კვირა, 28.04.2024, 19:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ლეო ქიაჩელი – Leo Kiacheli.
12:38
ლეო ქიაჩელი – Leo Kiacheli.

ლეო ქიაჩელი (შენგელაია) დაიბადა 1884 წლის 19 თებერვალს ზუგდიდის მაზრის სოფელ ობუჯში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება ლეომ ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო.
1904 წელი ლეო ქიაჩელისათვის მეტად დაძაბული იყო. ამ წელს გარდაეცვალა მამა, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1905 წელს, სტუდენტთა გამოსვლების გამო, უნივერსიტეტი დროებით დახურეს. ლეო იძულებული ხდება სამშობლოში დაბრუნდეს. ზუგდიდში ჩამოსვლისთანავე ლეო ქიაჩელი რევოლუციურად განწყობილ გლეხებს უკავშირდება, რისთვისაც იგი ქუთაისის საგუბერნიო ციხეში ჩასვეს.
1907 წელს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრებმა ციხის ქვეშ გვირაბი გაიყვანეს და, 36 პატიმართან ერთად ლეო ქიაჩელიც გაიქცა. აღნიშნული ამბავი მწერალმა მხატვრულად დაამუშავა რომანში ,,სისხლი’’.
ციხიდან გაქცეული ლეო ქიაჩელი ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა არალეგალურად. 1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია („Escalade"), დუმილის თეორია („სტეფანე", „ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები") და სხვა.
1912 წელს ჟენევაში გადავიდა საცხოვრებლად. ემიგრაციაში ყოფნისას ლეომ საფუძვლიანად შეისწავლა უცხოური ლიტერატურა და დაწერა პირველი დიდი მხატვრული ტილო ,,ტარიელ გოლუა’’. რომანი ხელნაწერის სახით გამოგზავნა სამშობლოში და 1916 წელს დაბეჭდა გაზეთმა ,,სახალხო ფურცელმა’’.
ქიაჩელის პირველი რომანი „ტარიელ გოლუა" (1916) უახლესი ქართული ლიტერატურის საეტაპო თხზულებაა. რომანი ასახავს 1905 წლის რევოლუციას სამეგრელოს სოფლის ფონზე. მწერალი წარმოგვიდგენს თაობათა სრულ იდეოლოგიურ ერთიანობას კლასობრივი ბრძოლის პირობებში. თანამოაზრენი არიან მამაშვილი — სიბრძითა და ქედუხრელობით ცნობილი მშრომელი გლეხი ტარიელ გოლუა და „ერთობის" მოთავე ახალგაზრდა ლევანი. ამ რომანშივე პირველად იჩენს თავს მამაშვილური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეა, რომელიც გასდევს ქიაჩელის მთელ შემოქმედებას („ალმასგირ კიბულანი", „მამა და შვილი", „მთის კაცი"). რომანში ნაჩვენებია რევოლუციური ბრძოლის აღმავლობა, ხალხის ერთსულოვნება, რეაქციის მძვინვარება სოფლად. ღრმად ოპტიმისტურია რომანის ეპილოგი.
ქიაჩელის მომდევნო რომანი „სისხლი" (1926—1927) წარმოსახავს რეაქციის ხანას საქართველოში. მენშევიკური ფრაქციის წარმომადგენელი არჩილ დადაშიანი კეთილშობილი, მაგრამ მერყევი ბუნების კაცია. მისი პიროვნება თითქოს ასახიერებს ქართულ მენშევიზმს, რომელიც საბოლოოოდ ნაციონალიზმში ეფლობა. რომანში არ ჩანს მკვეთრად ის ძალა, რომელსაც მიჰყავს რევოლუცია აღმავლობისაკენ.
ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („თავადის ქალი მაია", 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („ალმასგირ კიბულანი", 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („ჰაკი აძბა", 1933).
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა „გვადი ბიგვამ" (1936—1937; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1941), რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნია სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა — სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის.
სამამულო ომის მძვინვარე დღეებში შვილის დაღუპვით აფორიაქებულმა მწერალმა მოიარა ყირიმის ადგილები, სადაც იბრძოდა მისი ერთადერთი ვაჟი და თბილისში დაბრუნებულმა დაწერა რომანი ,,მთის კაცი.”
ლეო ქიაჩელის ,,გვადი ბიგვა’’ და ,,მთის კაცი’’ ითარგმნა მსოფლიოს 12 ენაზე.
ლეო ქიაჩელი ნაყოფიერი სამწერლო მუშაობის პარალელურად ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი იყო გაზეთ ,,ლომისის’’ რედაქტორი, მრავალი ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მწერალმა დაწერა კინოსცენარი ფილმისთვის ,,ნარინჯის ველი’’, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს ფილმები: "ტარიელ გოლუა’’, ,,თავადის ქალი მაია” და ,,გვადი ბიგვა’’.
ლეო ქიაჩელი გარდაიცვალა 1963 წლის 25 დეკემბერს, ხოლო 29 დეკემბერს დაკრძალეს მთაწმინდაზე.
1966 წლის 27 ნოემბერს მწერლის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე გ. ოჩიაურისა და არქიტექტორ თ. მიქაშავიძის მიერ ორიგინალურად გადაწყვეტილი ლ. ქიაჩელის ძეგლი.

რაც იყო და არ იყო


ამ მოთხრობის პატარა გმირმა ბევრი რამ არ იცოდა.

მისთვის საუბედურო შეიქმნა უმთავრესად ის, რომ მან არ იცოდა, რაც ხდებოდა მის გარშემო ამ ომისა და რევოლუციის დროს.

მას ეგონა, რომ ყველაფერი მართლა იყო, რაც იყო, და არ იყო ის, რაც არ უნდა ყოფილიყო!

საწყალი ბიჭი!

მაგრამ მას ბევრი რამ ეპატიჟება: ის ისე მოჰკვდა კიდევაც, რომ რ იცოდა, რისთვის კვდებოდა.

საინტერესოა ეს ისტორია.

ეს ვაჟი მეოცნებე იყო და ერთ დიდ ქალაქში ცხოვრობდა. მას უცნობი ქალი უყვარდა, და სიყვარულს ისე დაებრმავებინა, რომ ვერც კი ამჩნევდა, რომ ქვეყანაზე ომი მვინვარებდა.

უთუოდ უცნაური იყო ეს ვაჟი. – ბედნიერად მოჰქონდა თავი და ყოველთვის უმანკო, ბავშვური ღიმილით იღიმებოდა.

მთელ ქალაქში ისე უმანკოდ აღარავინ იღიმებოდა, როგორც ეს ვაჟი და მის გარდა იმ ჟამად აღარავინ ფიქრობდა ბედნიერებაზე.

დაინახავდნენ თუ არა ქუჩაში, ხალხი ერთი ამბით დაედევნებოდა ვაჟს.

– აი, მოდის ვიღაცა, რომელიც იღიმის. ეტყობა, ბედნიერია! შეხედეთ, ბედნიერები კიდევ ყოფილან ქვეყანაზე!

მაგრამ არავინ კი არ იცოდა, ვინ იყო ეს ვაჟი. ისიც ყოველთვის მარტო დასეირნობდა ქუჩებში და ყურადღებას არავის აქცევდა. მუდამ სატრფოს დაეძებდა, მასზე ფიქრობდა და მისთვის იღიმებოდა.

იგი სატრფოსაც არ იცნობდა, არც სახელი იცოდა მისი. მაგრამ თინას კი ეძახდა გულში და დარწმუნებული იყო, რომ ეს სახელი ერქვა სატრფოს, როგორც მას – მისი საკუთარი.

ყოველდღეს შეხვდებოდა ვაჟი სატრფოს. შეხვდებოდა, გაუღიმებდა, და გაივლიდა.

ქალიც არ იცნობდა ვაჟს, მაგრამ ღიმილზე ყოველთვის ღიმილითვე უპასუხებდა.

ხანდახან შორი–შორიდან თვალს გააყოლებდა ვაჟი თინას და ასე სახლამდის მიაცილებდა. მერე კიდევ დიდხანს დადიოდა ქუჩაში და ხან ხმამაღლა, ხან კი ჩუმად სატრფოსა და სიყვარულზე ოცნებობდა…

ასე ხდებოდა მაშინ, როცა დიდი ომი იყო დ შერყეულ ქვეყნიერებას რევოლუცია სასწაულს უმზადებდა.

და აი, ერთ დღეს ქალაქის მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ ვაჟი ქუჩაში არ გამოჩნდა. არ გამოჩნდა იგი მეორე, მესამე დღესაც. მერეც არ გამჩენილა.

შეწუხდნენ ყველანი, რადგანაც ახსოვდათ ვაჟის უმანკო ღიმილი და კვლავ მისი ხილვა ენატრებოდათ.

– ალბათ, დაიღუპაო, – იფიქრეს ბოლოს და ამით გაათავეს, რადგანაც ჩვეულებრივი იყო მაშინ დაღუპვა. მაგრამ ამავე დროს ისეთი ამბავი დატრიალდა ქალაქში, რომ გაკვირვებას გადაჩვეულებიც კი გააოცა.

სწორედ ვაჟის გაქრობის დღეს, ქალაქში მოულოდნელი ზედაწყვეტა შეიქმნა: დიდი და პატარა ფეხზე დადგა, და საშინელი წყრომის ზუზუნი გაისმა კიდით–კიდემდე.

ზედაწყვეტა ქალაქის სასაფლაოსთან ჩამავალ ქუჩაში დაიწყო და რამდენსამე წამში ხანარივით მთელ ქალაქს მოედვა.

ამის მიზეზი ის იყო, რომ ქალაქში ვიღაცა უცნობი გამოჩნდა შეუწყნარებელი შესახედაობისა და შეჰლახა ხალხის უკანასკნელი სასოება. ამ უცნობს სახეზე გაშიშვლებული საშინელება გამოხატოდა და დაურიდებლად გამოემჟღავნებინა ისეთი შიში ცხოვრებისადმი, რომელიც უთუოდ დაფარულად უნდა ეგრძნო.

ხალხმა ეს ვერ მოითმინა. შეიპყრო უცნობი, გაიყვანა ქალაქგარეთ და ჩაქოლა.

მოხდენილმა კვლევა–ძიებამ ჩაქოლილის ვინაობა გამოარკვია. – ის მეოცნებე ვაჟი აღმოჩნდა, რომელიც ქუჩაში დადიოდა მარტო და ყოველთვის უმანკო ბავშვური ღიმილით იღიმებოდა.

ვაჟის ჩაქოლვას წინ უსწრებდა ერთი ღამის ფანტასტიური ამბავი.

დანამდვილებით არავინ იცოდა, რა მოხდა იმ ღამეს. არც ის იცოდნენ დანამდილებით, მართლა მოხდა რამე თუ არა.

ასეც ხშირად ხდებოდა.

სრულიად მოულოდნელად იმ ღამეს ომის ხაზი მოუახლოვდა ქალაქს, სადაც მეოცნებე ვაჟი სცხოვრობდა. აქუხდნენ საომარი იარაღები და მალე რომელიღაც მეომარი ჯარიც ქალაქში შემოვიდა.

რა დატრიალდა ღამის განმავლობაში, ეს არავინ იცის. ხოლო დილა რომ გათენდა, ყველაფერი ისე იყო, როგორც წინადღეს. ბევრს ეჭვიც კი დაებადა, რომ ომის ხაზი ქალაქს დაახლოვებოდა.

მაგრამ ის ღამე მაინც საბედისწერო შეიქმნა მეოცნებე ვაჟისათვის.

იმავე ღამეს იგი ნაცნობ ბინისაკენ გაიჭრა, რომ სატრფოს რაიმე უბედურება არ შემთხვეოდა.

გზაზე არავინ შეხვედრია. სიცარელე იყო და სიწყნარე.

ნეტავი, ვინ თქვა ომი იყოო.

რომ არ ჰგავს?

ეს გაუხარდა.

სატრფოს სახლთან რომ მივიდა, გაოცებული შესდგა მოშორებით. ვერ იცნო იქაურობა. მოჩვენებად წარმოუდგა.

სინათლის ზღვა კიაფობდა როგორც სახლის გარეთ, ისე შიგნითაც. წამდაუწუმ მოდიოდნენ ავტომობილები, მოარული მანქანები და კიდევ რაღაც მანქანები.

შესავალთან ხალხი ირეოდა. შედიოდნენ, გამოდიოდნენ.

სახლიც ზღაპრულ ქარვასლას დამსგავსებოდა.

სად მოვხვდიო, გაიფიქრა ვაჟმა. მოსაფშვნეტად ხელი თვალთან მიიტანა, მაგრამ უცებ ჩაჰქრა სინათლე. მერე შეინძრა ყველაფერი არახრახებით და ყველაფერი გაჰქრა.

ვაჟი სატრფოს ნაცნობ სახლთან იდგა.

მოეწონა, რომ ღამე ასეთი უცნაური იდგა.

მერე საყვარელი ფანჯრები შეათვალიერა. ერთ მათგანზე შეაჩერა თვალი.

დარაბები დახურული იყო. სინათლე ჩამქრალი.

– ძილი ნებისა! – ალერსით უსურვა სატრფოს და ფეხაკრეფით უკან დაბრუნდა.

ამას წინად მოჩვენებულის წარმოდგენაზე თავი გაიბერტყა. კოშმარად ჩასთვალა და თავიდან მოიშორა.

მეორე დღეს ქუჩაში გამოვიდა. ჩვეულებრივად იღიმებოდა. მაინც იჭვით შეათვალიერა ქალაქი. – უეჭველია, ყველაფერი მოჩვენება იყო, რაც წინაღამეს მოხდა.

მაინც წავიდა სატრფოს ბინისაკენ.

ანაზდეულად გზაზე სამგლოვიარო პროცესიას წააწყდა: ვიღაცას სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ* სულ ათიოდე ქალი და კაცი მიჰყვებოდა ღარებად მორთულ კუბოს.

არც მუსიკა, არც გალობა, არც ერთი გვირგვინი. საწყალი.

კუბო თავახდილი იყო.

ვაჟი გაერია პროცესიაში, თუმცა ყველანი უცნობები იყვნენ. მალე დაუახლოვდა კუბოს და შიგ ჩაიხედა.

კუბოში მისი სატრფო ესვენა.

უცებ – ვიდრე გონებით დაადასტურებდა ნახულს – მთელმა ღამემ გაურბინა თავში. მერე:

– მაშ, რა ყოფილა ომი და თინაც მოუკლავსთ.

ჭირისუფლებში ჩადგა და ასე განაგრო გზა.

და აი, უკანასკნელად ეთხოვებოდა იგი საფლავზე სატრფოს.

მდაბლად თავდახრილი მიუახლოვდა კუბოს.

– ესაა! – დაიწყო და დადუმდა.

მაშინ ვიღაცა მიუახლოვდა და თავაზიანად შენიშნა, რომ ის იღიმოდა და ეს უადგილო იყო.

ვაჟმა თავი ასწია და მიმოიხედა.

– მაშ მოჰკლეს!.. ასე მოჰკლეს ჩემი თინა! – წარმოსთქვა ხმამაღლა.

მიცვალებულების ჭირისუფლებში ჩოჩქოლი ატყდა. რამდენიმე კაცი მივიდა ვაჟთან. მოჰკიდეს ხელი და კუბოს მოაშორეს.

უთხრეს, რომ შეცდომით იყო აქ მოსული. მიცვალებული ესა და ეს ქალიაო. დაუსახელეს უცნობის სახელი. არავის მოუკლავს. თვითონ მოკვდაო.

მაშინ უცებ ჩამოეხსნა ღიმილი ვაჟს. ხოლო ღიმილის ქვეშ ისეთი საშინელი გამომეტყველება დაუნახავს, რომ მყისვე შიშისაგან გაეცალნენ.

ამის შემდეგ მოშორდა იქაურობას ვაჟი და მიიმალა.

თვალი გააყოლეს, შენიშნეს, რომ მიმავალს გაოცებით გზას უთმობდენ.

ცოტა ხანი და მახლობელ ქუჩაში ხმაურობა ატყდა. მერე უზომო წყრომის გამომხატველი ყვირილი და მალე ზედაწყვეტაც შეიქნა.

– შეიპყარით, ჩაჰქოლეთ! არ გვინდა! – გაისმა გუგუნივით.

რით გათავდა, ეს ზემოთ არის ნათქვამი

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2037 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები