პარასკევი, 26.04.2024, 16:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » ნინო ცქიტიშვილი: "ქმარს მუდმივად ვეპრანჭები"
14:57
ნინო ცქიტიშვილი: "ქმარს მუდმივად ვეპრანჭები"
ოჯახური ცხოვრების 13 წლის შემდეგაც ყოფილი მოდელი ნინო ცქიტიშვილი სიგიჟემდეა შეყვარებული თავის ქმარზე, ასევე ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილზე, რომელმაც სპორტიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა. ვატო ძველებურად ანებივრებს საყვარელ ქალს ყურადღებით და მის გარეშე სახლში ყოფნა არ უყვარს. ნინო კი ყოველდღე ეპრანჭება ქმარს, ცდილობს, მისთვის გალამაზდეს და ყოველთვის სასურველი იყოს. დაგვეთანხმებით, ასეთი ოჯახური ურთიერთობები ჩვენს რეალობაში სულ უფრო იშვიათი ხდება. 

მათ სამი შვილი ეზრდებათ – ორი გოგონა და ერთი ბიჭი. ნინოს უნდა, ქალიშვილები ისეთივე დიასახლისები იყვნენ, როგორიც თავად ის დედამისმა გაზარდა. 18 წლის ასაკში, როდესაც ნინო გათხოვდა, ყველანაირი ოჯახური საქმე უკვე კარგად იცოდა. 

თავისი 13 წლიანი ბედნიერი ოჯახის საიდუმლოზე ნინო ცქიტიშვილი "სარკეს" ესაუბრება. 

– 13 წლის წინ, როდესაც ოჯახს ქმნიდით, როგორ მომავალზე ოცნებობდით, არის თუ არა დღევანდელი თქვენი ოჯახი ისეთი, როგორიც გინდოდათ, ყოფილიყო? 

– იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მეოჯახე ბავშვი ვიყავი, სულ ვიცოდი, რომ კარგი ოჯახი მექნებოდა. დედაჩემი მეოჯახე ქალად მზრდიდა, მასწავლიდა ყველაფერს, რაც კი ქალს გათხოვების შემდეგ გამოადგება. 18 წლისამ უკვე ყველაფერი ვიცოდი, რაც ქალმა უნდა იცოდეს. მინდოდა, ისეთი ოჯახი მქონოდა, სადაც ყველაფრის გაკეთება მესიამოვნებოდა, მეყვარებოდა ქმარი და მასზე ზრუნვა სიამოვნებას მომანიჭებდა. ახლა ჩემი ოჯახი ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი. 

– როგორ მიხვდით წლების წინ, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, რომ ვატო ის სიყვარულია, რომელთანაც ოჯახის შექმნა ბედნიერებას მოგიტანდათ? თუ უბრალოდ გაგიმართლათ? 

– თავიდან ამას ვერ განსაზღვრავ, რადგან არ იცი, ბედი რას გიმზადებს. ვატო გაცნობისთანავე მიყვარდა, მაგრამ 13 წლის გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ახლა უფრო მიყვარს. ყოველი ერთად გატარებული წელიწადის შემდეგ ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდება. ძნელია თავის დროზე მიხვდე, ეს ის სიყვარულია თუ არა. მე ძალიან გამიმართლა, რომ ზუსტად მივხვდი, როდის მოვიდა ჩემთან ნამდვილი გრძნობა. ვატო პირველად რომ ვნახე, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ჩემი ცხოვრების მამაკაცი იყო, ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. 

– რა კრიტერიუმებით შეაფასეთ? 

– პირველ რიგში, გარეგნობით, მაღალი იყო და ჩემი შესაფერისი. შემდეგ, როდესაც მისი ხასიათი გავიგე, ყველაფერი მომეწონა. ძალიან დამთმობია და ზოგჯერ ჩემს რთულ ხასიათს ადვილად იტანს. ორივე ვცდილობთ, ერთმანეთს სრული ჰარმონია შევუქმნათ. მეც ხშირად ვთმობ და ისიც. 

– ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვატოს მაინც რომელმა თვისებამ მოახდინა, რამაც თქვენი მომავალი განსაზღვრა? 

– ალბათ ის, რაც ყველა ქალს სურს – გვერდით ჰყავდეს ყურადღებიანი მამაკაცი. ვატოს არ ავიწყდებოდა და არ ავიწყდება არც ერთი დღესასწაული. იშვიათია მამაკაცი, ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი თარიღი ახსოვდეს. დღესაც კი სულ ყურადღების ქვეშ ვარ, არასოდეს მიგრძვნია, რომ რაღაც მაკლია. ამან ის განაპირობა, რომ ვატო სიგიჟემდე მიყვარს. 

– ოჯახი ყველა ტრადიციის დაცვით შექმენით? 

– კი, ყველაფერი იყო – ხელის თხოვნა, ნიშნობა, ქორწილი. მაშინ ერთადერთი კაფე არსებობდა თბილისში "ტონალიტო" და გაზაფხულის პირველ დღეს ძალიან დიდი გამბედაობის მოკრების შემდეგ იქ ამიხსნა სიყვარული. მერე როგორც მითხრა, თურმე მანამდეც ერთი–ორჯერ სცადა, მაგრამ ძალები ვერ მოიკრიბა. ვატოს მაშინ სერიოზული კონტრაქტები ჰქონდა საზღვარგარეთ და ამიტომ მოვლენები დააჩქარა. ექვსწლიანი კონტრაქტი დადო, ისრაელში უნდა წასულიყო და მეუბნებოდა, თუ ცოლად არ გამომყვები, კარიერაზე უარის თქმა მომიწევს, ბევრ შანსს გავუშვებ ხელიდანო. სიყვარულმა მიმაღებინა ის გადაწყვეტილება, რომ გავთხოვდი და საქართველო დავტოვე. ასეთ ადრეულ ასაკში არც მე მინდოდა გათხოვება და არც ჩემს ოჯახს. 18 წლის ვიყავი, მაგრამ ვატომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სწავლაში ხელი არ შემშლოდა. 

– ალბათ თავისი პლუსიც ჰქონდა იმას, რომ გათხოვებისთანავე თქვენ და ვატო უცხო ქვეყანაში მარტოები აღმოჩნდით. 

– ვიცოდი, რომ უცხოეთში მარტო ცხოვრება არ გაგვიჭირდებოდა, რადგან ოჯახის მართვის ყველანაირი ცოდნა მქონდა. ჩემსა და ჩემს უმცროს ძმას (ცნობილი კალათბურთელი ნიკა ცქიტიშივლი. ავტ.) შორის 12 წელია სხვაობა და ჩემი გაზრდილია, ამიტომ ბავშვის გაზრდა არანაირად გამიჭირდებოდა. როგორც აღვნიშნე, 18 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ქალი ვიყავი. კარგად გავაცნობიერე, რომ მომიწევდა, 6 წელი ჩემი საქმე დამეთმო, თანაც მივხვდი, რომ არარეალურია ქართველი გოგო ტოპმოდელი გახდე და მთელი მსოფლიო დაიპყრო. ვატოს გამოჩენის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ გახდა მეორეხარისხოვანი. 

უცხოეთში ცხოვრებას ძალიან დიდი პლუსი ჰქონდა ცოლქმრული ურთიერთობებისთვის. ახალი ოჯახისთვის ძალიან კარგია რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მარტო ცხოვრება. 

– ახლანდელ ქორწილებს ჰოლივუდის მელოდრამების მსგავსად დგამენ. თქვენი 13 წლის წინანდელი ქორწილი როგორი იყო? 

– მაშინ დიდი არჩევანი არ იყო, თუ სად გააკეთებდი ქორწილს. საქორწინო კაბა ვატომ ბულგარეთიდან ჩამომიტანა. მაშინ ბულგარეთში თამაშობდა, წავედით და ავარჩიეთ. მე ადრე მომიწია ჩამოსვლა და თვითონ ჩამომიტანა. ჩვენს ქორწილში უარი ვთქვით იმ ცრურწმენაზე, რომ საქმრომ პატარძლის კაბა ქორწილამდე არ უნდა ნახოს. 

– ხშირად ოჯახი მამაკაცს ცვლის, ცოლები ჩივიან, ისეთი რომანტიკული აღარ არის, როგორც შეყვარებულობის დროს იყოო. 

– ძალიან მიკვირს, რომ ჩვენს ურთიერთობაში ასე არ მოხდა, არადა ბევრისგან მსმენია, შეყვარებულობის დროს ჩემი ქმარი სულ სხვანაირი იყოო. ღვთის წყალობით, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა. შეყვარებული ვატო და ქმარი ვატო არანაირად განსხვავდება ერთმანეთისგან, ალბათ იმიტომ, რომ ის დღემდე შეყვარებული ვატოა, მე კი – შეყვარებული ნინო. ზოგჯერ მაშინებს კიდეც ჩვენი იდილია. 

– ბავშვების გაჩენამ ალბათ მაინც მოახდინა რაიმე, თუნდაც დადებითი ცვლილება თქვენს ურთიერთობაში. 

– შვილებმა ჩვენი ოჯახი უფრო გაამყარეს. უფროსი, თაკო, 13 წლისაა, გუგა – 6–ის, ანა კი – 4 წლის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ სამი შვილის დედა გავხდებოდი, ყოველთვის ვფიქრობდი, ორი შვილი საკმარისია–მეთქი, როგორც ჩვენს ოჯახში იყო, მაგრამ არ ვიცი, რატომღაც მომინდა, რომ მესამეც გამეჩინა. ახლა მეოთხეც მინდა, მაგრამ ჯერ – არა, რამდენიმე წლის შემდეგ. 

– უფროს გოგოს ისეთივე დიასახლისად ზრდით, როგორიც დედამ თქვენ გაგზარდათ? 

– ვფიქრობ, რომ ძალიან ყურადღებიანი დედა ვარ, მაგრამ თაკოს ასაკში მე უფრო ბევრი რამ ვიცოდი საოჯახო საქმეებიდან. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, შეიძლება თაობაც სხვანაირია. ყოველ შემთხვევაში, მე მონდომებული ვარ, რომ კარგი დიასახლისი გავზარდო, მაგრამ ის უფრო სწავლაზეა ორიენტირებული. აუცილებლად გამოვასწორებ და მისგან კარგ დიასახლისს დავაყენებ. 

– ქმარი რამდენად მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში? 

– მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დაკავებული იყო, მაქსიმალურად ცდილობს, შვილებს ყურადღება არ მოაკლოს. თანაბრად ვანაწილებთ შვილებთან დროს. მაგალითად, ის თუ სკოლაში წაიყვანს ბავშვებს, მე მომყავს ან პირიქით. 

– რითი გამოირჩევა თქვენი ქმარი სხვებისგან, თუნდაც, როდესაც მეგობრები იკრიბებით და ქმრების კარგ თვისებებზე საუბრობთ? 

– ვატოსთან მიმართებაში ყველაფრით ვამაყობ, ვაღიარებ, რომ ის იშვიათი მოვლენაა მამაკაცებში. ოჯახშიც ყველაფერს აკეთებს და ოჯახის გარეთაც. ერთადერთ ჭირვეულობად შეიძლება ის ჩავუთვალოთ, რომ სახლში სხვის გაკეთებულ საჭმელს არ შეჭამს, აუცილებლად ჩემი მომზადებული უნდა იყოს. არ უყვარს მარტო ჭამა, თუ სახლში არ ვარ, დამელოდება და შეიძლება ამ დროს მეჩხუბოს კიდეც, მოვკვდი მშიერი შენს ლოდინშიო. ამიტომაც ძალაუნებურად, როცა ვიცი, რომ ვატო სახლშია, ვჩქარობ ხოლმე, რომ მშიერი არ დარჩეს. ახლა დიეტაზეა და ხელს ვუწყობ, რომ წონაში დაიკლოს. 

– რამდენი კილოს დაკლება უნდა? 

– 15–20 კილოსი. უნდა, რომ კვლავ 20 წლის ბიჭის ფორმები დაიბრუნოს. თვითონაც არ მოსწონს საკუთარი წონა და მეც ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ცოტა დაკლება არ აწყენდა. 

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების წესი მას შემდეგ, რაც ვატო სპორტიდან პოლიტიკაში აღმოჩნდა? 

– ჩემი აზრით, საკრებულო პოლიტიკა არაა. ამჯერად ვთვლი, რომ ის თავისი პროფესიით, იურისტად მუშაობს. ყოველთვის მზად ვიყავი, რომ შეიძლებოდა ჩემი ქმარი ადრე თუ გვიან მოსამართლე გამოსულიყო ან იუსტიციის სამინისტროში ემუშავა. სპორტული ცხოვრება უფრო რთული იყო ჩვენთვის, ვიდრე ახლანდელი რეჟიმი. ქმარს უფრო ხშირად ვხედავ სახლში, კალათბურთელობის დროს კი ხანდახან ორი–სამი კვირით უწევდა შეკრებებზე წასვლა. 

– როგორ ფიქრობთ, რატომ გახშირდა ოჯახების ნგრევა? 

– მართლაც ცუდი ტენდენციაა. ჩემს გარშემოც ძალიან ბევრი ოჯახია დანგრეული. ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვხვდები, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოშია, გლობალურად გაუფასურდა ოჯახური ურთიერთობები. ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ოჯახის ტრადიციებს მისდევენ. საქართველოში ბევრი ოჯახი ცუდი ცხოვრების წესის გამო ინგრევა. როცა ქმარი ნარკომანი გყავს, იქ უკვე ოჯახზე ლაპარაკი ზედმეტია. 

ბევრი რამ ქალზეა დამოკიდებული. თუ რაღაც არ მოითმინე, თუ ანგარიში არ გაუწიე ყველაფერს, ისე ურთიერთობები ძნელია. მე და ვატომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა საინტერესო ყოფილიყო და სიყვარული არ გახუნებულიყო. 

– სამი შვილის დედა ისევ მოდელივით გამოიყურებით. ალბათ მუდმივად ცდილობთ, კარგ ფორმაში იყოთ. 

– კი, ყოველთვის მინდა, რომ ფორმაში ვიყო და ყოველთვის ლამაზ ტანსაცმელს იმიტომ ვყიდულობ, რომ, პირველ რიგში, ქმრისთვის ვიყო მოსაწონი. ქმარს მუდმივად ვეპრანჭები და ეს მსიამოვნებს. ფორმიდან რომ ამოვვარდე, შეიძლება მოვკვდე. საბედნიეროდ, სამმა მშობიარობამ ჩემი სხეული ცუდისკენ არ შეცვალა, წონაში მომატებული რომ ვიყო, ალბათ დეპრესიაში ვიქნებოდი. 

– როგორც ჩანს, ახლა საკუთარი საქმისთვისაც მოიცალეთ – ცოტა ხნის წინ სამოდელო სააგენტო შექმენით. 

– ადრე რომ მომენდომებინა საკუთარი საქმის დაწყება, რთული იქნებოდა, ამისათვის დრო არ მქონდა. ახლა კი ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა იმისათვის, ბევრ მოდელს გავუკვალო გზა ევროპისკენ. კარგი ნაცნობობა მაქვს უცხოურ სააგენტოებთან და მინდა, რომ ბევრი ქართული სახე გავიდეს უცხოურ ბაზარზე. 

– მაგრამ თქვენც ხომ თავის დროზე მიხვდით, ილუზიაა, ქართველმა მოდელმა მსოფლიო დაიპყროსო. 

– მაშინ უცხოეთში წასვლის პერსპექტივები არ არსებობდა. სანთლის შუქზე მიწევდა მეცადინეობა, ახლა კი ყველა სივრცე ღიაა იმისათვის, რომ წახვიდე და თავი დაიმკვიდრო. 

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მომდევნო 13 წლის შემდეგ? 

– არაფრის შეცვლა არ მინდა. მინდა, რომ მომავალში ჩემი შვილებით ვიამაყო. მინდა, ისეთივე ბედნიერი ვიყო, როგორიც ახლა ვარ. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1330 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები