თომას მორი სიკვდილს იუმორით შეხვდა - 10 თებერვალში 2011 - www.ucoz.com
ხუთშაბათი, 08.12.2016, 21:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » თომას მორი სიკვდილს იუმორით შეხვდა
15:00
თომას მორი სიკვდილს იუმორით შეხვდა
თომას მორითომას მორი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელსაც სიკვდილის წუთებშიც კი იუმორის გრძნობამ არ უღალატა. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტის შესახებ გვესაუბრება იურისტი სოლომონ თეზელაშვილი 



სოლომონ თეზელაშვილი: 

– ინგლისელი მოაზროვნე, მწერალი, მოგვიანებით წამებულად აღიარებული თომას მორი (1478–1535) დაიბადა შეძლებული ლონდონელი იურისტის ოჯახში. მამამისი, ჯონ მორი, სამეფო სასამართლოს წევრი იყო. მორის ოჯახი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პატიოსანი გვარის იყო. იგი დაიბადა ედუარდ |V–ის მეფობის მე–17 წელს, 1478 წლის 7 თებერვალს, მირქმის დღესასწაულის დღეს. განათლება მიიღო წმინდა ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში, რომელიც ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ ინგლისში. იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, 12–14 წლის ვაჟებს პაჟებად გზავნიდნენ რომელიმე დიდებულის ოჯახში. ჯონ მორმა თავისი ვაჟი მიაბარა ლამშერტის სასახლეში კენტერბერის არქიეპისკოპოსს, ხოლო შემდგომ კარდინალ ჯონ მორტონს. მოგვიანებით, მისი რჩევითა და რეკომენდაციით, მორი ოქსფორდის უნივერსიტეტში შევიდა. 

– თომას მორს მეფეები არ სწყალობდნენ. რა იყო ამის მიზეზი? 

– 1504 წელს, როცა მორი მხოლოდ 27 წლის იყო, პარლამენტში თემთა პალატის წევრად აირჩიეს. ეს ჰენრი V||–ის მეფობის პერიოდში უკანასკნელი პარლამენტი იყო. იმავე წელს მეფემ თემთა პალატისგან მოითხოვა ახალი სუბსიდია 38 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მისი უფროსი ძის, უელსის პრინც არტურის რაინდად კურთხევისა და ასულ მარგარიტას გათხოვებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. ამ უკანონო მოთხოვნას თომას მორი აღუდგა. იგი დეპუტატთა წინაშე გამოვიდა და იმდენად გაბედულად და დამაჯერებლად უარყო მეფის მოთხოვნა, რომ თემთა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი. მეფემ შური იძია თომას მორის მამაზე, მცირე ხნით ჩასვა ტაუერის ციხეში და ასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა. 

– თომას მორის უტოპიური გატაცების შესახებ რას გვეტყვით? ვგულისხმობ მის თხზულებას იდეალური სახელმწიფოს მოწყობის შესახებ. 

– 1516 წელს გამოიცა თომას მორის "უტოპია", ასეთი სათაურით: "უთვალსაჩინოესი და ენამზეობით გამორჩეული ვაჟკაცის, ლონდონის სახელოვანი მოქალაქის თომას მორის წიგნი სახელმწიფოს საუკეთესო წყობილებისა და ახალი კუნძულის – უტოპიის თაობაზე". ამ თხზულებაში ის აღწერდა იდეალურ, მაგრამ არარსებულ კუნძულს, სახელად უტოპიას, სადაც კერძო საკუთრება არ არსებობდა და ყველა მშრომელი ადამიანი თანაბარი იყო. აქვე თომას მორი გმობდა ფულით გატაცებას, როგორც სიხარბისა და ფუფუნებისკენ სწრაფვის წყაროს. 1523 წელს ამჯერად ახალი მეფის – ჰენრი V||| თანხმობით, თომას მორი აირჩიეს თემთა პალატის სპიკერად ანუ თავმჯდომარედ. 1525 წელს თომას მორმა ლენქასტერის საჰერცოგოს კანცლერის მაღალი პოსტი დაიკავა, ამასთან, იგი მონაწილეობდა მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებში. 1529 წელს კარდინალ უოლსის ჩამოგდების შემდეგ მორი ინგლისის ლორდ–კანცლერი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ინგლისში ეს პოსტი დაიკავა დაბალი წრის წარმომადგენელმა. ამის გამო მორი სულაც არ გამოხატავდა აღფრთოვანებას და ტრადიციულ გამოსვლაში ასეთი სიტყვა წარმოსთქვა: "მე ვფიქრობ, რომ ეს სავარძელი აღსავსეა შრომითა და საფრთხით და არა პატივით. რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით უფრო მეტია ვარდნის სიმძიმე". მართლაც, მეფე და მორი შეეჯახნენ ერთმანეთს, ანუ ძალა და სიმართლე. ამ შემთხვევაში, ძალამ თომას მორი ფიზიკურად გაანადგურა, ხოლო სიმართლემ ამ გარეგნული დამარცხებით მას კიდევ უფრო მეტი სულიერება და დიდება შესძინა. 

– მეფე ჰენრიხ V|||–ის სახელს უკავშირდება თომას მორის როგორც აღზევება, ისე – დაცემა და საბოლოოდ, სიკვდილი. რატომ შეიძულა მეფემ ინგლისელი მოაზროვნე? 

– ჰენრიხ V|||–მ საეკლესიო რეფორმის გატარება და ეკლესიის სათავეში მოქცევა გადაწყვიტა, რითაც მას კათოლიკური ეკლესიის სიმდიდრის დაპატრონება სურდა. მის ამ განზრახვას კათოლიციზმისა და პაპის ერთგული თომას მორი არ დაემორჩილა, ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად მეფე ჰენრი არ აღიარა და ლორდ–კანცლერის პოსტი დატოვა. 

– თუმცა, მეფე ჰენრიხმა არც ის აპატია თომას მორს, რომ მორმა, როგორც ადვოკატმა, მეფეს პირველ ცოლთან განქორწინების საქმეში მხარი არ დაუჭირა. 

– პაპთან მეფის უთანხმოების საბაბად იქცა მეფის განქორწინების ამბავი. მეფეს სურდა, გაჰყროდა თავის პირველ ცოლს, ეკატერინე არაგონელს და დედოფლის ლამაზი სეფე–ქალი ანა ბოლეინი შეერთო ცოლად. მეფეს სჭირდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა თავისი კანცლერისგან, თუმცა ეს თომას მორისგან ვერ მიიღო. მორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო რეპრესიები. მას სახელმწიფო ღალატსა და კენტერბერის მონაზვნის, ელისაბედ ბარტონის, მხარდაჭერაში დასდეს ბრალი, რომელმაც მეფეს დაღუპვა უწინასწარმეტყველა ანა ბოლეინზე დაქორწინების შემთხვევაში. 1534 წლის 17 აპრილს მორი ჩასვეს ტაუერის ციხეში, ჩამოართვეს ნაბოძები მიწები და მისი ოჯახი უსახლკაროდ დატოვეს. დაიწყო მისი ხანგრძლივი სასამართლო პროცესი. 

1535 წლის 6 ივლისს დილაადრიანად ტაუერში მივიდა მისი მეგობარი თომას პაპი, რომელმაც აუწყა, რომ დასჯიდნენ დილის 9 საათზე, ოღონდ არა იმგვარად, როგორც პირვანდელი განაჩენით გადაუწყვიტეს, არამედ მას თავს მოკვეთდნენ. თავდაპირველი განაჩენით იგი უნდა ჩამოეკიდათ სახრჩობელაზე, სანამ სანახევროდ არ მოკვდებოდა, შემდეგ გადაჭრიდნენ თოკს, გაფატრავდნენ, მის სხეულის ნაწილებს დაკიდებდნენ ქალაქის კარიბჭეზე, თავს კი – ლონდონის ხიდზე. ასეთი იყო იმდროინდელი ინგლისი. განაჩენის შეცვლით გამოწვეული "შეწყალების" გამო თომას მორმა ასე წამოიძახა: "ღმერთო, შენ დაიფარე ჩემი მეგობრები ასეთი შეწყალებისგან". თომას მორს აუკრძალეს სიკვდილის წინ ხალხისთვის მიმართვა, რათა არ გამჟღავნებულიყო მისი სიკვდილით დასჯის ნამდვილი მიზეზი. 

გამოჩენილ ადამიანთა სიკვდილით დასჯის შესახებ არსებული მასალების მიხედვით, არსად გვხვდება იმდენი ხუმრობა, რამდენიც თომას მორის შემთხვევაში. როდესაც ეშაფოტზე ადიოდა, მედილეგეს უთხრა: "დამეხმარეთ ასვლაში, ჩამოსვლას კი თვითონ შევეცდები". შემდეგ წარმოთქვა მცირე ლოცვა და ჯალათი გაამხნევა: "ცოცხლად, მეგობარო! ნუ გეშინია შენი მოვალეობისა, კისერი მოკლე მაქვს, კარგად დაუმიზნე, რომ არ შერცხვე". უკანასკნელი სიტყვებით კვლავ იხუმრა, – "ცოტა დამაცადე, წვერი გადავიწიო, მას ხომ ბრალი არ მიუძღვის სახელმწიფოს ღალატში". 

– თომას მორსა და ერაზმ როტერდამელს ახლო მეგობრობა აკავშირებდათ. თომას მორის სახლში დაწერა ერაზმმა თავისი ცნობილი ნაწარმოები "ქებათა–ქება სისულელეს" და იგი სწორედ თომას მორს მიუძღვნა. 

– დიახ. თომას მორის სიკვდილმა ევროპაში დიდი გამოძახილი გამოიწვია. ინგლისის მთავრობას თავის გასამართლებლად ახსნა–განმარტებების დაგზავნა მოუწია უცხოეთის სამეფო სასახლეებში. თომას მორზე ბევრი ითქვა და დაიწერა, რომელთაგან აღსანიშნავია ერაზმ როტერდამელის მოსაზრება: "თომას მორი... მისი სული იყო თოვლზე უთეთრესი და უსპეტაკესი და იყო ისეთი გენია, რომლის მსგავსს ინგლისი ვეღარ წარმოშობს, თუმცა მას შემდგომშიც ბევრი ეყოლება დიადი ადამიანები". 

მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ თომას მორი წმინდანად შერაცხა. 
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 276 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები