ორშაბათი, 29.04.2024, 13:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ათონის წმინდა მთა.
00:59
ათონის წმინდა მთა.

                               

წმინდა ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს", რაც წმინდა მთას ნიშნავს) აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვის ზურმუხტისფერ წყლებში. მთის სიგრძე დაახლოებით 80 კმ, ხოლო სიგანე 12 კმ-მდეა. სიმაღლე კი 2033 მ-ია ზღვის დონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ათონი ნახევარკუნძულია, იქამდე მიღწევა მხოლოდ ზღვით, ან საჰაერო გზით არის შესაძლებელი (ვერტმფრენით).

ათონი დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკაა. იგი განსაკუთრებული მართლმადიდებელი მონაზვნური გაერთიანების მფლობელობაში იმყოფება. ათონზე უმაღლესი ეკლესიური ძალაუფლება ეკუთვნის არა ელადის, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, როგორც ბიზანტიურ ეპოქაში იყო.

ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით სასწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა, რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის მადლს.

ყოვლადწმინდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი. იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე და სთხოვდა ლაზარეს ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და გაიგზავნა ღვთისმშობელთან.

ეკლესიის გადმოცემის თანახმად, 44 წელს ღვთისმშობელი, მოციქულებთან ერთად, კვიპროსზე გაემგზავრა.

ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობა მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ კუნძულ კვიპროსთან მიახლოებისას, მოულოდნელი ძლიერი პირქარი ამოვარდა, მეზღვაურებმა ვერაფრით დაიმორჩილეს იალქნები და ხომალდი სხვა მიმართულებით გაქანდა. ქარმა გემი ეგეოსის ზღვაში შეიყვანა და ათონის მთის ნაპირთან მიაყენა.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ათონის მთა წარმართთათვის წმინდა მთად იყო მიჩნეული. ძველ ბერძნებს აქ აპოლონის და ზევსის სადიდებელი მთელი რიგი წარმართული ტაძრები ჰქონდათ აღმართული.

როგორც კი ღვთისმშობლის ხომალდი ათონის ნაპირს მიადგა, წარმართული ტაძრები ერთიანად ჩამოიქცა. ყოვლადწმინდამ მოგზაურობის ამგვარ წარმართვაში ღვთის ნება დაინახა, გადავიდა მისთვის უცნობი მიწის ნაპირზე, სადაც სასწაულის მხილველი ადგილობრივი მოსახლეობა დიდი მოწიწებით შეხვდა მას. ყოვლადწმინდამ წარმართებში ღვთის სიტყვა იქადაგა და როდესაც იქაურებში ჭეშმარიტი რწმენა განამტკიცა, დატოვა ერთ-ერთი მისი მხლებელი, ხომალდზე ავიდა და კვიპროსისკენ გასცურა.

მას შემდეგ ათონი ქრისტიანული ეპოქის ისტორიაში შევიდა და ღვთისმშობლის მეორე წილხვედრი გახდა.

ათონის მთაზე მონაზვნების დასახლებასთან დაკავშირებული პირველი ცნობები VII-VIII საუკუნეს განეკუთვნება. 971 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ათონელ მონაზვნებს ნახევარკუნძულის მფლობელობა დაუმტკიცა „განუსაზღვრელი" დროით. მონაზვნების მიერ სრული თვითმმართველობის უფლება იმპერატორის სიგელში და წმინდა მთის პირველ წესდებაში აისახა.

მიუხედვად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე (ახალი სტილი) გადავიდა, ათონზე ძველებურად იულიუსის კალენდრით სარგებლობენ (ძველი სტილი). ისევე, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ათონის წმინდა მთაზე ქალის შესვლა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ქალიშვილი პლაკიდია რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისის შეწირულობით აგებული „ვათოპედის" მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო, დაეტოვებინა იქაურობა, რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩაეგდო მონაზვნები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.

999 წელს ათონის მთასთან ზღვით მისცურა ივერიისად წოდებულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა, რომელზეც ზეციდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. ყოვლადწმიდამ წმინდა გაბრიელი ქართველის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი.

წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით როდესაც ივერიის წმინდა ხატი ათონის ნახევარკუნძულს დატოვებს, ბერებმაც სასწრაფოდ უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ოღონდ აღთქმა მონაზნობის წმინდად შეინახონ, რამეთუ მას შემდეგ, რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღმრთისმშობელ მარიამის გაფრთხილება რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე.

ათონური წინასწარმეტყველების თანახმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონს დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.

ამბობენ, ათონის მთის საიდუმლო კელიაში უძველესი დროიდან ცხოვრობს 12 ბერი-განდეგილი, რომლებიც თითქმის არასდროს ეჩვენებიან ხალხს, თვით ათონელ მონაზვნებსაც კი. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლება, დანარჩენები მას კლდეებში მარხავენ და მის ნაცვლად თავისთან ახალ მოღვაწეს უხმობენ. გადმოცემის თანახმად, ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ეს 12 ბერი თავისი სენაკებიდან გამოვა და უკანასკნელ ლიტურგიას აღასრულებს.

                             ათონის მთის მონასტრები

         

პირველი მონაზვნური სავანეები ათონზე ჯერ კიდევ VIII საუკუნეში გაჩნდა. მონასტრული ცხოვრების საუკეთესო პერიოდში წმინდა მთაზე 180 მონასტერი მოქმედებდა. დღეისათვის კი 20 მონასტერი მოქმედებს. მონასტრების გარდა ათონზე მონაზონთა მრავალი სავანე და განდეგილთა განმარტოებული სენაკებია.

ათონის მთის მონასტრები ხუთ ჯგუფად იყოფა - ყოველ ჯგუფში ოთხი მონასტერია გაერთიანებული.

ყოველი მონასტერი თავისი ტიპიკონით ცხოვრობს, მაგრამ ვინაიდან ათონი ერთგვარი სამონაზვნო რესპუბლიკაა, ამიტომ მას თავისებული თვითმმართველობის ორგანი ჰყავს. ათონის ეგრეთ წოდებულ დედაქალაში - კარეაში, განთავსებულია პროტატი, სადაც ხორციელდება უმაღლესი მმართველობა და სასამართლო. პროტატი შედგება კინოტისა და კინოტიდან არჩეული ეპისტასიისგან (ეპისტასია ერთგვარი საბჭოა, რომელიც მმართველობას ახორციელებს). კინოტში შედიან ნდობით აღჭურვილი პირები - თითო-თითო წარმომადგენელი ყოველი მონასტრიდან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველწლიურად საკუთარი მონასტრებიდან ირჩევენ.

ეპისტასია ყოველი წლის პირველ ივნისს ირჩევა (ერთი წარმომადგენელი ყოველი სამონასტრო ჯგუფიდან). პირველ პირს ამ ოთხი ეპისტასიდან პროტოეპისტასი ეწოდება. პროტო-ეპისტასი შეიძლება იყოს მხოლოდ ათონის მთის ხუთი წამყვანი მონასტრიდან, ჩვეულებრივ, რიგ-რიგობით - დიდი ლავრიდან, ვათოპედიდან, ივერთა მონასტრიდან, ქილანდარიდან და დიონისიატიდან.

ათონის მონასტრები ბიზანტიური ეპოქის ნამდვილი საოცრებებია. ისინი დიდი ციხესიმაგრეების მსგავსი, პირდაპირ კლდეების თხემებზე წამომართული, მასიური მიუწვდომელი კედლებით გარშემორტყმული ნაგებობებია.

ომიანობის დროსაც კი არც თურქებს და არც ჰიტლერის არმიის ჯარისკაცებს არ გაუბედავთ მონასტრების ხელყოფა, იმდენად მოწიწებას იწვევდნენ მათში ათონელი მონაზვნები. აი, რატომ შემორჩა დღევანდელ დღემდე მონასტრებში უნიკალური უძველესი წიგნები, დიდი ბიბლიოთეკები, საეკლესიო ძვირფასეულობები, შეუფასებელი ძველი ფრესკები და მოზაიკები. აქვე ინახება უფრო მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიქვიებიც: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი, უფლის წმინდა ჯვრის ხის ნაწილები, წმინდანთა უხრწნელი ნაწილები, მოგვების ძღვენი, რომელიც მათ ახალშობილ მაცხოვარს მიართვეს ბეთლემის გამოქვაბულში და მრავალი სხვა სიწმინდე.

  წმინდა ათანასეს ლავრა
ვათოპედის მონასტერი
ივერონის მონასტერი
ხილანდარის მონასტერი
დიონისიატის მონასტერი
ყუთლუმუშის მონასტერი
პანტოკრატორის მონასტერი
ქსეროპოტამის მონასტერი
ზოგრაფის მონასტერი
დოქიარის მონასტერი
კარაკალის მონასტერი
ფილოთეოსის მონასტერი
სიმონოპეტრას მონასტერი
წმიდა პავლეს მონასტერი
სტავრონიკიტას მონსტერი
ქსენოფონტეს მონასტერი
გრიგორიატის მონასტერი
პანტელეიმონის მონასტერი
კონსტამონიტის მონასტერი
ესთიგმენის მონასტერი
დაფნი


წმინდა ათანასეს ლავრა.


წმინდა ათანასეს ლავრა უძველესი და ყველაზე დიდი სავანეა და ამიტომ ცნობილია დიდი ლავრის სახელით. იგი ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და წმინდა მთის მონასტრების იერარქიის სათავეში დგას. მისი დამფუძნებელი, წმინდა ათანასე ათონელი, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და სათაყვანო ბერია ათონის მთაზე. მან შემოიტანა განმარტოებულ-დაყუდებულ მონაზვნობაში საერთო ცხოვრების სისტემა, კინოვიები, რაც შემდგომში სამონაზვნო ცხოვრების ძირითად წესად იქცა.

იმპერატორ რომანოზ II-ის დროს ათანასემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები (963 წ.), რომლებიც გრძელდებოდა ნიკოფორე ფოკას და მისი მემკვიდრეების - იმპერატორების ციმესხისა და ბასილი II ბულგართშემმუსვრელის დროსაც. ბევრი ცნობილი თუ არაფრით გამორჩეული მოღვაწე მოდიოდა სამონაზვნო საცხოვრისის ხელმძღვანელთან მისი წმინდა კალთის ქვეშ შესაფარებლად. პირველად აშენდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი. წმინდა ათანასეს აღსრულების შემდეგ ლავრის ხელმძღვანელობა, წმინდანის ლოცვა-კურთხევით, ჩაიბარეს - ივერთა მონასტრის დამაარსებელმა წმინდა იოანემ და პატრიციუსმა ურანუსმა.


ლავრის ცენტრალური ტაძარი


სავანე დიდი ხნის განმავლობაში ყვაოდა. თანდათან დიდძალი შემოწირულობა დაგროვდა. ყოველწლიური ოქროს შემოწირულობის გარდა, რომელიც იმპერატორებმა ფოკამ და ციმესხიმ დაადგინეს, ბასილი II-მ მონასტერს კუნძული აჩუქა. ერთი მეორის მიყოლებით გადადიოდნენ ლავრის მფლობელობაში ჰომატის, მონოქსილიტის და ამალფიტელის მონასტრები, ამას დაემატა კალიკასი და ქსიროკასტრონი, რაც იმპერატორების - ანდრონიკე II-ისა და დიმიტრი პალეოლოგოსის (1429 წ.) სიგელებით (ხრისობულებით) არის დადასტურებული. მაგრამ მეკობრეთა თავდასხმებმა, მიწისძვრებმა, გადასახადებმა, რომელიც თურქებმა დაადეს მონასტერს, ლავრა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მონასტერი საერთო ცხოვრების წესდებას XIV საუკუნემდე მისდევდა. XIV საუკუნიდან ლავრის თვითშენახვის პრინციპზე გადაყვანამ შესაბამისი ტიპიკონის დამკვიდრება გამოიწვია. 1574 წელს ალექსანდრიის პატრიარქმა სილვესტრიმ მონასტერს დაუბრუნა საერთო ცხოვრების წესდება. დაახლოებით 100 წლის შემდეგ (1670 წ.) ლავრა ისევ თვითშენახვაზე გადავიდა.

ცენტრალური ტაძარი თავდაპირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე იყო ნაკურთხი. XV საუკუნეში ის ხელახლა აკურთხეს, ამჯერად - წმინდა ათანასე დიდის სახელზე. ტაძარი არაერთგზის გადაკეთდა, გაუჩნდა მინაშენები. ასეთი რამ დაემართა ათონის მთის ბევრ ტაძარს. წმინდა ათანასეს ტაძრის ფრესკები თეოფანე კრიტელის მოხატულია, სატრაპეზოს ფრესკები კი, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი მოწაფისა. ლავრაში (საკუთრივ მის ტერიტორიაზე) 17 ტაძარია, ხოლო 19 ტაძარი - გარეთ. იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ანას და კავსოკალივიას, კატუნაკიას, კარაულიას სახელგანთქმული სკიტები, კესარია და სხვები, აგრეთვე ღირსი პეტრე ათონელის, ათანასეს, ნილოსის მღვიმეები ლავრას ეკუთვნის. მონასტრის უძვირფასეს განძეულობათა შორის არის უამრავი წმინდა ნაწილი.

ლავრის ბიბლიოთეკაში დაცულია დაახლოებით 2116 ხელნაწერი, 20000 ნაბეჭდი წიგნი და 100 უცხოენოვანი მანუსკრიპტი.

1963 წელს სავანემ დაარსების 1000 წლისთავი იზეიმა. 1980 წლიდან მონასტერი კვლავ საერთო ცხოვრების წესდებაზეა. მის ტერიტორიაზე 50 ბერია, ხოლო მის გარეთ - 300.

                             სიმონოპეტრას მონასტერი.

           

ონოს პეტრას, ანდა სიმონოპეტრას (სიმონის კლდე) წმინდა მონასტერი, რომელიც 1257 წელს, ხილვის შემდეგ დააარსა ღირსმა სიმონმა, უდავოდ ყველაზე გაბედული არქიტექტურული კომპოზიციაა ათონის მთაზე. ის მყარად დგას 330 მეტრი სიმაღლის მთათა სისტემის მწვერვალზე. მთელი ნაგებობა დასტურია იმისა, რომ ასეთი რამ მხოლოდ ღვთის მადლით არის შესაძლებელი.


მონასტრის მთავარი ტაძარი


1363 წელს მონასტერი მთლიანად გადაკეთდა. ამისთვის გულუხვი შემოწირულობა გაიღო სერბეთის მეფემ იოანემ, რომელიც ამის გამო მონასტრის მეორედ დამაარსებლის რანგში იხსენიება.

წმინდა მთის III ტიპიკონში სიმონოპეტრას ოცდამესამე ადგილი ეკავა მაშინდელი ათონის მონასტრებს შორის, ხოლო თანამედროვე იერარქიაში მეცამეტე ადგილზეა.

სამწუხაროდ, ვერც ეს მონასტერი გადაურჩა ჟამთა სიავეს... 1570 წლის ხანძარმა მოსპო უნიკალური დოკუმენტები, მათ შორის - ისინიც, რომლებიც მონასტრის ისტორიის ბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნებოდა.

1622 წლის ხანძარმა დიდი ზიანი მიაყენა მონასტრის ხელნაწერებს.

სიმონოპეტრა, რომელიც საერთო ცხოვრების წესებით ცხოვრობდა, XVII საუკუნეში თვითშენახვაზე გადავიდა. ის არასდროს დაურბევიათ მეკობრეებს, მაგრამ თურქების აუტანლად მძიმე გადასახადებმა ბერებს სავანის დატოვება აიძულა.


მონასტრის ხედი


XVIII საუკუნეში, მღვდელმონაზონ იოსაფატ მიტილენელის უდიდესი ძალისხმევით ასიმოპეტრას (თურქული ბატონობის დროს ასე იწოდებოდა მონასტერი) სავანეს კვლავ დაუბრუნდა სიცოცხლე. XIX საუკუნეში მონასტრის სამხრეთ ნაწილში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენეს.

1891 წელს მორიგმა ხანძარმა მონასტრის ძველი ნაგებობები და საგანძური იმსხვერპლა.

XX საუკუნეში სიმონოპეტრას აღორძინებისა და აყვავების ხანა დაუდგა. განსაკუთრებით კეთილისმყოფელი გამოდგა პერიოდი, როცა ათონის წმინდა მთა თურქებისგან გაათავისუფლეს და მონასტერს განათლებული წინამძღვრები ნეოფიტე, იოანიკე და იერონიმე ჩაუდგნენ სათავეში.

XX საუკუნის შუა ხანებში, მეტადრე - 1963 წელს, როცა ათონი ათასწლოვან იუბილეს დღესასწაულობდა, სიმონოპეტრას არცთუ ნათელი პერსპექტივა ჰქონდა, თუმცა 70-იან წლებში მონასტერი თანდათან გამოცოცხლდა და აღორძინდა.


მონასტრის მეურნეობა


ოდესღაც სავანეს უამრავი საშემოსავლო სახლი და ფერმა ჰქონდა. მათგან უძველესია სიტონიაში მდებარე პეტრიოტიკო. დღეს მონასტერს საშემოსავლო სახლები აქვს სალონიკში, ათენში, ქალკიდაზე, საფრანგეთსა და რუმინეთში.

სიმონოპეტრას ტაძარი, რომელიც დაახლოებით 1600 წელს აიგო, მაცხოვრის შობის სახელზეა ნაკურთხი. ამჟამინდელი სახე მან 1891 წლის ხანძრის შემდეგ მიიღო. მონასტრის ტერიტორიაზე 4 ტაძარია, მის გარეთ - რვა.

მონასტრის არქივში დაცულია უამრავი ბერძნული, თურქული, რუმინული დოკუმენტი, საგალობელთა გრაგნილები, ნაბეჭდი წიგნები, თუმცა ყველა პოსტბიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.

მონასტერში დაცულია ძვირფასი ხატები, შესამოსლები, ვერცხლის ნაკეთობანი, გრავიურები, ანტიმინსები, მაგრამ მისი უდიდესი განძია მარიამ მაგდალინელის მარჯვენა, რომელიც 2000 წელია უხრწნელად ინახება. ამჟამად მონასტერში 50 ბერი მოღვაწეობს.

                                ივერონის მონასტერი.

            

ივერთა მონასტერი X საუკუნის მიწურულს დააარსა წმინდა იოანე ივერიელმა (ქართველმა). ეს მოხდა დიდი ლავრისა და ვათოპედის აგებიდან ცოტა ხნის შემდეგ. წმინდა იოანე წმინდა ათანასე ათონელის თანამოსაგრე იყო. მონასტერმა იოანეს სამშობლოდან მისი თანამოღვაწეები მიიზიდა. ივერთა მონასტრის აშენება შესაძლებელი გახდა იმპერატორის სამხედრო ნადავლითა და შემოწირულობების წყალობით. წმინდა იოანეს ვაჟი, წმინდა ექვთიმე, ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ქართველი წმინდანი, მოგვიანებით მონასტრის იღუმენი გახდა.


კარიბჭის ტაძარი, სადაც
დაბრძანებულია ივერიის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატი („პორტაიტისა")


ადრეულ პერიოდში ივერონს შეუერთდნენ მონასტრები: წმინდა ლეონტისა - სალონიკში, წმინდა იოანე კლემაქსი - იეროსოსში, წმინდა საბასი - ქალდოსში. XIV საუკუნეში სავანეს დიდი ზარალი მიაყენეს კატალონელმა მეკობრეებმა. მაგრამ მონასტერი აღორძინდა პალეოლოგოსების დინასტიის, სერბეთისა და საქართველოს მეფეების უხვი შეწირულობებით. XVI საუკუნეში, ძნელბედობის ჟამს, ქართველი მეფეები მხარში ედგნენ მონასტერს და გაჭირვებიდან იხსნიდნენ ხოლმე მას.

ივერთა მონასტერი არის წმინდა მთის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარიბჭის ხატის სახლი. 1651 წელს რუსეთის მეფის ალექსი რომანოვის (პეტრე დიდის მამის) თხოვნით, ამ ხატის ასლი გაგზავნეს მოსკოვში. ევერიის მონასტერს 1740 და 1845 წლებში ათჯერ გაუჩნდა ხანძარი, 1865 წლის ხანძარმა კი მთლიანად გაანადგურა.

თურქების წინააღმდეგ საბერძნეთის აჯანყების დასაფინანსებლად მონასტერმა თავისი საგანძური გაიღო. იმ დროს სავანეში ცხოვრობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გრიგოლ V, ეროვნული გმირი და მოწამე. ბოლო ქართველი ბერი აქ 1955 წელს გარდაიცვალა. ივერონის მონასტერს მე-3 ადგილი უკავია ათონის მონასტრების იერარქიაში. იგი 1990 წლიდან საერთო საცხოვრებლის ტიპის მიმდევარია.


მთავარი ტაძარი


მონასტრის მთავარი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა ნაკურთხი. მისი ძირითადი ნაწილი აგებულია X საუკუნის ბოლოს, XI საუკუნის დასაწყისში კი რეკონსტრუქცია გაუკეთდა. მონასტრის საუნჯეთა შორის არის „ლიმონის ხე" - ვერცხლის შვიდტოტა შანდალი. სამეუფო კარი შავი ხისაა და მოპერანგებულია ვერცხლით. აქ დაცულია პატრიარქ დიონისე IV-ის სამოსი, რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის მიერ შეწირული სახარება, წმინდა ჭურჭელი, სამოსი, ნაქარგები და აგრეთვე 150 წმინდანის ნაწილები.

ბიბლიოთეკაში ინახება 2000-ზე მეტი ხელნაწერი და 15 ლიტურგიკული გრაგნილი, 20000-ზე მეტი წიგნი. მონასტერში აღიზარდა უამრავი წმინდანი და ღვთისმეტყველი. მას აქვს იოანე ნათლისმცემლის სკიტი, 37 კელია, 16 ტაძარი შიგნით და 10 - გარეთ.

დღეისათვის ივერიის მონასტერში 30-მდე ბერია.

                           გრიგორიატის მონასტერი.


წმინდა გრიგორიატის მონასტერი მდებარეობს ნახევარკუნძულის სანაპიროზე. აქ მოხვედრა შეიძლება მხოლოდ გემით დაფნიდან. სავანე XIV საუკუნეში დააარსა გრიგოლ განდეგილმა. მონასტერი დიონისიატისა და პანტოკრატორის თანამედროვეა. გრიგორიატის დამაარსებლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი გრიგოლ სინელის მოწაფე იყო. ინფორმაციის ნაკლებობის მიზეზი გახდა 1500 და 1762 წლების ხანძრები, გარდა ამისა, მონასტერი არაერთხელ გამხდარა მსხვერპლი მეკობრეების თავდასხმისა. სავანეს აღადგენდნენ მართლმადიდებელი ხელმწიფეების დახმარებებით, მათ შორისაა მოლდავეთის მმართველი იოანე სტეფანე დიდი



. მან უდიდესი როლი ითამაშა სავანის აღორძინებაში და ამიტომაც ითვლება მის მეორე დამაარსებლად. 1762 წელს ხანძრით განადგურებული გრიგორიატი აღდგა იღუმენ იოაკიმეს ხელმძღვანელობით. 1851 წელს აშენდა წმინდა გიორგის ეკლესია, 1851 წელს - წმინდა ნიკოლოზისა. მონასტერში დაცულია 279 ხელნაწერი, მათ შორის 11 პერგამენტია. გარდა ამისა, ინახება დაახლოებით 6000-მდე ნაბეჭდი წიგნი. მონასტრის სიწმინდეებიდან აღსანიშნავია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები, წმინდა ჭურჭელი და სამოსი. გრიგორიატს აქვს 7 ტაძარი თავის ტერიტორიაზე და 6 - ტერიტორიის გარეთ. მონასტრის დაქვემდებარებაშია სამი კაფიზმა და ექვსი კელია. კელია - პატარა უდაბნოა, აქ არის 1-2 ბერის საცხოვებელი და პატარა ტაძარი. კელიის მცხოვრებნი თვითონ ირჩენენ თავს. კაფიზმა, კელიისგან განსხვავებით, მონასტრის სრულ უზრუნველყოფაზეა.

ათონის მონასტრების იერარქიაში 1574 წლიდან მონასტერი მე-17 ადგილზეა.

                                                     დაფნი

            

დაფნი კარიესის, ათონის სამონასტრო რესპუბლიკის დედაქალაქის, ნავსადგურია და მისგან რვა კილომეტრზე მდებარეობს. პორტი ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზეა გაშენებული. მომლოცველები იქ პატარა გემებით მიემგზავრებიან ურანოპოლიდან (მგზავრობას 1,5-2 საათი სჭირდება), ხოლო შემდეგ მიხვეულ-მოხვეული გზით კარიესისკენ მიემართებიან (მგზავრობა ოცდათხუთმეტიოდე წუთს გასტანს).

დაფნის პორტს, რომელიც სიმონოპეტრას და ქსეროპოტამის მონასტრებს ექვემდებარება, აქვს ნავმისადგომი, საბაჟო, სააგენტოები, სასტუმროები, კავშირგაბმულობა.

ერთ-ერთი ვარაუდით, ნავსადგურს სახელი ამ მხარეში დაფნის ხეების სიმრავლის გამო დაერქვა, მითოლოგიური ვერსიის თანახმად კი დაფნი არკადიელი მდინარის ღმერთის ქალიშვილი იყო, რომელიც მასზე შეყვარებულ აპოლონს ამ ქალაქის სანახებში დაემალა.

                                წმიდა პავლეს მონასტერი.




სავანე ათონის მთის დასავლეთ ნაწილში, ნავსადგურთან ახლოს მდებარეობს. მონასტრის აღმშენებლად, გადმოცემით, X საუკუნის მოღვაწე ღირსი პავლე ქსიროპოტამელი მიიჩნევა.


მონასტრის მთავარი ტაძარი


ათონზე კატალონიელების თავდასხმის შემდეგ მონასტერმა დროებით დაკარგა დამოუკიდებლობა და ქსიროპოტამის მონასტრის სენაკებად იქცა. 1370 წელს, სერბეთის ბატონის გიორგი ბრანკოვიჩის წყალობით, მან დამოუკიდებლობა დაიბრუნა და გაძლიერდა. XV-XVII საუკუნეებში აქ ხალისით სახლდებოდნენ სლავი ბერები.

ხანძრებისა და სხვა უბედურებების, მათ შორის - 1911 წლის წყალდიდობის შედეგად მონასტერმა არაერთი ნაგებობა დაკარგა, რომლებიც დროთა განმავლობაში აღადგინეს. უფლის მირქმის სახელობის ტაძარი 1839-1844 წლებში ხელახლა აშენდა და მთლიანად მარმარილოთი მოპირკეთდა. ტაძრის კანკელი ათონის ხეზე კვეთის კლასიკური ნიმუშია. შემორჩენილ ნაგებობათაგან უძველესია XVI საუკუნის თავდაცვითი კოშკი.

სავანეში 12 სალოცავია. ბიბლიოთეკაში ხუთასამდე ხელნაწერი და თორმეტი ათასზე მეტი ძველი ნაბეჭდი წიგნი ინახება. ხელნაწერთაგან 174 სლავურია.


























კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3981 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 2.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები