კვირა, 28.04.2024, 17:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ნოდარ კალისტრატეს ძე გაბუნია-ქართველი კომპიზიტორი, პიანისტი და პედაგოგი.
11:40
ნოდარ კალისტრატეს ძე გაბუნია-ქართველი კომპიზიტორი, პიანისტი და პედაგოგი.

საერთაშორისო კონკურსების ტრადიციად იქცა პროგრამაში ერთი სავალდებულო ნაწარმოების ჩასმა, რაც შესაძლებლობას აძლევს ჟიურის, შეაფასოს თანაბარ პირობებში ჩაყენებული შემსრულებლები.

პიანისტთა თბილისის IV საერთაშორისო კონკურსის II ტურის სავალდებულო ნაწარმოების სახით ნოდარ გაბუნიას 1962 წელს შექმნილი "იმპროვიზაცია და ტოკატა" შეირჩა. ნომინაციაში - "ქართველი კომპოზიტორის სავალდებულო საკონკურსო ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის" - პრემია გაიცემა ცალ-ცალკე, უცხოელი (ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული კონკურსის მიერ) და ქართველის პიანისტებისათვი (კორპორაცია BAGEBEY CITY GROUP-ის მიერ).

"ნოდარ გაბუნია საოცრად ნიჭიერი კომპოზიტორია, რომლიც მხოლოდ ახლა იმკვიდრებს მისთვის განკუთვნილ ადგილს. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი მუსიკის დრო დადგა" - აღნიშნა თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა, მუსიკისმცოდნემ ლიდია გოგუამ. ნაწარმოებში იგრძნობა, როგორ გაარღვია მუსიკამ საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩამოფარებული კულტურული "რკინის ფარდა" გასული საუკუნის 60-იან წლებში. ქართული რიტმებისა და ინტონაციების მიღმა იგრძნობა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი კომპოზიტორი უკვე იცნობდა მის თანამედროვე დასავლურ მუსიკალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, რაც "იმპროვიზაციასა და ტოკატას" იმავე პერიოდში შექმნილ სხვა ქართულ საფორტეპიანო ნაწარმოებებს შორის განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს. შექმნიდან 47 წლის შემდეგაც კი ნაწარმოები საკმაოდ თანამედროვედ ჟღერს, განსაკუთრებით თანამედროვე მუსიკით ნაკლებად განებივრებული თბილისელი მსმენელისთვის.

3 დღის განმავლობაში "იმპროვიზაცია და ტოკატა" თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ოცდახუთჯერ შესრულდა. ოცდახუთივე ინტერპრეტაცია ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული კონკურსის დამაარსებელმა და დირექტორმა, ვალერიან შიუკაშვილმა მოისმინა: "სასიხარულოა, რომ წლევანდელ კონკურსზე სავალდებულო ნაწარმოებად შეირჩა სწორედ ნოდარ გაბუნიას "იმპროვიზაცია და ტოკატა". თავის დროზე პიანისტთა თბილისის I საერთაშორისო კონკურსზე (1997) მე დამაჯილდოვეს პრიზით რევაზ ლაღიძის რონდო-ტოკატის საუკეთესო შესრულებისათვის და მოხარული ვარ, რომ დღეს თავად შემიძლია პრიზის გადაცემა ანალოგიურ ნომინაციაში. ამასთან, სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს დიდი მაესტროს მიმართ, რადგან ბედნიერება მქონდა ვყოფილიყავი მისი ერთ-ერთი მოწაფე და დავსწრებოდი თავის კლასთან ამ ნაწარმოებზე მუშაობის პროცესს. მიმაჩნია, რომ კონკურსანტთა უმეტესობა ჩაწვდა მის მხატვრულ ჩანაფიქრს. ცხადია, გამოიკვეთა პირადად ჩემთვის ფავორიტი, რომლის დასახელებისგანაც თავს შევიკავებ და ვიმედოვნებ, რომ ჩემი და ჟიურის მოსაზრება დაემთხვევა ერთმანეთს". იქიდან გამომდინარე, რომ ვალერიანმა საკუთარი ფავორიტი არ გაგვიმხილა, II ტურის ნებისმიერი მონაწილე შეიძლება ჩაითვალოს პრიზის სავარაუდო მფლობელად. ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე მათგანს: "გაბუნიას საფორტეპიანო ნაწარმოები ძალიან ორიგინალურია და ამავე დროს საოცრად რთული, როგორც ტექნიკურად, ისე მხატვრული თვალსაზრისით. დიდი ხანი ვფიქრობდი მის იდეურ-მხატვრულ ჩანაფიქრზე, რაც განსაკუთრებულად საინტერესოს ხდიდა მასზე მუშაობის პროცესს" - აღნიშნა პერუელმა კონკურსანტმა კლაუდიო კონსტანტინიმ. "ნაწარმოებზე მუშაობისას უზარმაზარი სიამოვნება მივიღე. საკმარისი არ არის შეასრულოთ გაბუნიას საფორტეპიანო ქმნილება ტექნიკურად უზადოდ, სუფთად და ამავე დროს ტემპში; აუცილებელია, რომ ტექნიკური საშუალებები მხატვრულ ჩანაფიქრს დაუქვემდებაროთ. ბედნიერი ვიქნები თუ ეს მოვახერხე" - გაგვიმხილა უკრაინელმა კონკურსანტმა ტიმურ გასრატოვმა. ქართველმა პიანისტმა ნინო ბაქრაძემ კი კომპოზიტორს ასეთი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა: "ნაწარმოები მოითხოვს მრავალფეროვან ბგერით პალიტრას, ინსტრუმენტის ფლობას, დახვეწილ ნიუანსირებას და ძლიერ ემოციურ მუხტს, რაც მხატვრული სახის შექმნაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "იმპროვიზაცია და ტოკატა" კომპოზიტორის გულუხვი საჩუქარია ყველა შემსრულებლისთვის".

ნოდარ გაბუნიას ნაწარმოები მსმენელმაც საჩუქრად აღიქვა. სხვადასხვა ეპოქის მუსიკალური შედევრების ფონზე ნაცნობი ინტონაციების მოსმენისას ჩნდებოდა მსოფლიო მუსიკასთან თანაზიარების შეგრძნება. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ეს შეგრძნება, როდესაც ამ ქართულ ინტონაციებს საოცრად ბუნებრივად და ორგანულად უცხოელი შემსრულებლები ასრულებდნენ. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, მსმენელთა განსაკუთრებული სიმპატია ტიმურ გასრატოვმა (უკრაინა), ანა ღლიღვაშვილმა და ვახტანგ ჟორდანიამ (საქართველო) დაიმსახურეს.

იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურსანტთა უმრავლესობა მიიღებს ნოდარ გაბუნიასა და თბილისის კონკურსის მიერ მათთვის გაკეთებულ საჩუქარს და ააჟღერებს მას მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა დარბაზში. მით უმეტეს, რომ ეს მუსიკა ამას იმსახურებს.

ნოდარ კალისტრატეს ძე გაბუნია (დ. 9 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 2000), ქართველი კომპიზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის ქართული მუსიკალური ასპარეზის წამყვან ძალას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ოციოდე წლის ასაკში მან დიმიტრი შოსტაკოვიჩის მაღალი შეფასება დაიმსახურა, რომელმაც გაბუნია თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს მუსიკოსად შეაფასა. მოსკოვის კონსერვატორიის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ, სადაც საფორტეპიანო ხელოვნებას ალექსანდრე გოლდენვეიზერი, ხოლო საკომპოზიციო ოსტატობას არამ ხაჩატურიანი აზიარებდა, იგი თბილისში ბრუნდება და სათავეში უდგება თბილისის სახელწიფო კონსერვატორის საფორთეპიანო კათედრას. 1983 წელს გაბუნია კონსერვატორიის რექტორი ხდება და ამ თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. სახელოვანი კარიერის განმავლობაში ნოდარ გაბუნიამ თანაბარი აღიარება მოიპოვა როგორც პიანისტმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა.

იგი ბევრი ქართველი პიანისტის პედაგოგი იყო. საზოგადოება ყოველთვის მოუთმენლად ელოდა ნოდარ გაბუნიას კლასის კონცერტებს, რომლებიც ქვეყნის კულტურული ცხოვრების ნამდვილ მოვლენად იქცა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1326 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები