი მონასტერი დატოვეს, უფრო სწორად, ბერძნებს მიაბარეს. ვინ იფიქრებდა, განშორება რომ ასე ხანგრძლივი იქნებოდა. იერუსალიმში პირველად ვახტანგ გორგასალმა შეიძინა მიწები და ქართულ მონასტრულ ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ ალბათ ვეღარ ვიმსახურებდით ამგვარ მადლს და თანდათან დავთმეთ იერუსალიმი, თუმცა უფალმა წყალობის თვალით მაინც გადმოგვხედა და დღეს იქ გვაქვს ქართული სახლი, სადაც ქართველი მონაზვნები – დედა ევგენია, დედა ზოილე და დედა რაქილი მოღვაწეობენ. მე მათი პირველი სტუმარი ვიყავი. საქართველოდან ქართული აზალიის ნერგი ჩავიტანე სიმბოლურად, რადგან წმინდა მიწაზე პირველად ჩასულ ადამიანს ხის ნერგი ჩააქვს. წმინდა ნინოს დედათა სავანეში, დედა ზოილესთან დავრჩი. 

მერაბი და მამა ანტონი კი ბეთსეგურში (მწყემსთა ველზე), ბერძნულ მონასტერში დაბინავდნენ. ეს მონასტერი მდებარეობს იმ მინდორზე, სადაც მწყემსებს ანგელოზთა გუნდი გამოეცხადა გალობით – "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და კაცთა შორის სათნოება". ეს ველი ისეთივეა, როგორც ქრისტეს შობისას იყო: ხრიოკი, მზით გახურებული და საოცრად მადლიანი; მწყემსებიც კვლავ მწყემსავენ ისეთივე ოქროსფერ ცხვრის ფარას... 

– მაცხოვრის საფლავზე ღამისთევამ რა ემოციები აღგიძრათ? 

მერაბ დვალი: 

– გოლგოთაზე დავრჩით, დილით წირვაზე ზიარების მოლოდინში. მამა ანტონმა შეგვაგულიანა, ნურაფრის გეშინიათო. სკამებზე ვისხედით და დაღლილებს ჩაგვთვლიმა. კათოლიკე შავკანიანმა ბერმა გაგვაღვიძა, გვითხრა, აქაურობა დატოვეთო. გოლგოთიდან ქვემოთ, მაცხოვრის საფლავთან ჩამოვედით. მის წინ ტაძარია, რომელშიც მსოფლიოს ქრისტიანობის ცენტრია, მას მსოფლიოს ჭიპს ეძახიან. მოგეხსენებათ, ადრე მაცხოვრის საფლავის მცველები, ტრადიციულად, ქართველები იყვნენ, ახლა კი, როგორც წესი, ტაძრის გასაღები თურქებს აბარიათ. გამთენიისას თურქმა მცველმა უცხო ხალხი ტაძარში რომ შეგვნიშნა, გაგიჟდა და სასტიკი ყვირილით გამოგვყარა, მაგრამ იმ ღამეს მაინც დიდი მადლი მივიღეთ. მაცხოვრის საფლავზე ღამით თუ დარჩები, რა თქმა უნდა, უნდა ილოცო. ჩვენ კი ვერაფრით მოვახერხეთ ლოცვა, ჩაგვეძინა. სულს ლოცვა უნდოდა, ხორცი კი უძლური იყო... წმინდა მიწაზე მრავალი სიწმინდე მოვილოცეთ. მდინარე იორდანეში იმ ადგილას ჩავედით, სადაც მაცხოვარი მოინათლა. ვიყავით ბეთლემში, ნაზარეთში, კანაში, მაგდალაში... იერუსალიმში ჩვენი სტუმრობა ფერიცვალების დღესასწაულს დაემთხვა და თაბორის მთაზე მოსალოცადაც გახლდით. 

– განმეორდა ის სასწაული, რომელიც, როგორც ამბობენ, ყოველ ფერიცვალებაზე ხდება თაბორის მთაზე? 

– იერუსალიმში ძალიან მშრალი ჰავაა და წვიმა სანატრელია, ამიტომაც წვიმას წყალობას ეძახიან. ფერიცვალების დღესასწაულს აურაცხელი ხალხი ესწრება – ბერძნები, რუსები, უკრაინელები, ბულგარელები... საკურთხეველი ტაძრის გარეთაა გამოტანილი და წირავენ. ჩვენი ქართველი მამები მოსულები იყვნენ შესამოსელით – ოლარებით, იმ განწყობით, რომ მათაც ემსახურათ, მაგრამ, სამწუხაროდ, საკურთხეველში არ შეუშვეს. ქართველებს უფალი თურმე სხვა დიდ საქმეს აკისრებდა: ზიარება რომ დაიწყო, მოხდა ისე, რომ ბულგარელები, რუსები და ბერძნები ლამის ყირაზე გადავიდნენ, საკურთხეველში შეცვივდნენ, რომ ზიარება სხვებისთვის დაესწროთ. ქართველები, რომლებიც მოუწესრიგებელ ხალხად ვითვლებით, იქ წესრიგს ვამყარებდით: მამა საბამ (სულაბერიძე), მამა მიქაელმა (ბუკია), არქიდიაკონმა მამა დემეტრემ (დავითაშვილი) და სხვა მამებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რათა ზიარების დროს ხალხი საკურთხეველში არ შევარდნილიყო. 

რაც შეეხება უფლის სასწაულს, ეს წირვის დაწყებისთანავე ხდება – როგორც მაცხოვარს აგრილებდა ფერიცვალების დღეს თაბორის მთაზე, ისე დაიძვრება ღრუბელი მთის ძირიდან, მიემართება აბსოლუტურად სუფთა, მთვარით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე და ბოლოს ზუსტად ხალხის თავზე ჩერდება, მათ შორის დაეფინება და ყველაფერს ნამავს, მადლს აპკურებს. ზემოთ რომ აიხედავ, შენს თავზე ღრუბელს ვერ ხედავ, მაგრამ გვერდით მყოფთა თავზე ამჩნევ. ხელს თუ ასწევ, საოცარ განცდას გრძნობ. ამ მომენტს ყველა სასოებით ელოდება, ამბობენ, ადრე წვიმაც მოდიოდა, მაგრამ ცოდვების გამრავლების გამო შემცირდაო. ზიარების დასრულების შემდეგ ღრუბელი აიკრიფება და ცისკენ მიემართება. ეს სასწაული ყოველ ფერიცვალებადღეს, წირვაზე მეორდება. სხვა დროს კი ღრუბლის ნასახიც არ ჩნდება. ხალხი ზემოთ სწევს ხატებს, ჯვრებს, ხელებს... ისმის შეძახილები, როგორც ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის დროს. დაბოლოს, ნაზიარები, ბედნიერებით აღსავსე, თაბორის მთიდან ფეხით ჩამოდიხარ... ასევე ვეზიარეთ ბეთლემშიც, შობის ტაძარში. იმ ბაგასთან, სადაც მაცხოვარი იშვა, ქართულად პარაკლისიც ჩავატარეთ, ვიგალობეთ. 

– როგორც ვიცი, თქვენ წმინდა გერასიმეს ლავრიდან ჩამობრძანებული წმინდა ნაწილი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირეთ. როგორ მოიპოვეთ იგი? 

– წმინდა გერასიმეს ლავრა იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ეგვიპტისკენ მიმავალმა წმინდა ოჯახმა – იოსებმა, მარიამმა, მაცხოვარმა და იოსების შვილმა იაკობმა ღამით შეისვენეს. ლავრაში, მინის კარადაში, მოწამეთა უამრავი წმინდა ნაწილია დაბრძანებული. იქ მამა საბასთან (სულაბერიძე) ერთად ვიყავით. მამა საბამ ინატრა, რამდენი სიწმინდეა და რა გულდასაწყვეტია, საქართველოში ერთი ნამცეციც არ მიმაქვსო. უცბათ მეორე სართულიდან კიბეზე მონასტრის წინამძღვარი ჩამოვიდა. როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავით, კარადიდან წმინდანის ერთი დიდი წმინდა ძვალი აიღო და მამა საბას მისცა – მისი ნატვრა ბერს ალბათ ანგელოზისგან ეუწყა. გახარებული მამა საბა დაგვპირდა, საქართველოში რომ ჩავალთ, იმ ნაწილს გაგიყოფთო, ხოლო საქართველოში ჩამოსულმა გვითხრა, თავს უფლება ვერ მივეცი, სიწმინდეს შევხებოდი და გამეტეხა, მაგრამ რომ გავხსენი, ცალკე ეგდო პატარა ძვლის ნატკეჩი, ალბათ თქვენთვის იყო განკუთვნილიო. ის ნაწილი ჩვენს ტაძარს შევწირეთ და ვაწერინებთ წმინდა ოჯახის ხატს, რომელზეც იქნება გამოსახული ეგვიპტით მიმავალი იოსები, წმინდა მარიამი მაცხოვრით და იაკობი – მაცხოვრის ხორციელი ძმა. შემდეგ ჭედურად გავაფორმებთ, იმ წმინდა ნაწილს იქ მოვათავსებთ და ჩვენს ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში დავაბრძანებთ. 

– დაბოლოს, დღესდღეობით იერუსალიმში ქართულ მისიაზეც გვესაუბრეთ. 

ლალი გოჩიტაშვილი: 

– ქართველებმა ძალიან ბევრი უნდა ვილოცოთ და ბევრი სიკეთე ვაკეთოთ, რომ ჩვენი წინაპრების ძველი პატივის და დიდების მსგავსი დამოკიდებულება მოვიპოვოთ. მაშინ, როცა იერუსალიმში ცხენით შესვლა იკრძალებოდა და ყოველი ადამიანი ჭიშკართან უნდა ჩამოქვეითებულიყო, მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ უფლება, ცხენზე ამხედრებულნი და გაშლილი დროშით ხელში შესულიყვნენ. ქართველები ქრისტეს საფლავის მცველებიც ვიყავით და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დღეს იქ მხოლოდ სამი მცირე სამლოცველო სახლი გვაქვს – ერთი ბეთლემში, რომელიც ამჟამად დაკეტილია, ლოდში – წმინდა გიორგის საფლავთან და იერუსალიმში. 

იერუსალიმში, ქართულ სახლში, ორ ქართველ მონაზონთან ერთად ცხოვრობს დედა ევგენია (მახარაძე), უკეთილშობილესი და მეტად განათლებული პიროვნება, რომელიც იღვწის და ლოცულობს როგორც საქართველოსთვის, ისე თითოეული ქართველისთვის – ეს არის ერთადერთი ქართული ხმა, რომელიც აღევლინება იერუსალიმიდან უფლისკენ. ეს ხმა მუდმივად უნდა იყოს გაძლიერებული თითოეული ქართველისგან. არსებობს ანგარიში, სადაც შეიძლება გადაირიცხოს შეწირული თანხები ქართული მისიის, ქართული ლოცვის გასაძლიერებლად, ყოველი ჩვენგანის და მთლიანად საქართველოს საცხოვნებლად. თითოეულმა ქართველმა შეწირულობა უნდა გავიღოთ, რათა დედა ევგენიას წმინდა ლოცვა ჩვენთვის აღევლინოს და ღვთის მადლი ჩვენზე გადმოვიდეს. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1720 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები