პარასკევი, 26.04.2024, 12:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ჭოლას ქალიშვილის თაყვანისმცემლების გაცნობა არ სურს
14:56
ჭოლას ქალიშვილის თაყვანისმცემლების გაცნობა არ სურს
ჭოლას ქალიშვილის თაყვანისმცემლების გაცნობა არ სურს
ცნობილი თეატრალური წყვილი, რეჟისორი ჭოლა (ლევან წულაძე) და მსახიობი მანანა კოზაკოვა, ერთადერთი ქალიშვილის, 15 წლის თინათინის მშობლები არიან და გოგონა, რა თქმა უნდა, დედ–მამის ნებიერაა. მამასთან ყველა თემაზე შეუძლია ლაპარაკი, გარდა ერთისა – ბიჭები. ეს ჭოლასთვის იმდენად მტკივნეული თემაა, რომ თინათინის თაყვანისმცემლების გაგონებაც არ სურს. როგორც მამების უმრავლესობა, შვილის საუკეთესო თვისებებს თვითონ მიიწერს, ხოლო რაც არ მოსწონს, ცოლს აბრალებს. როგორც აღმოჩნდა, მანანა ამას უკვე მიეჩვია და ქმარს აღარც ეკამათება. 

რეჟისორ მამას ქალიშვილი თეატრის მკაცრი სამყაროსთვის არ ემეტება. მისი აუხდენელი ოცნებაა გოგონამ კვანტური ფიზიკა შეისწავლოს. თინათინს კი ის ვერ გაუგია, რატომ არ სჭირდება მამამისს მობილური ტელეფონი და რატომ არ მოსწონს ინტერნეტით მიმოწერა... 

– თინათინ, როგორია ისეთი ჭოლა, რომელსაც ხალხი არ იცნობს? 

თინათინი: მამა ყველგან ისეთია, როგორიც სინამდვილეშია. ხანდახან, როცა ხასიათზე არ არის, ამას არ გამოხატავს. თუ სახლში მივედით და ჩუმად, თავისთვის ზის, ტელევიზორს უყურებს, ხმას არ გვცემს, ვხვდებით, რომ მნიშვნელოვან რაღაცაზე ფიქრობს და ახლოს არ უნდა გავეკაროთ. საერთოდ კი ძალიან მხიარული ადამიანია. 

მშობლებში გამიმართლა. შემიძლია ნებისმიერ მომენტში მივიდე მამასთან და გულწრფელად დაველაპარაკო. ვიცი, რომ ყოველთვის გამიგებს და გვერდით დამიდგება. 

– ბატონო ლევან, თქვენს შვილთან სიმკაცრის გამოჩენა არასდროს დაგჭირვებიათ თუ ამას ვერც შეძლებდით? 

ლევანი: არ ვთვლი, რომ მკაცრი მამა ვარ. სიმკაცრე როცა საჭიროა, მანანა იჩენს, თუმცა ვაღიარებ, როცა თინათინს დედა რამის გამო ეჩხუბება, მე მხარს ვუბამ და შვილს არ ვამართლებ. ვინმე ხომ უნდა იყოს მკაცრი, რომ არ გათავხედდეს! 

თინათინი: მე არ ვთვლი, რომ დედაჩემი მკაცრია. უბრალოდ, როგორც ყველა დედა, ისიც მაკონტროლებს. 

– თინათინ, რას ნიშნავს შენთვის ლევან წულაძის შვილობა? რა შეგრძნებაა, როცა ცნობილი ჭოლას შვილი ხარ? 

თინათინი: ჩემთვის, პირველ რიგში, მამაა და მერე – რეჟისორი. ძალიან მეამაყება, თუკი ხალხს მამაჩემის სპექტაკლები მოსწონს. ვერ წარმოიდგენთ, მამაჩემით როგორ ვამაყობ. მისი არც ერთი სპექტაკლი არ გამომიტოვებია. 

– ბატონო ლევან, თქვენ ერთხელ "სარკეში" აღნიშნეთ, რეჟისორობა ქალის საქმე არააო. თინათინმა რომ გითხრათ, რეჟისორობა მინდაო, რას ეტყვით? 

ლევანი: რეჟისორობა ქალის საქმე იმიტომ არაა, რომ მძიმეა. ლიდერი უნდა იყო, ყველაფრის საკუთარ თავზე აღება უნდა შეგეძლოს. ამ პროფესიას თან ახლავს იმედგაცრუება, წარუმატებლობა, ტკივილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო მამაკაცის საქმეა. მე ქალ რეჟისორებს არ ვაკნინებ, მაგრამ მგონია, რომ მათ უფრო რბილი პროფესია შეეფერებათ. რაც შეეხება თინათინს, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს. 

თინათინი: ჩემი მშობლების მსგავსად, ვერც მე წარმომიდგენია თეატრის გარეშე ცხოვრება. ვატყობ, რომ უფრო თეატრისკენ ვიხრები და ვნახოთ, რა იქნება. 

ლევანი: თინათინს ერიდება, ამიტომ მე გეტყვით, რომ არაჩვეულებრივად ასრულებს ქართულ ცეკვებს. ცეკვაზე უზომოდ არის შეყვარებული. ეს ძალიან მახარებს. მგონია, რომ ცეკვა თინათინის ცხოვრებაში დიდ ადგილს დაიკავებს. 

– თინათინ, აპირებ, რომ ცეკვას გაჰყვე? 

თინათინი: სადამდეც შევძლებ, გავყვები. 

ლევანი: თუ გაიყოლებენ, რა თქმა უნდა, გაჰყვება. 

– თინათინმა თქვა, რომ სერიოზულად ფიქრობს, მშობლების გზა გააგრძელოს და ცხოვრება თეატრს დაუკავშიროს. მამა როგორ აფასებს მის შესაძლებლობებს? 

ლევანი: მისთვის ამ კუთხით ჯერ არ შემიხედავს. როცა საბოლოოდ გადაწყვეტს, მაშინ ჩვენ ნამდვილად მძიმე საუბარი გვექნება, მის თეატრალურ მონაცემებს საკმაოდ კრიტიკულად შევაფასებ. ძალიან რთული და უმადური პროფესიაა, თითქმის ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. შეიძლება ამ პროფესიისთვის ყველაფერი გაიღო, მაგრამ უკან არაფერი მიიღო. ჩემი შვილი ჯერ პატარაა, მაგრამ თუ ცხოვრების საქმედ საბოლოოდ მაინც თეატრი აირჩია, ერთად ავწონდავწონით ყველაფერს და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ. ბედნიერი ვიქნებოდი, კვანტურ ფიზიკას თუ შეისწავლიდა. მგონია, რომ მომავალი მეცნიერებისაა. მე ძალიან მიყვარდა ფიზიკა, მაგრამ ვერ ვივარგე. დიდი სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს მექანიკაში. 

თინათინი: რა მექანიკა, რას ამბობ! 

ლევანი: ამ სფეროს უზარმაზარი პერსპექტივა აქვს. მეცნიერებმა ბევრი საინტერესო რაღაც აღმოაჩინეს. მე ძალიან გამიხარდებოდა, თინათინი თუ ამ სფეროთი დაინტერესდებოდა... თუმცა მისი ყველა გადაწყვეტილება გამახარებს. უბრალოდ დავისვამ, თავიდან ბოლომდე ავუხსნი და გავაცნობ მსახიობის ცხოვრებას, მაგრამ თუ მაინც არ დაიშლის თავისას, მერე თავის თავს დააბრალოს. 

– თქვენ ყველაზე კარგად იცნობთ თინათინს. როგორ ფიქრობთ, გაუძლებს თეატრის მძიმე რეჟიმს? 

ლევანი: შრომისმოყვარე ადამიანია და ვფიქრობ, რომ შეძლებს. ეს ისეთი პროფესიაა, თუ ძალიან არ გიყვარს, გაგიჭირდება. როცა გრძნობ, რომ თავიდან ბოლომდე თეატრს ეკუთვნი, ის დიდი შრომაც კი სიამოვნებას განიჭებს. 

თინათინი: მოვა დრო და მამა ყველაფერს ამიხსნის, გამაცნობს, მაგრამ, როგორც აღნიშნა, მთავარია, გიყვარდეს. მე კი თეატრი მიყვარს, ამიტომ ვთვლი, რომ მზად ვარ და შევძლებ. 

– ვის უფრო ჰგავს თინათინი? 

ლევანი: გარეგნობით დედას ჰგავს, თუმცა ერთი ჩემი ბავშვობის სურათი აღმოვაჩინეთ, რომელშიც ძალიან მგავს. ის ფოტო რომ ვნახე, მივხვდი, რომ მართლაც ჩემი შვილი ყოფილა. რაც შეეხება ხასიათს, ჩემი აზრით, რაც კარგი აქვს, ჩემგან გამოჰყვა. სიზარმაცით და არააკურატულობით კი დედას დაემსგავსა. 

თინათინი: არა, დედა ჩემზე ზარმაცია. შენ აკურატული ხარ? 

ლევანი: ვარ და უფრო მეტადაც ვიქნებოდი, ცხოვრებას რომ ამის საშუალება მოეცა. 

თინათინი: ახლა ცხოვრებას აბრალებს! 

ლევანი: აბა, ყველაფერს ჩემს თავს ხომ არ დავაბრალებ! ბუნებრივია, ვიღაცას უნდა გადავაბრალო და ამისთვის მანანა მყავს. 

– აქ რომ იყოს ქალბატონი მანანა, ალბათ შეგეკამათებოდათ. 

ლევანი: არაფერსაც არ შემეკამათებოდა. უკვე მიჩვეულია, რომ ყველაფერი მას ბრალდება. 

თინათინი: დედა მართლა მიეჩვია. აქ რომ იყოს, დაეთანხმებოდა და არ შეეწინააღმდეგებოდა. 

ლევანი: მე და თინათინი ერთმანეთისგან წიგნის კითხვის სიყვარულით განვსხვავდებით. მე ძალიან მიყვარს კითხვა, რასაც თინათინზე ვერ ვიტყვი. მის ასაკში წიგნის კითხვაში ღამეებს ვათენებდი. 

თინათინი: უჰ, მე არ ვკითხულობ?! 

ლევანი: მეტი უნდა წაიკითხო! შეიძლება ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ ჩვენთვის წიგნი ყველაფერი იყო. თქვენს თაობას კი, წიგნის გარდა, სხვა ბევრი საინტერესო რამ გაქვთ. ჩვენ დროს ფილმები მხოლოდ შაბათობით გადიოდა, ახლა რომელ არხზეც გინდა, გადართე, ყველგან ფილმს აჩვენებენ. წარმოიდგინეთ, ფილოსოფიურ ლიტერატურასაც კი ვეცნობოდი. ბევრი რამ არ მესმოდა, მაგრამ მაინც ვკითხულობდი. ადამიანმა ცოტა რამ ყველაფრის შესახებ უნდა იცოდეს. 

თინათინი: ჩვენ ინტერნეტის თაობა ვართ. 

ლევანი: ინტერნეტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იქ ბევრი საინტერესო რამ შეგიძლია, მოიძიო. მე ინტერნეტს ორ სახეობად ვყოფ, ერთია საინფორმაციო და მეორე – მიწერ–მოწერა. მე არ მესმის, რატომ არ შეიძლება ადამიანს დაურეკო და სათქმელი ისე უთხრა. რა აუცილებელია ეს წერა! 

თინათინი: 60 კაცს ერთნაირად ხომ ვერ დაურეკავ?! 

ლევანი: რა სასიამოვნოა 60 ადამიანთან ერთად საუბარი, ამიხსენი! 

თინათინი: შენთვის შეიძლება არ არის სასიამოვნო, ჩემთვის კი არის... ხანდახან მე და მამას ერთმანეთის არ გვესმის. ამას მობილურიც კი არ აქვს, ამბობს, რა საჭიროაო. ერთხელ სახლის ტელეფონზე დავრეკე და მამამ რომ აიღო, იმდენად მიუჩვეველი ვარ ტელეფონზე მისი ხმის გაგონებას, რომ ვუთხარი, უკაცრავად, სხვაგან მოვხვდი–მეთქი. სასწაულია, მამამ თუ ტელეფონს უპასუხა! 

– თინათინ, გოგონები დედასთან უფრო გულახდილები არიან, ვიდრე მამასთან. შენ რომელს უფრო უშლი გულს? 

თინათინი: მამაც და დედაც ჩემი დიდი მეგობრები არიან. დედასთან შემიძლია ყველაფერი დაწვრილებით მოვყვე, რასაც მამასთან ვერ გავაკეთებ. ხანდახან მამაჩემის მრცხვენია. დედა ქალია და შემიძლია, ადვილად გავიხსნა, გული გადავუშალო. 

ლევანი: მე რომ თინათინი თავის თაყვანისმცემლებსა და სიმპათიებზე მელაპარაკოს, გავბრაზდები! 

თინათინი: ხანდახან ამ თემებზეც ველაპარაკები და რაღაც რჩევებს ვეკითხები, მაგრამ, როგორც ასეთი, იმას არ ვუყვები, ვისთან როგორ ვითარდება ჩემი ურთიერთობა. 

– მაგალითად, რა საკითხში გჭირდება მამის რჩევები? 

თინათინი: მამას ყოველთვის ვეკითხები, ამას ეს თუ უხდება–მეთქი. ისიც ყოველთვის მირჩევს, როგორ ჯობია და მის აზრს ვითვალისწინებ. მამაჩემის გემოვნებას ბოლომდე ვენდობი. 

ლევანი: დედას ნაკლებად ენდობა. უფრო მე მეკითხება, რას რა მოუხდება, ვიდრე მანანას. 

– ბატონო ლევან, თქვენთვის ყველაზე ძვირფას ქალბატონებს – ცოლს და ქალიშვილს – რითი ანებივრებთ ხოლმე? 

ლევანი: საჭმლით. 

თინათინი: საჭმლით თვითონ ინებივრებს თავს. ახლა ჩვენ დაგვაბრალა! 

ლევანი: ვერ დავიკვეხნი, რომ რომანტიკული ადამიანი ვარ და საჩუქრების კეთება მიყვარს. ცოლ–შვილს ყვავილებს მხოლოდ ახალ წელს და დაბადების დღეებზე ვჩუქნი. ეს უკვე ტრადიციად ვაქციე. 

თინათინი: მამა თავისი ხასიათით გვანებივრებს. 

ლევანი: გმადლობ, შვილო! ჩემი სიჭკვიანით ვანებივრებ. 

– ბატონო ლევან, თინათინის სამეგობრო წრეს თუ იცნობთ? 

ლევანი: გოგოებს ვიცნობ, ბიჭებს – არა. მათ ჩემი შვილი არ მაცნობს. 

თინათინი: როგორ არ იცნობ! შეიძლება ახლა ვერ იხსენებ. 

ლევანი: არავისაც არ ვიცნობ. არც მინდა, რომ ვიცნობდე! რა ჩემი საქმეა?! რაც შეეხება მის მეგობარ გოგონებს, მართლა კარგი ბავშვები არიან და ყველა მიყვარს. გადასარევად კი არც ერთს ვიცნობ. შევალ, "გამარჯობა, ბავშვებო, როგორ ხართ?" – ვიტყვი და ჩემს ოთახში გავდივარ. მგონი, არ ვცდები და თინათინი კარგ წრეში ტრიალებს. 

– თინათინ, ალბათ მამის რეპეტიციებს ესწრებით ხოლმე. როგორია ამ დროს ჭოლა? 

თინათინი: ვესწრები, მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს, როცა ვინმე უყურებს, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც აღარ მეჩხუბება. რეპეტიციებზე მამას სულ სხვა კუთხით ვხედავ. ოღონდ ვერ გადმოგცემთ, როგორია მუშაობის პროცესში. თითქოს სულ სხვა ადამიანად გადაიქცევა ხოლმე. იმ მომენტში ვხვდები, როგორ უყვარს თავისი საქმე. პატარა, უმნიშვნელო დეტალშიც კი ყველაფერს დებს. 

– ბატონო ლევან, ცოტა რამ პროექტ "ჯეოსტარზეც" ვთქვათ. ყველაზე მეტად რომელი საკონკურსო წელი და კონკურსანტი დაგამახსოვრდათ? 

ლევანი: ყველაზე მეტად 2008 წლის "ჯეოსტარი" დამამახსოვრდა. პირველად ვიყავი ჟიურიში და კარგად არ ვიცოდი, რა ხდებოდა ან საერთოდ რა უნდა გამეკეთებინა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა კონკურსანტების და იმ ადამიანების თავდადებულ შრომას ვხედავ, რომლებიც ეკრანმიღმა რჩებიან. მე სტუმარი ვარ, მარინა ბერიძე და ლანა ქუთათელაძე კი პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ამით სუნთქავენ. ძალიან კარგი თაობა მოდის და ეს მახარებს. მათ შრომა უყვართ და ყველაფერს თვითონ, სხვისი დახმარების გარეშე აღწევენ. "ჯეოსტარმა" ბევრ ბავშვს აპოვნინა თავისი ადგილი. წლევანდელი ფინალითაც კმაყოფილი ვარ. გამარჯვებულები ოთო ნემსაძე და სოფო გელოვანი უძლიერესი მომღერლები არიან. 

თინათინი: მე მამასთან ერთად ყველა კონცერტს ვესწრები ხოლმე. წელს თავიდანვე ოთოს ვგულშემატკივრობდი. ჩემი და მამას აზრები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. ინდირა ჯგერნაიაც ძალიან მაგარი იყო. თქვი, მამა, რომ ყველაზე მეტად მან დაგამახსოვრა თავი! 

ლევანი: შენს აზრს ნუ მახვევ თავს! ყველა ძალიან მაგარი ბავშვია. რაც შეეხება ტურს, არასოდეს დამავიწყდება, შარშანწინ კონკურსანტებმა ჯგუფ "შინისთან" ერთად რომ იმღერეს. მიხარია, როცა ძველ სიმღერებს აცოცხლებენ და ხალხს მათი დავიწყების საშუალებას არ აძლევენ. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1451 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/2
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები