კვირა, 28.04.2024, 01:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ექსანდრე ყაზბეგი – Alexander Kazbegi (1848-1893).
12:34
ექსანდრე ყაზბეგი – Alexander Kazbegi (1848-1893).

ყაზბეგიანთ წინაპრები ჩოფიკაშვილები ყოფილან. ალექსანდრეს პაპა, გაბრიელი მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში სტეფანწმიდის მოურავი იყო, საქართველოში რუსული მართვა-გამგეობის დამკვიდრების საქმეში დამსახურების გამო, გაბრიელმა მაიორობა მიიღო და მასვე ებოძა აზნაურობა. იგი ხევის გამგებლადაც დაუნიშნავთ.

გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ მამის თანამდებობა მიხეილმა, მისმა უფროსმა ვაჟმა დაიკავა. გადმოცემით,ის მეტად რთული ბუნების კაცი ყოფილა, სიმკაცრითა და ახირებულობით გამოირჩეოდა. მიხეილს ცოლად საგინაშვილის ქალი შეურთავს, მაგრამ მალე დაქვრივებულა. მეორედ თარხნიშვილის ქალზედაუწერია ჯვარი

,,როცა საგინაანთ ქალი გარდაიცვალა უშვილოდ, ბიძა-ჩვენმა მიხეილმა შეირთო თარხნიშვილის

ქალი, თუმანიანთ ქვრივი, რომელსაც ჰყავდა სამი ქალი პირველი ქმრისაგან,”

იგონებს სოფიო თარხნიშვილი. ალექსანდრეს დედა ელისაბედი, კეკე როგორც შინაურებში იწოდებოდა, კულტურული, ქართული მწერლობის მოტრფიალე და ოჯახის მოსიყვარულე დედა ყოფილა. ალექსანდრე მშობლების ერთადერთი ვაჟიშვილი იყო, იგი 1848წ. 8./20იანვარს დაბადებულა.

პატარა ალექსანდრე არაჩვეულებრივ ფუფუნებაში იზრდებოდა. მასზე ერთდროულად ორი ძიძა და რამდენიმე გამზრდელი ზრუნავდა. ელისაბედ ყაზბეგი იგონებს: ,,ჩვენი ბიძა-ძალუის მისწრაფება სანდროს სწავლა-განათლებაზე სხვადასხვანაირი იყო . ბიძაჩემს გაგიჟებით უყვარდა თავისი შვილი,და ამას მხოლოდ იმითი ამტკიცებდა, ანებივრებდა და მეტად რყვნიდა თავის ერთადერთ მემკვიდრეს, თითქმის აღმერთებდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემმა ალექსანდრემ ოღონდ იცოცხლოს და თუნდაც სულაც ნურას ისწავლისო. რაც უნდა ის ქნას, როგორც ესიამოვნება ისე იცხოვროს.”

,,ძალუა კეკეს შეხედულება ამ საგანზე სულ სხვა იყო . იმას ძალიან უნდოდა , რომ ალექსანდრე ფრიად განათლებული კაცი გამოსულიყო, ყველაფერი კარგათა და ზედმიწევნითა სცოდნოდა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე უკეთესი ისა ყოფილიყო.”

ბავშვობაში სანდრო ცელქი და მოუსვენარი ბიჭი ყოფილა.ხშირად თანატოლებთან უსიამოვნებაც მოდიოდა. რისთვისაც დედას მოჩხუბარიძე დაურქმევია. სანდროს ეს სახელი ძალიან მოწონებია და სიამოვნებით გამოუცხადებია: "ჰო, მოჩხუბარიძე მქვია და აკაკიასაც მეძახიან. ასე მესიამოვნება!”

ალექსანდრე მოგვიანებით იხსენებდა , რომ მასზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა ხალხის ცხოვრებიდან ამოღებული პატარა ამბები და ზღაპრები, რომელსაც მეტწილად საყვარელი გამზრდელი უამბობდა.

,,შემიძლიან სიამაყით გითხრა, შენს გაზრდილში თუ იპოვება რაიმე რიგიანი , ბავშვობიდანვე ჩანერგილი, ამის მიზეზი შენა ხარ, რომლისთვისაც გმადლობს წარმოუთქმელად შენი აკაკი მოჩხუბარიძე,”–ვკითხულობთ მწერლის ერთ—ერთ პირად წერილში. მწერლის თანამედროვენი იგონებენ, რომ პატარა ალექსანდრე ძნელად ეგუებოდა გადაჭარბებულ ფუფუნებას. იგი ხშირად გარბოდა სახლიდან და დროს სოფლის ბიჭებთან ატარებდა. ,,მდაბალი ხალხი იმ თავითვე, ბავშვობიდანვე, უყვარდა,სული ბიჭებში მიუდიოდა და ვგონებ, მიზეზიც იგივე იყო,რომ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ,დიდი ხნით ცხვრის სამწყემსურში გადავიდა…”_წერდა აკ. წერეთელი.

პატარა ალექსანდრეს შინაური მასწავლებლები ადრეულ ასაკში მიუჩინეს. იგი 11-12 წლის ფრანგულ და რუსულ ენებს ფლობდა. ალექსანდრე სწავლისადმი დიდ ინტერესს არ ამჟღავნებდა. მოწაფეობის პერიოდიდან ერთი საინტერესო მოვლენა განსაკუთრებით საყურადღებოა 1861წ. ჟურნალ "ცისკარში” დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი, რომელიც ახალდაბადებულ ნათესავ ბავშვს უძღვნა.

,, ნანა მიხეილ გიორგის ძე ყაზბეგზე "

,,ნანა,ჩემო მიხაკო , ედემისა იაო,

დღეგრძელობით აღივსე ჩემო პაწაწინაო!

მსურს გიხილო მღვიძარე , ჩემ საამოდ მცინარე,

მეც წაგიწევ კაკანას, თუ დედა გყავს მძინარე.

საყვარელო მიხაკო,გულით მსურს რომ იხარო,

აღორძინდე, გამრავლდე და მეც ამით გამახარო.

შენ ხარ ჩვილათ ხმობილი, სტეფანწმინდას შობილი,

ანგელოზთა დასთაგან ჩვენთან გადმოფრენილი.

ალექსანდრემ აღმოვთქვი ესე შენი ქებანი,

ამაზედ უმჯობესი არა მაქვს შეძლებანი

თორმეტი წლის ყმაწვილმა ესე ნანა მოგიძღვენ,

თუ ღმერთი შემეწევა, უკეთესსა მოისმენ”

ლექსში იგრძნობა ყმაწვილი კაცის შინაგანი განცდა, პატარას დაბადებით გამოწვეული სიხარული, პირადადამიანური განცდების პოეტური სრულყოფით ჩამოყალიბება. დავით კარიჭაშვილის ცნობით, პატარა ალექსანდრე მშობლებს ჰაკეს პანსეონში გადაუყვანიათ 1862 წელს. 1863წელს იგი თბილისის გიმნაზიაში აგრძელებს სწავლას, როგორც მესამე კლასის მოსწავლე. 1865წლიდან მშობლები ალექსანდრეს სასწავლებელში აღარ გზავნიან . დიდთოვლობის გამო ოჯახმა ხევიდან თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

ძალიან განიცდიდა თურმე პატარა ალექსანდრე სწავლას რომ მოწყდა, მაგრამ იძულებული გახდა ბედს შერიგებოდა. ერთი წლის შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს სასწავლებელში აღედგინათ ,მაგრამ, ჩანს, ეს შეუძლებელი გახდა.

,,ჩემი შიში, რომ არ დაგეგვიანებინეთ გიმნაზიაში და წადილი ისეთი ძლიერი იყო, რომ შინიდან ჩემოდან აკიდებული, ქვეითი გამოგექეცით, ცივ ყინვაში. თქვენ გამოაგზავნეთ კაცები, დამიჭირეთ, მიმათრივეთ და მკაცრს მოქცევის შემდეგ, იანვრამდის დამაგდეთ, რა გამოვიდა იქიდან? გამომრიცხეს გიმნაზიიდან და როდესაც ისევ მინდოდა შესვლა, მაშინ ეგზამენია მომთხოვეს იმაში, რაც გაევლოთ ჩემს ამხანაგებს ჩემს იქ უყოფნელობაში. ეს აშკარა იყო, რომ 8 თვე ნადირობაში და უსაქმო გატარების შემდეგ ყოვლად შეუძლებელი იყო ეგზამენიის დაჭერა. ამას დაემატა მამაჩემის ავადმყოფობა , როდესაც წადილი იმ სურვილად გადაექცა , რომ გვერდიდან აღარ მოვშორებოდი . ასე რომ არამც თუ თქვენი მიზეზით სწავლა დავკარგე, ისიც კი აღარ იფიქრეთ, რომ სხვა რომელსამე გზაზე დაგეყენებინეთ”,- ასე საყვედურობდა თურმე მწერალი მშობლებს.

1866 წელს ალექსანდრე ყაზბეგს მამა გარდაეცვალა . ამ დროს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა. მამის გარდაცვალება ალექსანდრეს ძალიან განუცდია. აი, რას ვკითხულობთ მწერლის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში.

,, უბედურება მოჰყვა უბედურებას და შუა ზაფხულში გარდაიცვალა მამა ჩემი! გარდაიცვალა იმ დროს, როდესაც შინ ერთი გროში არა გვქონდა, გარდა იმ ათის თუმნისა, რომელიც მე ჩავუტანე იმ უბედურს სიკვდილის წინა დღით და რომელიც იყო ნაყოფი პირველი ჩემის ოფლისა.”

მთელი ხევი შეყრილა მიხეილის დაკრძალვაზე. სესხად აღებული ფულიდან 1350 მანეთი მიცვალებულს მოხმარდა. ოჯახისთვის მოვლა—პატრონობა ახლა ალექსანდრეს უნდა გაეწია, ისე კი უმაღლესი განათლების მიღებაზე

ოცნებობდა. დედა ცდილობდა სასწრაფოდ დაექორწინებინა შვილი.

მწერალი იგონებს: ,,ეს მოხდა გაზაფხულზედ, როდესაც დედიჩემის ძმის წიგნი მომივიდა, რომ იმასა ვწვეოდი ცოტას ხნით ქართლში. ჩემი იქ წასვლა დედიჩემის სურვილიც იყო, რადგანაც იმას უნდოდა, რომ უეჭველად ცოლი შემერთო. როგორც თქვენ მოგეხსენებათ, მამაჩემს დიდი სიმდიდრისა ხმა ჰქონდა დავარდნილი და ამის გამოისობით მდიდარ სანატრელს საცოლედ მიყურებდნენ ქართლში, სადაც მე მივედი ჩქარა ბიძაჩემის დაპატიჟების შემდეგ.”

ბიძის ოჯახში ალექსანდრეს წინასწარ შერჩეული ქალი გააცნეს და დაჟინებით მოთხოვეს მისი ცოლად შერთვა. მეორე დილით მხლებელ ბიჭთან ერთად მასპინძლის ოჯახიდან გაპარულა ალექსანდრე და საბოლოოდ გადაუწყვეტია რუსეთში წასვლა.
18 წლის ახალგაზრდა ალექსანდრე ყაზბეგი უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გაემგზავრება. მოსკოვში მწერალს მატერიალურად მეტად შეზღუდულ პირობებში უხდებოდა ცხოვრება. იგი სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა. სწავლას შეუდგა მთელი მონდომებით.

,, ქვეყანაზედ აღარაფერზედ, ვფიქრობ, გარდა ჩემს სწავლაზედ”,- წერდა იგი დედას. სასწავლებელი მომავალი მწერლის მისწრაფებას მაინც და მაინც ვერ აკმაყოფილებდა.სწორედ ამის გამო პეტერბურგს გამგზავრებულა სხვა სასწავლებელში შესასვლელად, მაგრამ ვერ მოუხერხებია სურვილის განხორციელება და ისევ უკან დაბრუნებულა.

,,პეტერგოფი არის ერთი ისეთი ქალაქი, რომელშიაც კაცი გაშტერებას მიეცემა ხელოვნებაზედ…”- აღფრთოვანებას ვერ ფარავს ახალგაზრდა ალექსანდრე. სულ რამდენიმე დღე დარჩა მწერალი პეტრეს ქალაქში და საგულდაგულოდ დაათვალიერა ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი. ალექსანდრე ბრუნდება მოსკოვში და ხელმოკლედ ცხოვრობს.ფულს ვერ აწვდიდნენ ოჯახიდან, წერილებში დედა თხოვდა ,,ნაკლებ ხარჯვას.” ყაზბეგი კი თავს იმართლებდა და არწმუნებდა მშობელ დედას, რომ მეტი მომჭირნეობა , უბრალოდ, შეუძლებელი იყო. …,, ოცდახუთი მანეთი სადილი და ოთახი, ხუთი მანეთი ჩაი და შაქარი, სამი მანეთისა სანთლები, თვეში ორი მანეთი წაღებისათვის უნდა გადაიდოს, ერთი თუმანი წიგნები. დარჩა ხუთი მანეთი.ეგეც ან ბულკს იყიდი,ან რძესა. აბა რაღა რჩება ერთი მითხარი? "- ვკითხულობთ მის ერთ პირად წერილში. ალექსანდრე მოსკოვში ყოფნის დროს წერს სტუდენტების სასიმღერო ლექსს, რომლიდანაც პირდაპირ ისმის მშობლიური ქვეყნისა და ხალხისადმი თავდადებული ადამიანის ხმა.

ახალგაზრდა მწერალი დამაჯერებლად ამბობს, რომ კარგი სტუდენტი ის არის , ვინც ჩაგრულს გამოადგება, ვინცთავის მწუხარებაში სხვის წუხილსაც გაიგებს, ვინც მშრომელ გლეხში თავის ძმას დაინახავს და მასზე გულწრფელად იზრუნებს. ალექსანდრე ყაზბეგი 1870 წელს დაბრუნდა სამშობლოში ისე, რომ დასახელებული უმაღლესი სასწავლებელი არ დაუმთავრებია.

სამშობლოში მობრუნებული ალექსანდრე ხალხის ყოველდღიური ყოფის ზედმიწევნით შესწავლის სურვილით მთაში წავიდა მწყემსად. მწერალმა ამ არჩევანით მამა-პაპის მიერ ნაცად გზაზე და თანამდებობრივ კარიერაზე უარი თქვა.

,,მე-18…წელს გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე.”- წერდა იგი თავის ,, ნამწყემსურის მოგონებაში.” როგორც ცნობილია ,მისმა პირველმა ნაბიჯმა ყველა გააოცა, დაიწყო მითქმა-მოთქმა გაუთავებელი საყვედურები ახლობლებისაგან.

თავისი არჩევანით მიზანს მიაღწია, დააგროვა უამრავი მასალა მოთხრობებისათვის, ამ გზაზე მწერალმა მრავალი დაცინვა და დამცირება გადაიტანა, მაგრამ პრინციპულობა, უკომპრომისობა, ენერგიულობა გამოამჟღავნა. მთაში გატარებული შვიდი წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა. მწერალს მთიელი ხალხი დაუახლოვდა,მეგობრობა და ურთიერთსიყვარული, ნდობა ერთგულება დამყარდა მათ შორის. მწერალი, სხვა მრავალთან ერთად, სიამოვნებით იგონებს მთაში მატყლის საყიდლად ასულ ფრანგებთან შეხვედრის ეპიზოდს.

,, მე ვლაპარაკობდი ფრანცუზულს, გულმა ვეღარ გამიძლო და ამისთვის ვუპასუხე: მთაში ძალიან ბევრია ცხვარი,ხალხი თითქმის ამით ცხოვრობს, მატყლს კი აქვე ყიდულობენ სომეხი ვაჭრები”,- წერს მწერალი.

უცხოელები გაოცდნენ, უბრალოდ ჩაცმულ-დახურული მწყემსი ფრანგულად მოლაპარაკე რომ ნახეს , ალექსანდრე კი მათ არწმუნებდა, რომ აქ, მთაში ყველა მწყემსი მასზე უკეთესად ფლობდა ფრანგულსა.ბუნებრივია, ეს უწყინარი ხუმრობა თავისი ხალხის ავტორიტეტის ასამაღლებლად დაჭირდა ყაზბეგს. ,, თუ ჩემს ნაწერებს კითხულობს ვინმე, თუ პოულობს იმაში რასმე გულის გასართობს, თუ არა სწყინდება და ბოლომდე ჩადის, ყველა ამის მიზეზი ჩემი წარსულია, ჩემი მეცხვარეობა,”-ასე შეაფასა მწერალმა მეცხვარეობის წლები.

1873 წელს მწერალი თავს ანებებს ხევს და მუდმივ საცხოვრებლად თბილისში გადმოდის. ამის შემდეგ იგი იშვიათად ეწვევა მშობლიურ კუთხეს. ამ მომენტიდან მის ცხოვრებაში იწყება ახალი ხანა, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა თავისი მრავალფეროვნებით, ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობითა და არაჩვეულებრივი ნაყოფიერებით მხატვრულ შემოქმედებაში.

ალ. ყაზბეგმა 1883 წლის დამდეგს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რათა მას დახმარება გაეწია სტეფანწმინდაში ახლად დაარსებული სასწავლებლისათვის. თხოვნის ტექსტი ასე იკითხება:,, წლევანდელის წლითგან სოფელს სტეფანწმინდაში გაიხსნა კერძო შკოლა ოცდაათის შაგირდისათვის . ხსენებული შკოლა დიდს გაჭირვებაში არის სასწავლებელი წიგნების და სხვა საშუალებების უქონლობით. ამისთვის მაქვს პატივი უმორჩილესათა ვსთხოვო ხსენებულ საზოგადოებასშესწიროს ამ შკოლას წიგნები და სხვა საჭირო ნივთები. ამას გარედ იქონიოს მხედველობაში, რომ ამ შკოლაში მასწავლებლის ადგილი თავისუფლად არის და თუ ვინმე აღმოჩნდა მსურველი პირობის შესატყობად გამოგზავნონ ,, დროების” რედაქციაში.”

ყაზბეგი თბილისში ცხოვრობდა ჯერ რუსთაველის პროსპექტზე, იმ შენობაში, რომელშიც მოთავსებული იყო გაზეთ ,, დროების” რადაქცია ხოლო შემდეგ იმავე უბანში, სასამართლოს ქუჩაზე. სოფრომ მგალობლიშვილი წერს, რომ ალექსანდრე იყო ,, ტკბილი მოსაუბრე, მეგობრობისთვის თავგადამკვდარი, დიდი მოტრფიალე სამშობლოსი, თავისი ენისა და ერისა.

დ.კლდიაშვილი კი ასე ახასიათებდა მწერალს: ,, როცა მაღალი ცეცხლით აინთებოდა სანდრო, იგი უცნაური სანახავიც იყო და გატაცებული, აღელვებული მოლაპარაკე და ამ დროს მისი მნახველი და მსმენელი ჩახვდებოდა მის დიდ ნიჭს და ტალანტს.”

ალ. ყაზბეგი ჭეშმარიტად მებრძოლი მწერალი იყო. იგი მეფის თვითმართველობასებრძოდა არა მარტო მხატვრული ნაწარმოებებით, არამედ პირად ცხოვრებაშიც დაუფარავად ამჟღავნებდა თავის მტრულ დამოკიდებულებას ცარიზმისადმი. მწერალმა იმპერატორ ალექსანდრე მესამეს პორტრეტს ასეთი ლექსი წააწერა: ,, დავწვი შენი სამართალი, შენი კანონმდებლობა,

შენი აზრი, მოფიქრება, შენი მირონცხობილება.”

ალ. ყაზბეგი დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ შესძრა. ქართველების ჰომეროსმა დ. ყიფიანს მშობლიური ქვეყნისათვის მსხვერპლად შეწირული წმინდანი უწოდა. ყაზბეგის არქივში დაცულ ერთ ავტოგრაფში ვკითხულობთ: ,, ბოროტმა ხელმა იმსხვერპლა წმინდანი და მსხვერპლი ქვეყნისთვის. დიდებულო დიმიტრი, შენ მსხვერპლი შეიქენ ავაზაკობისა და განისვენე, რადგანაც შენი სახელი დაუვიწყარი დარჩება ქართველთა შორის. მკვიდრი საძირკველი მკვიდრ ნიადაგში ჩადგმული გვაღირსებს იმ ძლიერების ტაძარს, რომელსაც ძმათა ერთობის უძლეველობა ჰქვიან.”

ქართველი მკითხველი ხარბად ეწაფება ალექსანდრეს მოთხრობებსა და რომანებს, რომლებიც ინტენსიურად იბეჭდებოდა იმდროინდელი პრესის ფურცლებზე. მის ლიტერატურულ მოღვაწეობაში განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩევა ოთხმოციანი წლები. წლები, როცა ჩვენი ბელეტრისტი დიდი გატაცებით წერდა. ალექსანდრემ სულ რაღაც ექვს-შვიდ წელიწადში ჭეშმარიტად დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა შექმნა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მე-19საუკუნის 80-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ალ.ყაზბეგისათვის. დაიბეჭდა "მოძღვარი”, მისი უკანასკნელი სიტყვა ქართულ პროზაში. მწერლის სასცენო მოღვაწეობა კიდევ უფრო საინტერესო გახდა.იგი ხან ბათუმშია, ხან-ქუთაისში, გორში, თელავში, მონაწილეობს დრამატულ წრეებში, ხელმძღვანელობს ლიტერატურულ საღამოებს. მწერალი სულით დაავადდა . დიდი ხნის ტანჯვის და წვალების შემდეგ იგი სულით ავადმყოფთა სახლში მოათავსეს. ერთი წლის განმავლობაში ყაზბეგი სულით ავადმყოფთა სახლში მკურნალობდა,მისი ნაწერები კი ტომებად გამოდიოდა და მკითხველის გულებისკენ მიიკვლევდა გზას. მოვიდა გასაოცარი დიდება და აღიარება. ვალერიან გუნიას მწერლისათვის ერთ-ერთი გამოცემა მიუტანია საავადმყოფოში. ბავშვური სიხარულით, აღტაცებით ჩაჰყურებდა დიდი პროზაიკოსი თავისი სისხლითა და ნაღველით ნაწერ სტრიქონებს თურმე, ბედნიერების ცრემლმა იწვიმა მისი თვალებიდან, როცა წიგნის ყდაზე თავისი სურათი დაინახა. მხატვრული სიტყვის გოლიათმა ტანჯული სიცოცხლე 1893 წლის 10დეკემბერს დაასრულა. "ივერია” წერდა: ,,გარდაიცვალა! სიცოცხლე მისი მოკლე იყო, მაგრამ სრული! ცოტა იცოცხლა, მაგრამ ბევრი შექმნა….მისი სიმის ხმა მხოლოდ დარიალის მიდამოებში გაისმოდა, იქ, სადაც პოეტისაარ იყოს, "დიდებულს მთასა მყინვარსა ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან”, სადაც ბეჩავი მოხევე ეხლაც საკინძეჩამოწყვეტილი დასტირის თამარის დროშას, სადაც ბუნებაა მხოლოდ თავისუფალი და სხვა ყოველივეს ახალმა სიომ მოჰბერა, ახალმა დრომ თავისი ნიშანი დაასო.

ელვის სისწრაფით გავრცელდა ხალხში ყაზბეგის გარდაცვალების ამბავი. ქართველმა ერმა იგრძნო დიდიმწერლის დაკარგვით გამოწვეული დანაკლისი.საყვარელი მწერლის ცხედარი 19 დეკემბერს საავდმყოფოდან ქაშვეთის ეკლესიაში დაასვენეს სათანადო წესთა შესრულების შემდეგ პროცესია მწერლის მამულისკენ მიმავალი გზით გაემართა. უამრავი ხალხი მიაცილებდა მის ცხედარს. მთელი საქართველო გლოვობდა ბუმბერაზი შემოქმედის უდროო სიკვდილს. ქართული პრესის მთავარ თემად კი ყაზბეგი რჩებოდა კვლავ."გულს მიწას გაყრით, მაგრამ ნუ ჩაიტან თან საფლავში იმ უკანასკნელ ტკივილს, ვითომც შენი საყვარელი ქვეყანა ვერ აჰყვავდეს! ნუ მიეცემი შენს ჩვეულებრივ დარდს და უნუგეშობას, იცოდე და გჯეროდეს, რომ იმ ქვეყანას, რომელსაც ალექსანდრე ყაზბეგი ჰყავს, სწორედ ის აყვავება მოელის, რაც შენ აგრე გწადდა, გწყუროდა.”


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1076 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები