კვირა, 28.04.2024, 06:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 13 » ნიკოლოზ ბარათაშვილი – Nikoloz Baratashvili.
13:36
ნიკოლოზ ბარათაშვილი – Nikoloz Baratashvili.

ნიკოლოზ ბარათაშვილი – Nikoloz Baratashvili (1817- 1845)

სიცოცხლეში თუ ნიკოლოზ ბარათაშვილს ათიოდე მეგობარი ჰყავდა და მხოლოდ მათ იცოდნენ ტატოს (ასე ეძახდნენ მას მეგობრები და ნათესავები) ,,ზეგარდმო მადლით ცხებული ნიჭი”, სიკვდილის შემდეგ მთელმა საქართველომ იგი გენიოს პოეტად აღიარა.
ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი დაიბადა 1817 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში. ტატოს დედა – ეფემია, ერეკლე II-ის შვილიშვილი და ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ ორბელიანის და იყო, ფრიად განათლებული ქალი, რომელმაც მომავალ პოეტს შეასწავლა წერა-კითხვა და გაუღვივა ქართული ლიტერატურის სიყვარული. ეფემია ორბელიანს და მელიტონ ბარათაშვილს თოთხმეტი შვილი ჰყავდათ, პირმშო იყო ნიკო. თოთხმეტი შვილიდან მშობლებს მხოლოდ ხუთი შერჩათ. ნიკოლოზ ბარათაშვილის დებიდან ბარბალე იყო ვეზირიშვილის (მელიტონი მასთან სტუმრობისას გარდაიცვალა და იქვე დაასაფლავეს ოსიაურში – ხაშურის რაიონში).
თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ” უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა "მკაცრი ბედისა” და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1835-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 21 ოქტომბერს, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. იგი იქვე, მართმადიდებელთა ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.
XIX საუკუნის 60-იან წლებში პეტერბურგში, ეკატერინე ჭავჭავაძის (ამჯერად, სამეგრელოს დედოფლის) სალონში, სტუდენტი ილია ჭავჭავაძე გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. დიდი პოეტისადმი ინტერესი მალე გაცხოველდა. 1892 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადგინდა დიდი მგოსნის ნეშტი სამშობლოში გადმოესვენებინათ. 1893 წლის 23 აპრილს გაითხარა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავი. პოეტის ნეშტი ადგილობრივი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა ხელით 4 ვერსის მანძილზე ატარეს სადგურამდე. 25 აპრილს იგი თბილისში ჩამოასვენეს. დედაქალაქის რკინიგზის სადგურზე თავი მოიყარა აურაცხლმა ხალხმა, რომელმაც მუხლის მოყრით სცა თაყვანი გენიოსი პოეტის ნეშტს. დიდუბის პანთეონში მისმა გადმოსვენებამ ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1900 წელს წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, გენერალ ყაზბეგის მითითებით დაამზადეს ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე დასადგმელი ძეგლი-დეკორატიული ქანდაკება. 1905 წლის 10 ოქტომბერს, მიუხედავად წინა დღის კოკისპირული წვიმისა საზეიმოდ გაიხსნა მგოსნის ძეგლი, რომელიც თბილისში გამოაქანდაკეს იტალიელმა სკულპტორებმა ვილიმ და რიჩიმ. 35 წელი განისვენებდა დიდი მგოსნის ნეშტი დიდუბის მიწაში. 1938 წლის 15 ოქტომბერს ქართველმა მწერლებმა მგოსნის ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

შემოქმედება

ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.

"ბედი ქართლისა”

პოემის "ბედი ქართლისა” (1839) სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორიული მოვლენა – აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აღება, რამაც ფაქტიურად საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ "ბედი ქართლისა”, როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ერეკლეს ღრმად აქვს შეგნებული ისტ. ბედისწერის გარდუვალობა. სოლომონ მსაჯული ერეკლესთან პაექრობისას ძირითადად ადამიანური ბუნებისა და "ერის თვისების” ცნებებს ეყრდნობა: ადამიანთა თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მისი რწმენით, შეუძლებელს ხდის არსებობის უცხო, შეუთვისებელ ფორმებთან შეგუებას. ეს დავა, ემოციური შთაბეჭდილების თვალსაზრისით, მსაჯულის სასარგებლოდ წყდება, მაგრამ საბოლოოდ, ობიექტურად, პოემაში მაინც ერეკლეს სიბრძნე იმარჯვებს.

"ბედი ქართლისა” ბარათაშვილმა 22 წლისამ დაწერა. მიუხედავად თანდაყოლილი რომანტ. სულიერი წყობისა, ჭაბუკ პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესად მძაფრი გრძნობა. ეს პოემა თავისებური პრელუდიაა ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკისათვის დამახასიათებელი ძიებებისა, რაც მიზნად ისახავდა როგორც ახალი ჰუმანისტური იდეალების, ასევე ეროვნული მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა დადგენას.

ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს(1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დ. უზნაძის სიტყვით ბარათაშვილის "მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ "ოდისეაა” მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა”. ეს იყო ამავე დროს ახალი ესთეტიკური მრწამსის, ახალი პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი გზაც.

"შემოღამება მთაწმინდაზე”

ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი გამოვლინებაა ლექსი "შემოღამება მთაწმინდაზე” (1833-1836). აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება – ჰარმონიულად შეუთავსდეს ამ საწყისებს, "რომ დაშთოს აქ ამაოება”, აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის "ამაოების” გამო და ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობია შეგრძნება ცნაურდება ფილოსოფიურ ხასიათის ლექსში "ფიქრნი მტკვრის პირას” (1837). "აღუვესებელი საწყაულის” სახე, როგორც ფილოსოფიური შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს ბარათაშვილის მთელს პოეზიას.

სიყვარულის თემა

სიყვარულის თემა ბარათაშვილთან მკვეთრად დაუოპირისპირდა ბესიკისა და ა. ჭავჭავაძის ეროტიკულ კონცეფციას. ადამიანის შინაგანი ცხოვრება, არამატერიალური, უხრწნელი, "ციდან მოსული მშვენიერება”, ბარათაშვილის რწმენით, განუზომლად აღემატება მიწიერ სილამაზეს, რომელიც მარტოოდენ "ხორციელობის” წარმავალ ნიჭს წარმოადგენს ("აღმოხდა მნათი”, 1840; "არ უკიჟინო, სატრფოო”, 1841; "რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო”, 1842; "შევიშრობ ცრემლსა”, 1843). "ზეგარდმო მადლით” დამტკიცებული ნეტარება მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა; ბარათაშვილის სატრფიალო პოეზიის გმირი "დაკარგული ტოლის” მუდმივ ძიებაშია ("სული ობოლი”, 1839; "სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი”, 1840). სიყვარული აქ ტრაგიკული გრძნობაა; მისი, როგორც გრანდიოზული სულიერი კატასტროფის, განცდა გადმოცემულია ეფემერული წმინდა ტაძრის დამხობაში ("ვპოვე ტაძარი”, 1841). პოეტის რომანტ. გატაცების საგანი ეკეტერინე ჭავჭავაძე ზოგიერთი ლექსის უშუალო ადრესატიც არის ("თავადის ჭ… ძის ასულს, ეკ….ნას”, 1839; "საყურე”, 1839; "…ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი”, 1839).

"მერანი”

ბარათაშვილის პიროვნებაში ტრაგიკული გაორება შეინიშნება. თუ "ცისა ფერს” (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, "სულო ბოროტო” (1843) გამოვლენაა მზაფრი შინაგანი კროზისისა. ეს არის ტრაგედია "ურწმუნო ჭკუისა”, რომელსაც იმ დროისათვის მხოლოდ უარმყოფელი მისიის შესრულება შეეძლო. პოეტმა შეძლო რომანტიკოსთა მიერ გათიშული გონებისა და რწმენის შეერთება და ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გართლება დაინახა("მერანი”, 1842). სამყაროს ტრაგიკული მოუწესრიგებლობის შეგრძნება დრტვინითა და განგაშით ავსებს პოეტის სულს. "მერანის” ოპტიმისტური მსოფლმხედველობის საფუძველია იმის შეგნება, რომ ადამიანი მოწოდებულია თავგანწირული ბრძოლისათვის მაღალი ჰუმანისტური იდეალების მისაღწევად. ეროვნული პრობლემატიკა ბარათაშვილის შემოწმედებაში ფართო ფილოსოფიური ასპექტით არის გადაჭრილი. "მერანის” მთავარი იდეა -ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლა ბრმა აუცილობლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება, თავისი უნივერსალური შინაარსით ამომწურავი პასუხია იმ კითხვებზე, რომელიც პოეტმა "ბედი ქართლისაში” დასვა.

ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნალ "ცისკარში” გამოქვეყნდა. ბარათაშვილის თხზულებათა ძირითადი გამოცემებია: 1876 (რედაქტორი – პეტრე უმიკაშვილი), 1895 (ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი), 1922 (სამსონ ფირცხალავა), 1930 (პავლე ინგოროყვა), 1939 (ი. თავაძე, აკაკი გაწერელია), 1945 (კორნელი კეკელიძე), 1968 (პავლე ინგოროყვა), 1972 (აკაკი გაწერელია, ივანე ლოლაშვილი).

გიორგი ლეონიძე – ნიკოლოზ ბარათაშვილს


დაჭრილი სული (ნიკოლოზ ბარათაშვილს)

ხან სუმბული მომტირალი და ჩუმი,
ხან უდაბნოს მონავარდე სამუმი;
ღრუბლიანში ელვა-ჭექის მთხრობელი,
ცივ ზამთარში გაზაფხულის მხმობელი,
ცივ გულებთან მოსაუბრე სხივებით -
წყნარ მთაწმინდის წყნარი საგალობელი…
აჩრდილების მეფე-მონა და შვილი -
საყვარელი ჩემი ბარათაშვილი, -
ვინც უდაბნოს მუდამ გულით ატარებს…
შენ ამბობდი მიქანცულის თვალებით…
ამ წყვდიადში მე სულს დავლევ წვალებით…
აჩრდილებო, დავიღალე თქვენ შორის -
აქ მთაწმიდას რაღა გამოადარებს!"


ნიკოლოზ ბარათაშვილი – ცისა ფერს, ლურჯსა ფერს…


ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ [მე] — არ ვეტრფო
არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწვევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები — ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა, როს
გარს ნისლი მოეცვას —
იგიცა შესწიროს
ციაგმან ლურჯსა ც


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2849 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები