შაბათი, 27.04.2024, 06:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » როცა სიყვარული მოვიდა ჩემთან, უკეთესად ავმღერდი"
14:58
როცა სიყვარული მოვიდა ჩემთან, უკეთესად ავმღერდი"
ლაშა ღლონტი საოპერაციოში პაციენტებს ამღერებდა
წარმატებული ქირურგის ლაშა ღლონტისთვის სიმღერა ჯერ ჰობი იყო, მერე კი სიტუაცია შეიცვალა. ლანცეტი გვერდზე გადადო და მიკროფონს მოჰკიდა ხელი. ბოლოდროინდელი მის მიერ შესრულებული სიმღერა "მონატრებიხარ ფიქრებს" ჰიტად იქცა. ტკბილ სევდანარევი სიმღერა მომღერალ დათო არჩვაძეს ეკუთვნის და, როგორც ამბობენ, ავტობიოგრაფიულია. ავტორმა ამ სიმღერით თავისი ემოციები და მონატრება გადმოსცა. 

ბათუმში დაბადებულმა ლაშა ღლონტმა სიყვარული თბილისში იპოვა, თუმცა მისი რჩეულიც ბათუმელი აღმოჩნდა. აღიარებს, რომ სამაგალითო მეოჯახე არ არის, ყოფითი პრობლემები მთლიანად ცოლს გადააბარა. ჰყავთ ერთი ქალიშვილი, რომელიც მღერის და თავის მომავალს ქართულ ესტრადაზე ხედავს. 

– ქირურგი, რომელიც მომღერლად იქცა – ბატონო ლაშა, გვიამბეთ ეს გზა როგორ გაიარეთ. 

– მუსიკა ჩემთვის ჰობი იყო, ახლა კი მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა. ამჟამად კვარტეტ "ალილოს" ხელმძღვანელი ვარ, სადაც გურამ თამაზაშვილის წყალობით მოვხვდი. "ქართული ხმების" წევრებთან დიდი მეგობრობა მაკავშირებდა. მათ ხელი შემიწყვეს, რომ სცენაზე გავსულიყავი. პროფესიით ქირურგი ვარ, მაგრამ დრომ მოიტანა და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად აეწყო. როცა ვიგრძენი, რომ ჩემი სიმღერა ხალხს სიამოვნებას ანიჭებდა, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჰობის დონეზე არ უნდა დარჩენილიყო. განსაკუთრებული გამოხმურება მოჰყვა ჩემს ერთ–ერთ ბოლო სიმღერას "მონატრებიხარ ფიქრებს", რომლის მუსიკა დათო არჩვაძეს ეკუთვნის, ტექსტი – ნანა ცინცაძეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმღერა დიდ სცენაზე გაჟღერებამდე გაჰიტდა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ 12 წლის ბავშვებიც კი მიკავშირდებიან და მოწონებას გამოხატავენ. სევდიანი განწყობის გამო ეს სიმღერა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებშიც ძალიან პოპულარულია. 

– თქვენს ოჯახში სიმღერა ტრადიცია იყო? 

– დედაჩემი ერისთავია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომღერალი გვარის წარმომადგენელია. ასლანური მრავალჟამიერი ჩემი დიდი პაპის შექმნილია. სიმღერა დედამ შემაყვარა. ჩვენს ოჯახში ეს ტრადიცია გრძელდება, ჩემი შვილი, ანუკა, კარგად მღერის. მან წლების წინ გურამ თამაზაშვილთან ერთად საშობაო სიმღერა ჩაწერა, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია და მიხარია, რომ კლიპის სახით შემორჩა. 

– როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ქართულ ესტრადაზე პროფესიონალი ექიმები ხშირად დგანან? მუსიკალური ნიჭი ასე გავრცელებულია მედიკოსებში? 

– სხვათა შორის, ჩემი დებიუტი ფილარმონიის სცენაზე სწორედ კონცერტზე "მღერიან და ხუმრობენ ექიმები" შედგა. მაშინ გავაკეთეთ ექიმების ტრიო, სადაც, ჩემ გარდა, იშხნელების ძმისშვილი, კახაბერ იშხნელი და სოსო გოდუაძე მღეროდნენ. ექიმები ძალიან ნიჭიერი ხალხია, როდესაც ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს საქმე, დიდი განათლება, პასუხისმგებლობა და კეთილშობილება უნდა გქონდეს. მით უმეტეს, თუ სმენაც გაქვს, ხმაც და სინდისიც, შეგიძლია სცენაზე კარგად იმღერო. ექიმებს შორის ხელოვნების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ბევრი კარგად ხატავს, არაჩვეულებრივ ლექსებს წერენ. ექიმი, ისევე როგორც ხელოვანი, აუცილებლად შემოქმედი უნდა იყოს. პაციენტთან ურთიერთობაში შემოქმედებითი მიდგომა აუცილებელია. როდესაც მუცლის ღრუს ხსნი, არასოდეს იცი, იქ რა დაგხვდება. ვერც ერთ წიგნში ვერ დაგიწერენ, ზუსტად რა უნდა გააკეთო. ყველა შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. 

– ჩანს, რომ ძალიან გიყვართ თქვენი საქმე. როგორ დათმეთ ქირურგია? 

– თვალებზე გავიკეთე ოპერაცია და უკვე რთული იყო, ჩემი საქმე გამეგრძელებინა. გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ საოპერაციოში ვეღარ შევიდოდი, მაგრამ გაცილებით ცუდი იქნებოდა, საოპერაციოში რაიმე შეცდომა დამეშვა. ადამიანმა ყოველთვის სათანადოდ უნდა შეაფასოს საკუთარი ძალები და შესაძლებლობები. ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ახლა სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობ, ტუბერკულოზის პროგრამის ხელმძღვანელი ვარ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ დაავადების სამკურნალოდ პატიმრებსაც ზუსტად ისეთივე პირობები ჰქონდეთ, როგორც სხვა პაციენტებს აქვთ. ჩემი პროფესია მენატრება და ამას სიმღერითაც გამოვხატავ. სიყვარულის გარეშე არც ერთი საქმე არ კეთდება, ლანცეტსაც სიყვარულით ვიღებდი ხელში. პაციენტის მადლიერი თვალების გამოხედვას არაფერი სჯობია. 

– რთული ოპერაციის შემდეგ ალბათ სიმღერა გშველოდათ. 

– რა თქმა უნდა, რელაქსაციისთვის ეს ყველაზე კარგი საშუალებაა. ადრე სამედიცინო პრაქტიკებზე არაჩვეულებრივ ქირურგთან, ავთანდილ დიასამიძესთან ერთად მიწევდა საოპერაციოში დგომა, რომელიც ძალიან კარგ ბანს მღეროდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ პაციენტსა და ჩვენ სამ ხმაში გვიმღერია. თანაც საოპერაციოში კარგი აკუსტიკაა და შესანიშნავი სიმღერები გამოდიოდა. 

– როგორ მიგიღეს ქართულ ესტრადაზე? 

– საქართველოში არის მუსიკალური საზოგადოება, რომელიც შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ჩემთვის მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ამ მუსიკალურმა საზოგადოებამ მიგიღო და გაღიარა, მაშინ აღარაფრის უნდა შეგეშინდეს. მეგობრობა და ურთიერთობა მაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ქართული მუსიკის ეპოქას ქმნიან. 

– თქვენს ცნობილ ჰიტში "მონატრებიხარ ფიქრებს" დათო არჩვაძემ თავისი განცდები გადმოსცა. თქვენთვის რას ნიშნავს მონატრება? 

– ამ სიმღერას ჩემთვისაც ის ემოცია მოაქვს, რაც ყველა მსმენელისთვის. არ შეიძლებოდა, დათოს განცდებით დაწერილი სიმღერა გულთან ახლოს არ მიმეტანა, თანაც მონატრება ყველა ადამიანისთვის ერთნაირია – გენატრება ის, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს. 

– თქვენ ვინ ან რა გენატრებათ ყველაზე მეტად? 

– როგორც მსახიობისთვის არსებობს როლში შესვლა, ჩემთვის ხანდახან სიმღერაც ასეა. ზოგჯერ შეიძლება ჩემს მონატრებას კონკრეტული ობიექტი არ ჰყავდეს, მაგრამ ეს სიმღერა ისეთი ემოციებით ვიმღერო, როგორც თავად ავტორმა დაწერა. 

– ხსენებულმა სიმღერამ თქვენ წარმოგაჩინათ, როგორც სოლო მომღერალი. რამდენად შესაძლებელია სოლო კარიერა გააგრძელოთ და "ალილო" დაიშალოს? 

– არა, "ალილოსთან" ერთად ძალიან კარგად და დაცულად ვგრძნობ თავს. როცა სოლოს ვმღერი, ობოლივით ვარ, ამიტომ "ალილოს" გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. გაზაფხულზე ჩემს სოლო კონცერტსაც ვგეგმავ, მაგრამ ისევ და ისევ ჩემი მეგობრებისა და "ალილოს" მონაწილეობით. იმის საფრთხე არ არსებობს, რომ კვარტეტი დაიშალოს. 

– თქვენს ამჟამინდელ სამსახურში, ციხეშიც პოპულარული ხართ, როგორც მომღერალი? 

– რა თქმა უნდა, იქაც ვგრძნობ დიდ სიყვარულს. საერთოდ, ბოლო დროს ციხეში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ბევრად ადამიანური ურთიერთობებია, ვიდრე ადრე იყო. პატიმრების პირობები რომ გაუმჯობესდა, ეს ადამიანურ ურთიერთობებზეც აისახა. 

– სიმღერის გარდა, რაიმე სერიოზული გატაცებები კიდევ გაქვთ ცხოვრებაში? 

– სხვა მისწრაფებებისთვის დრო არ მრჩება. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი მოგზაურობა ან სამსახურებრივია, ან მუსიკას უკავშირდება. 

– დიდ სცენაზე გამოსვლისას რაიმე კომპლექსის დაძლევა მოგიწიათ? 

– არა, როდესაც სუფრასთან გია ყანჩელი ზის, შენ მღერი და ის გისმენს, მერე უკვე სცენის შიში აღარ გაქვს. რა თქმა უნდა, დიდ სცენაზე სიმღერას ახლავს ნერვიულობა, მაგრამ ეს კომპლექსებში არასოდეს გადაზრდილა. ჩემი ნამღერი ხალხს რომ არ მოსწონდეს, სცენისკენ არ გავიხედავდი. არანაირი სხვაობა არ არის, სუფრასთან მეგობრების გარემოცვაში ვმღერი თუ კონცერტზე. ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებლობის გრძნობა ერთნაირი მაქვს. როცა სახლში მარტო ვარ და ვმღერი, მაშინაც იგივე განცდა მაქვს, როგორიც დიდ კონცერტზე. 

– სცენისგან განსხვავებით, სუფრასთან ღვინოც არის. ბახუსი გათამამებთ, როგორც მომღერალს? 

– არ მიყვარს, როცა სცენაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოდიან, სუფრაზე ერთი–ორი ჭიქის უფლება ყოველთვის აქვს ადამიანს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარ ვსვამ. გავიარე ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი ღვინის სმა მიწევდა. ხშირმა კონცერტებმა ჩემი ცხოვრების სტილიც შეცვალა. უკვე მეტად ვფიქრობ საკუთარ გარეგნობაზე, დიეტას ვიცავ, რადგან როცა სცენაზე ხარ, გარეგნობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩემი სიმღერიდან გამომდინარე, ყოველ საღამოს მიწევს ბანკეტებზე ყოფნა და რომ დავლიო, ეს არაფერში წამადგება. 

– როგორია თქვენი ეფექტური დიეტა? 

– ახალმა წელმა თავისი უარყოფითი კვალი დამაჩნია. 31 დეკემბერს 7 კონცერტი მქონდა, თუმცა შემდეგ მოვნახე დრო, რომ გემრიელად მომელხინა. ყველა ექიმმა იცის, რა არის ეფექტური იმისათვის, რომ კარგ ფორმაში იყო. უბრალოდ ამის გაკეთება ცოტა რთულია. ყველას ვურჩევ, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ არაფერი ჭამონ, მენიუდან ამოიღონ ცომეული და ტკბილეული და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ. უხერხულია, ჩემგან დიეტაზე საუბარი, რადგან ჯერ შედეგი არ მიმიღია, ამ წესს ვერ ვიცავ. ჩემთვის დატვირთული ცხოვრების გრაფიკი 6 საათის შემდეგ იწყება. 

– გვიამბეთ თქვენთვის ყველაზე ძვირფას ქალბატონებზე. 

– მყავს მეუღლე, თეა ახალაძე და ერთი ქალიშვილი – 16 წლის ანი, რომელმაც 9 წლიდან დაიწყო სიმღერა. ახლა გარდატეხის პერიოდი აქვს და არ მღერის. იმედი მაქვს, რომ მომავალში თავის სიტყვას იტყვის ქართულ ესტრადაზე. ანი ინგლისურენოვან სიმღერებს წერს. მისმა სიმღერებმა უცხოეთში მოწონება დაიმსახურა. თუ მას სიმღერის სურვილი არ ექნება, ხელს არ შევუწყობ, რომ მისგან მომღერალი გამოვიდეს. ძალიან დიდი შრომა სჭირდება იმას, რომ მსმენელამდე ისე მიხვიდე, როგორც საჭიროა. ხანდახან 18–19 საათი მიმუშავია, რომ სიმღერას ისეთი სახე მიეღო, როგორიც საჭირო იყო. ჩემი დაც ძალიან კარგად მღერის. 

ერთ ისტორიას მოგიყვებით: გოგი დოლიძეს კონცერტი ჰქონდა ბათუმში. მე მაშინ უკვე თბილისში ვიყავი გადმოსული. ჩემს დას, რომელიც მაშინ 15 წლის იყო, ძალიან უნდოდა, ამ კონცერტზე მოხვედრილიყო, მაგრამ ბილეთები ვერ იშოვა. მაშინ გოგის არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემმა დამ მაინც დამირეკა და მთხოვა, იქნებ თბილისში ბილეთები მიშოვოო. ვერაფერი მოვუხერხე. თურმე დამწუხრებული ზის სახლში. უეცრად კარი გაიღო და თვითონ გოგი დოლიძე მივიდა მასთან. თურმე გოგის ჩემი დის ჩანაწერი მოუსმენია და ჩავიდა თუ არა ბათუმში, მაშინვე მოძებნა და სთხოვა, კონცერტზე მასთან ერთად ემღერა. სცენაზე ჩემი დის დებიუტი ასე შედგა. 

– როგორია თქვენ სიყვარულის ისტორია? 

– როცა სიყვარული მოვიდა ჩემთან, მივხვდი, რომ უკეთესად ავმღერდი. როცა დავქორწინდი, 20 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე – 18–ის. ბათუმელები ვართ, მაგრამ ერთმანეთი თბილისში გავიცანით. რა თქმა უნდა, პირველი შთაბეჭდილება სიმღერით მოვახდინე. მე ყოველთვის მსუქანი ვიყავი, ჩემი მეუღლე კი ყოველთვის ტანადი და თანაც ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო. ერთხელ, როდესაც ერთ–ერთ მეგობარს ცოლი გავაცანი, სანამ გიტარას ავიღებდი ხელში, ჩემს მეუღლეს მიუბრუნდა და ხუმრობით უთხრა, ამას როგორ გაჰყევიო. სიმღერის შემდეგ კი მომიბრუნდა და მითხრა, ეს რამ მოგაყვანინა ცოლადო. ერთი შეხედვით, განსხვავებული წყვილი ვართ, მაგრამ ჩვენ შორის დიდი სიყვარულია. 

– საყვარელი ქალის გულის მოსაგებად ბრძოლა არ დაგჭირვებიათ? 

– ყველაფერი თანმიმდევრულად მოხდა. ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. მეუღლის გვერდში დგომა ძალიან მეხმარება. ჩემი ცოლი, და და შვილი ჩემი სიმღერების პირველი შემფასებლები და ყველაზე დიდი კრიტიკოსებიც არიან. 

– ჩართული ხართ ოჯახურ საქმეებში? 

– ოჯახი მთლიანად მეუღლეს გადავაბარე, ყოფით პრობლემებს მთლიანად ის აგვარებს. იმის დრო არ მაქვს, რომ სახლში დიდხანს ვიყო. ყველა მეზობელს არც კი ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ 4 წელია, ამ სახლში ვცხოვრობ. შეიძლება ითქვას, რომ არანორმალური ცხოვრების რიტმი მაქვს. ძალიან მინდა, დიდი დრო გავატარო სახლში. მენატრება ის დრო, როდესაც სამზარეულოში გემრიელ კერძებს ვაკეთებდი. თუმცა ცოლმა სამზარეულოდან გამომაგდო იმისათვის, რომ ძალიან "არაჰიგიენური" ვიყავი. გემრიელ საჭმელს კი ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერს ვამტვრევ, იატაკზე ვყრი. საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველთვის ვცდილობ, რომელი კერძიც მომეწონება, ვისწავლო. თუ რესტორანში ვარ და უცხო კერძი მომეწონა, თავს უფლებას ვაძლევ, შევიდე სამზარეულოში და უშუალოდ იქ ვნახო, როგორ კეთდება. ისეთი საწყალი სახით შევდივარ უცხო ქვეყნის რესტორნების სამზარეულოებში, რომ უარით არავინ მისტუმრებს. მზარეულს რეცეპტს ვართმევ და შემდეგ თბილისში ჩამოსვლისას აუცილებლად ვაკეთებ. სახლში ახალი კერძების პრეზენტაციებს ხშირად ვაწყობ. 

– სცენაზე ძალიან ტკბილ სიმღერებს მღერით, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გაბრაზებაც კი არ შეგიძლიათ. 

– გურული ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიცხი ვარ. ყველაზე კარგი თვისება ის მაქვს, რომ სიბრაზე ერთ წუთში გამდის და ყველაფერი მავიწყდება. როცა ვბრაზობ, ყველაფერს ვამბობ, გულში არაფერს ვიტოვებ და მერე კარგ ხასიათზე ადვილად ვდგები. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1416 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები