კვირა, 28.04.2024, 14:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » გიორგი ლეონიძე – ბიოგრაფია.
12:16
გიორგი ლეონიძე – ბიოგრაფია.

ორგი ლეონიძე (1899-1966)

ქართული პოეზიის ბერმუხა გიორგი (გოგლა) ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს სოფელ პატარძეულში, სახალხო მასწავლებლის ოჯახში. პოეტის მამას უსწავლია გორის საოსტატო სემინარიაში ვაჟა-ფშაველასთან ერთად, რომელთანაც ახლო მეგობრობაც ჰქონია. დედას ჩაუნერგავს პოეტის გულში ქართული მწერლობისა და საქართველოს ისტორიის სიყვარული. დედის წყალობით ექვსი წლის გიორგი უკვე დამოუკიდებლად უკითხავდა წიგნებს თანატოლებს.
«ნინოწმინდა პალატები მეფეთა, გალავანი-ჯამი აქაფებული»- ამბობს ერთგან პოეტი და ჩანს, როგორ ეამაყება ისტორიულ სოფელს რომ უკავშირდება მისი წარმომავლობა დედის მხრივ. სოფელი პატარძეული ივრის სანაპიროთი კი ყრმობას მარადჭაბუკს ხდის.
თბილისში გიორგი 1907 წელს ჩამოვიდა; ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი სემინარიაში სწავლობდა, 1919 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.
გოგლამ ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო. რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართული ლექსის მუსიკასო,-იგონებდა პოეტი და დასძენდა,-ივრის წნორებს ვუკითხავდი ჩემს პირველ ლექსებო. პირველი ლექსი „მცხეთა" ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზეთ „სინათლე"). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ „განათლებაში") გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი" (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება", № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს", რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა" გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი", 1919; „მზე ტაბასტა", 1922; „ავტოპორტრეტი" და სხვა წერილები და ნარკვევები). 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები". 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა" ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს" რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ ჩამოაშორა ესთეტიზმს.

ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე", „სიმღერა პირველი თოვლისა", 1926; „მყვირალობა", „ყივჩაღის პაემანი", „ყივჩაღის რამე", 1928; „ოლე", 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი „ქართლის ცხოვრება" პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ნათელი ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება"», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე"», „წინაპრებს", 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას"», 1929; „დიდ თამარს", „დავით აღმაშენებელს", 1941 და სხვა). ლეონიძის ღრმა პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი პროგრამაა ჩამოყალიბებული ლექსში „ვუმღერ სამშობლოს", პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული" სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რომლის საწინდარია ლექსისა და მისი წარმომშობი ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია"). საქართველოს მიუძღვნა ლექსთა ციკლი „თბილისის განთიადები" („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა", 1926; „თბილისის განთიადი", 1935; „თბილისი, ჩვენო თბილისო", 1940; „თბილისს", 1947 და სხვა).

პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია", 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?", 1943; „არ დაიდარდო, დედაო", 1944 და სხვა). ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.

ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი" (1960) და „ფორთოხალა" (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის" თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა" ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა" (1933, სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა" (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი" (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.

ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ" (1962, იმავე სახელწოდების ფილმი – 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.

გიორგი ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. გ. ლეონიძემ 1931 წელს მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარა ქართველ მწერალთა მუზეუმს, რომელიც შემდგოში საქართველოს
სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში.
გ.ლეონიძე საკუთარი სახსრებით სცემს ლიტერატურულ კრებულს ,,საფირონს,” მონაწილეობს ჟურნალების ,,გრდემლის” და ,,დროშის” დაარსებაში, მისი ინიციატივით გამოდიოდა ლიტერატურული გაზეთი ,,ბახტრიონი”, ალმანახი ,,ლიტერატურული მემკვიდრეობა”. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის" რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს, 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. იყო მშვიდობის დაცვის საბჭოთა კომიტეტის წევრი. კომიტეტის სახელით გიორგი ლეონიძემ 1958 წელს ბუქარესტში გააკეთა მოხსენება ქართულ_რუმინულ კულტურათა ურთიერთობაზე. აქვე წაიკითხა ვრცელი მოხსენება ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუმინეთის საზოგადოებრიობაზე. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის ამსახველი მასალები რუმინეთის სასკოლო სახელმძღვანელოში შეიტანეს.
ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი „ჭაშნილი" (1920), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა" (1928), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი" (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ.
1944 წელს გ. ლეონიძე აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებეთა აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 1959 წელს ქართული პოეზიის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდება. ლეონიძე იყო სახელმწიფო პრემიის სამგზის ლაურეატი.
გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს თბილისის მახლობლად, წყნეთში.
14 აგვისტოს მთაწმინდის პანთეონში, რეპროდუქტორიდან გოგლას ომახიანი ხმა ისმოდა _ ცოცხალი გიორგი ლეონიძე განსვენებულ გიორგი ლიონიძეს საკუთარი ლექსებით მიაცილებდა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 8341 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.7/9
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები