ორშაბათი, 29.04.2024, 14:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili.
10:21
ლადო გუდიაშვილი – Lado Gudiashvili.

   

   ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წლის 18 მარტს თბილისში. გუდიაშვილების გვარი წარმოშობით მთიულეთიდანაა. მშობლები მთიელები იყვნენ. მამა – დავით გუდიაშვილი დუშეთიდან იყო, დედა – ელისაბედი – ფასანაურიდან. დავითს ელისაბედი ცხენით მოუტაცებია. ერთხანს, დუშეთში უცხოვრიათ, შემდეგ კი თბილისში გადმოსულან საცხოვრებლად და ბინაც ძველ უბანში, ჩუღურეთის მახლობლად, რიყის ქუჩაზე დაუდვიათ.


დავითის ოჯახი არ მონაწილეობდა ჩუღურეთის მოჰემურ ცხოვრებაში. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და მთელ თავისუფალ დროს, ორი ვაჟის – ვახტანგისა და ლადოს აღზრდას ანდომებდნენ. ოჯახში იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს, ქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები, მართავდნენ საოჯახო კონცერტებს, ბავშობის წლების გახენება ლადო გუდიაშვილს დადებით ემოციებს ჰგვრიდა.

,,ჩემმა ბავშოვობამ, – იგონებდა მხატვარი, – ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, უაღრესად კოლორიტული უბანი”.

მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზედაც კი…

მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ელისაბედმა შვილის მუსიკოსად აღზრდა განიზრახა და კერძო მასწავლებელიც გამოუძებნა. მთელი წელიწადი სწავლობდა ლადო ვიოლინოზე დაკვრას, ჩასწვდა მუსიკის საიდუმლოებას, მაგრამ როგორც კი ვიოლინოზე დაკვრას დაიწყებდა, გულის არეში საშინელ სპაზმებს გრძნობდა.

,,კარის ექიმმაც არ დააყოვნა და ,,განაჩენი” გამოუტანა – ვიოლინო სამუდამოდ განიდევნა ლადოს ოთახიდან.

იმ პერიოდში გუდიაშვილების მეზობლად გერმანელი მხატვარი, ზომერი ცხოვრობდა. ის ხშირად დადიოდა დავითის ოჯახში.

მასპინძელს გაესაუბრებოდა, ჭიქა ღვინოს გადაჰკრავდა და გამხიარულებული ბრუნდებოდა საკუთარ ბინაში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ელისაბედმა გერმანელ მხატვარს ლადოს ჩანახატები დაუწყო წინ. ზომერმა გამოცდილი თვალი შეავლო ნახატებს, ნორჩი მხატვრის ნამუშევრებში ინდივიდუალური ხელწერა და სიახლისადმი ლტოლვა აღმოაჩინა და აღფრთოვანებულმა, პათეტიკური ტონით წამოიძახა: – ,,ამ ბიჭუნასგან ნამდვილი მხატვარი, დიდი მხატვარი დადგება!” ზომერის ,,ვერდიქტი” ოჯახმა ურყევ ჭეშმარიტებად აღიქვა.

1910 წლის აგვისტოში ლადო ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს, რომელიც თბილისში დაარსა ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელმა კავკასიის საზოგადოებამ. ლადო გუდიაშვილი თავის „მოგონებების წიგნში" წერდა: „სამხატვრო სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, გელათში ექსკურსიაზე რომ წაგვიყვანეს: როცა ტაძარში შევედი, საოცარი განცდა დამეუფლა: ფანტასტიკური სანახავი იყო, მზე სარკმლიდან რომ ჭვრეტდა ღვთისმშობლის მოზაიკას. ეს მზის სხივი ისე საოცრად ანათებდა მას, რომ ცრემლის გორგალი ძლივს გადავყლაპე." გელათის ტაძარში განცდილი ემოცია წუთიერი აფექტი არ ყოფილა, ლადო გულმოდგინედ შეუდგა ძველი ტაძრების არქიტექტურისა და ფრესკული ხელოვნების შესწავლას. მცხეთაში რომ ევლო, ველოსიპედი იყიდა და ყოველ დღე ოცდაერთ კილომეტრს გადიოდა. ერთხელ ქარმა გზიდანაც გადააგდო და ხელი იტკინა.

1914 წელს ლადომ დაამთავრა ფერწერისა და ქანდაკების სკოლა პირველი ხარისხის დიპლომით. მას მიანიჭეს მხატვარ-პედაგოგის წოდება და იმავე წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა ხატვის მასწავლებლად (1914-1919).

პედაგოგობის პარალელურად ლადო დიდი გატაცებით შეუდგა შემოქმედებით მუშაობას. პირველი ნახატები 1914 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში". 1915 წელს მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება” და ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების აღწერას, შეგროვებასა და ფრესკების ასლების გაკეთებას მიჰყვეს ხელი. იმავე წელს შეხვდა გუდიაშვილი ნიკო ფიროსმანს და საზოგადოებისგან გაგზავნილი დახმარება გადასცა.

გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს "ცისფერყანწელებს” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო.

ერთხელ ცისფერყანწელებს ლადო გუდიაშვილისთვის უთხოვიათ, ჩვენი ჟურნალისთვის რაიმე დაგვიხატეო. ლადოს ნიამორები დაუხატავს და მიუტანია. მხატვარს ჟურნალის რედაქტორისთვის, ვალერიან გაფრინდაშვილისთვის, უთქვამს, ნიამორებს უყვართ სივრცე და ნავარდი, სწორედ ამიტომ ავირჩიე თქვენი ჟურნალის სიმბოლოდ ისინი და ძალიან გთხოვთ, თქვენს ჟურნალსაც „მეოცნებე ნიამორები" დაარქვითო. ასე გახდა ჟურნალის ნათლია ლადო გუდიაშვილი. ცისფერყანწელები კი სამუდამოდ დარჩნენ მეოცნებე, სივრცეში მონავარდე ადამიანებად.

1917-19 წლებში ლადო გუდიაშვილმა შექმნა თბილისისადმი მიძღვნილი ციკლი, რომლის მთავარი პერსონაჟები კინტოები და ყარაჩოხელები არიან: "სტეპკოს დუქანი”, "ქრისტინე”, "კინტოების ქეიფი ქალთან”. 1917 წელს თბილისში მოხატა ძველი კაფე "ფანტასტიკური დუქანი”. 1919 წელს ხუთ მხატვართან ერთად მონაწილეობდა „ცისფერყანწელთა" საყვარელი კაფე "ქიმერიონის” მოხატვაში.

ამავე წლებში ლადო გუდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” სამ უმნიშვნელოვანეს ექსპედიციაში: 1916 წელს ნაბახტევის ეკლესიის XV საუკუნის ფრესკების გადმოსახატად მოწყობილ ექსპედიციაში, ამის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესასწავლ ექსპედიციაში, 1917 წელს კი სამხრეთ საქართველოში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების – ოშკის, ხახულის, იშხნის, არხლის, ოთხთა ეკლესიის შემსწავლელ ექსპედიციაში, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ექსპედიციებში ლადო გუდიაშვილი ეცნობოდა ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. „ამ ფრესკებმა საკუთარი თავი მაპოვნინეს." – იგონებდა მხატვარი. „ლადო ფრესკებისათვის იყო დაბადებული, ფრესკა იყო მისი სამყარო, რომლის გახსენებაზე ჟრუანტელი უვლიდა ტანში, წონასწორობასაც კი ჰკარგავდა." – მოგვიანებით წერდა მხატვრის მეუღლე ნინო გუდიაშვილი.

ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, 1919 წელს თბილისში, დიდების ტაძარში (ახლანდელი სურათების გალერეა) მოეწყო გამოფენა, საუკეთესო მხატვრების გამოსავლენად, რათა ისინი დაოსტატების მიზნით გაეგზავნათ პარიზში. გამოფენაზე ლადოს 78 ნახატი და სურათი გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის ბოჰემური ყოფის ამსახველი სურათები და საქართველოს წარსულით შთაგონებილი ლეგენდები და სიუჟეტები: "თბილისის აღმოჩენა”, "ქალი მზეთამზე”, "თევზი ცოცხალი”, "ხაში”, "ძმა-ბიჭების ქეიფი”.

გადაწყდა საზღვარგარეთ გაეგზავნათ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. 1919 წელს ნახევრად სამგზავრო და ნახევრად სატვირთო იტალიური გემით "ფრანს ჟოზეფ” ლადო გუდიაშვილი დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთს გაემგზავრა, სადაც 1926 წლამდე დაჰყო. მათ თვე-ნახევარი დაჰყვეს ერთად რომში, სადაც მოინახულეს სახელგანთქმული მუზეუმები. რომიდან პარიზში მატარებლით გაემგზავრნენ. ყოველ გაჩერებაზე ჩადიოდნენ სადგურში, ათვალიერებდნენ ბუნებას. ლადო ღამითაც არ ღალატობდა ამ ჩვევას. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ჩასვლა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა – ვაგზლის მოედნის დათვალიერებით გატაცებული ლადოს თვალწინ ვაგონებმა გაირბინა… მან ძლივს მოასწრო ბოლო ვაგონის საფეხურზე შეხტომა, მაგრამ… ვაგონის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბევრი აბრახუნა, მაგრამ ამაოდ. მომავალ სადგურამდე კიბეზე მგზავრობა მოუხდა. ცივი ღამე იყო, ორთქმავლის ჭვარტლი სახესა და ხელებზე სქელ ფენად ედებოდა ლადოს… გამურული დაბრუნდა კუპეში. შეშინებულმა დავითმა ძლივს იცნო მეგობარი…

იმ წლებში პარიზში ქართველ მხატვართა მცირე კოლონია შეიქმნა. ლადოს და დავით კაკაბაძის გარდა პარიზში იმყოფებოდნენ შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი. სულ ადრე გარდაცვლილი შალვა ქიქოძის გამოკლებით, ყველანი დაურუნდნენ სამშობლოს და ყველამ თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრეს ახალი ქართული ხელოვნების განვითარებაში.

ლადო პარიზში სწავლობდა რონსონის ე.წ. "თავისუფალ აკადემიაში”, დადიოდა პარიზის სამხატვრო აკადემიაშიც (კორმონის სახელოსნო). მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, რომში, ვენეციაში, ინდოეთში, ბრიუსელში, ამსტერდამში. ლადო პარიზში განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს.

პარიზში ყოფნისას მონაწილეობდა პარიზულ სანახაობებში. ერთხელ მან საკარნავალო კოსტიუმი შეიკერა. თმა გადაიპარსა, თავზე თბილისიდან წამოღებული წითელი ბაღდადი მოიხვია, განიერფარფლებიანი ქუდი დაიხურა და კოვბოების საზეიმო მსვლელობას შეუერთდა..

ზეიმის შემდეგ, კაფე "როტონდაში” შეიარა ყავის დასალევად. კაფეში მეგობარ მწერლებს შეხვდა, საუბარი გააბეს. გაცხარებულ საუბარში გართულს არც კი უგრძვნია, ხელზე ბორკილები როგორ დაადეს..

მეგობრებმა საქმის ვითარება იკითხეს.

- ამერიკელი პოლიციელი ვარ, დიდი ხანია, ამ ყაჩაღს დავეძებ და ძლივს ვიპოვე – თქვა უცნობმა, თან ჯიბიდან ლადოს ორეულის სურათი ამოიღო. საქმეში ჩაერივნენ ამერიკელი მხატვრები. რომლებმაც დიდი გაჭირვებიც დაარწმუნეს თანამემამულე,

რომ მის წინ ყაჩაღი კი არა, ქართველი მხატვარი იდგა.

1920 წელს, "საშემოდგომო სალონში” მოეწყო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა – ორი სურათი გამოფენის პირველსავე დღეებში გაიყიდა, ერთ-ერთი მათგანი "კინტოების ქეიფი” – ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო სულოაგამ შეიძინა.

გამოფენის მდივანმა ლადოს სთხოვა სურათი შეეფასებინა. სიხარულისაგან მხატვარმა ცრემლების "ბურთი” ძლივს გადაყლაპა და აკანკალებული ხმით მდივანს უთხრა:

- ,,მუსიე, რას ბრძანებთ? მაესტრომ ჩემი სურათი მოიწონა და რომელ ფასზეა ლაპარაკი?, ყველა საჩუქრად მომირთმევია, თუკი ჩემი სურათები მას სიამოვნებას ანიჭებს…

მეორე დღეს, ესპანელი მხატვარი თავად ეწვია ლადოს სახელოსნოში, კარგა ხანს ათვალიერა სურათები, რამდენიმე აარჩია.

- ამ ნახატებს თუ შეელევითო? – ჰკითხა.

როდესაც მხატვრისგან თანხმობა მიიღო, გაიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო და თქვა: ,,მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა მიჭირდა, მე ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთ…

1922 წელს ლადო გუდიაშვილმა პარიზის "ლა ლიკორნის” გალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელზეც პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: "პარიზში ეს ყმაწვილი კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებას – დარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად”.

1925 წელს კი მხატვრის მეორე გამოფენა მოეწყო, ამჯერად "ბიიეს” გალერეაში, რომელსაც ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად. გამოფენის კატალოგის წინასიტყვაობაში ცნობილი ფრანგი ხელოვნებათმცოდნე ანდრე სალმონი წერდა: "ლადო გუდიაშვილი თავის მოწოდებად რაცხს, უწინარეს ყოვლისა, იყოს მხატვარი. არადა, მოგეხსენებათ, რას ნიშნავს მხატვრობა დელაკრუას, კურბეს, სეზანის, სიორას შემდეგ. ამასთანავე, იგი საკუთარი ნატურის იდუმალებისა და თავისი რასისმიერი ინსტიქტების წყალობით შესანიშნავად ახერხებს დარჩეს პოეტად, რისთვისაც იგი მუდამ ეყვარებათ. მე მას ვერავის შევადარებ… იქნებ ლადო გუდიაშვილი მამამთავარია ხელოვნებისა, რომელიც ახალგაზრდა, უწინ ჩაგრულმა ერმა, ხვალ უნდა შექმნას? მე მჯერა, რომ ჩემს თბილისელ ჭაბუკ მეგობარს ბრწყინვალე მომავალი აქვს”.

1925 წელს საფრანგეთში გამოიცა მორის რეინალის მონოგრაფია "ლადო გუდიაშვილი”. მორის რეინალი წერდა: "ლადო გუდიაშვილის ექსპოზიცია ჩვენთვის იყო აღმოჩენა, რომელმაც უაღრესად თავისებური მხატვარი წარმოგვიდგინა. იგი აზროვნებს ისევე რთულად, ან, შესაძლოა, ისევე სადად, როგორც ადამიანები მისი ქვეყნისა, რომელსაც უძველესი ცივილიზაცია აქვს. პარიზული გემოვნების მაცდუნებელ მრავალფეროვნებაშიც, სრულად შეინარჩუნა ეროვნული თავისებურებანი, დარჩა ქართველად მას შემდეგაც, რაც მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა გამომსახველობით ხერხებს ეზიარა.” ლადოს წარმატება დღითიდღე იზრდებოდა. მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის "პრადოს” მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა.

მიუხედავად დიდი წარმატებებისა ლადოს არ ასვენებდა სამშობლოზე ფიქრი. მშობლიური მიწის ყივილი ძლიერი იყო.

"საქართველოსკენ, რაც შეიძლება მალე!” – აი, ერთადერთი ფიქრი, რომელიც სამშობლოს მოსწყვეტილ მხატვარს ასულდგმულებდა. ლადომ სამშობლოში დასაბრუნებლად თადარიგი ადრიანად დაიჭირა, ბარგი მოამზადა და მარსელში გააგზავნა, ბილეთიც წინასწარ შეუკვეთა, წამოსვლის წინ, პარიზში ნაცნობ-მეგობრებს აცრემლებული გამოემშვიდობა.

სახელოსნოში დაბრუნებულს, კართან ნაცნობი მამაკაცი დახვდა – პარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი. ის ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერი მხატვრებისგან ჩალის ფასად ყიდულობდა სურათებს, ჯერ საკუთარ გალერიაში გამოფენდა და შემდეგ – მამასისხლად ყიდდა…

ლადოს სტუმრად მოსული როზენბერგი არწმუნებდა: ,,თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს როცა იწყება თქვენი აღიარება, თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა.. თუ გინდათ ამაღლდეთ დარჩით”.

ამ შეხვედრას ლადო მოგვიანებით ასე იხსენებდა: ,,მე ავღელდი. ამ სიტყვებს მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მეცენატობა გაუწია პიკასოს, დერენს, მატისს, მან გაუხსნა გზა ბევრ მხატვარს”.

1926 წელს ლადო ფრანგული გემით დაბრუნდა საქართველოში. ,,მახსოვს, – იგონებს ლადო, – როგორი სიხარული ვიგრძენი, როცა საქართველოს სანაპირო დავინახე. მზით განათებული შემომხვდა აჭარის მწვანე მთები.. ხუთი წლის წინ მასთან განშორების სევდა და ტკივილი ახლა ისეთი სიხარულით მეცვლებოდა რომ სუნთქვა შემეკრა.. ალბათ ამ ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება ვიდრე სამშობლოში დაბრუნება. წარმოუდგენელი განცდა დამეუფლა როცა მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი”.

პარიზიდან დაბრუნებულს დახვდა სხვა სინამდვილე, გაწითლებული სამშობლო, სადაც "სოციალისტური რეალიზმის” დროშა ფრიალებდა, რაც მისთვის, როგორც თავისუფალი ხელოვანისათვის მიუღებელი უყო. ახალი სამყარო მისგან მოითხოვდა არა ძველი თბილისის ბოჰემურ სურათებს, არამედ სხვა თემებსა და სახეებს, გამომსახველობის სხვა ფორმებს. „გუდიაშვილის სურათებში ტრაგიკული განწყობილებაა, რომელიც შეუძლებელია საბჭოთა ნიადაგზე აღმოცენდეს". – ამგვარ დასკვნებს წერდნენ „ხელოვნებათმცოდნენი", მოითხოვნენ, ახალი ცხოვრებისათვის გაეღო ხარკი. არ მოუწონეს „ვეფხისტყაოსნის" დასურათება.

1926-1932 წლებში ლადო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას პროფესორის ხარისხით, სადაც ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას. 1927 წელს ლ. გუდიაშვილი უკავშირდება კოტე მარჯანიშვილს და მის თეატრში აფორმებს არაერთ სპექტაკლს ("მზეთამზე”, "არსენას ლექსი”).

სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოწყობილ ვერნისაჟზე ლადომ ერთი მოხდენილი ქალიშვილი შენიშნა, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. შემდგომ, ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა გამოფენაზე და საათობის შესცქეროდა ტილოებს. წასვლისას უეჭველად მიდიოდა ლადოსთან და თავაზიანად გამოეთხოვებოდა..

ხშირმა შეხვედრამ მხატვარსა და ქალიშვილს შორის მეგობრობის იდუმალი ძაფი გააბა. გოგონა ნინო მგელაძე აღმოჩნდა. ის რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში სწავლობდა. გამოფენამ მტკიცეთ დაამეგობრა 30 წლის ლადო და 16 წლის ქალიშვილი. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ ლადომ შესთავაზა – მეწვევით სახელოსნოში, თქვენს პორტრეტს დავხატავო.

მართლაც 1930 წლის თებერვალში, პაემანი შედგა. ქალიშვილი ლადოს ეწვია. ერთ თვესაც არ გაევლო იმ სტუმრობიდან, ლადომ მეგობრული ვახშამი გამართა და შინ მიიწვია მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ტიციანი, პაოლო და სხვები. სტუმართა შორის ნინოც იყო. სუფრას ნიკოლოზ შენგელაია თამადობდა. ნიკოლოზმა პირველი სასმისით ლადო და ნინო ადღეგრძელა, ბედნიერი ცხოვრება უსურვა. ნინომ დაირცხვინა, იუხერხულა, მე რა შუაში ვარ? , – იკითხა. ასეთი შეკვეთა მაქვს მასპინძელისგან,- უპასუხა თამადამ.

სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე, ლადოსა და ნინოსკენ გააპარეს თვალი. მათ წინ ორი ერთნაირი ფინჯანი იდგა. ყველა მიხვდა ლადოს ჩანაფიქრს…

ახალშეუღლებულებმა გადაწყვიტეს, შვებულება გაგრაში გაეტარებინათ. ჯერ ბათუმს ეწვივნენ, იქიდან კი გემით გაგრისკენ აიღეს გეზი. მაგრამ საქორწინო მოგზაურების პირველი დღე უიღბლო აღმოჩნდა: როგორც კი გაგრაში ჩავიდნენ, ლადომ რატომღაც ჯიბეზე მოისვა ხელი და.. ჯიბის ოსტატებს უკანასკნელი მანეთიც წაეღოთ…

ის ღამე ზღვის პირას გაათენეს. კიდევ კარგი, რომ გაგრაში ვერიკო ანჯაფარიძე და ბესო ჟღენტი ისვენებდნენ – მეგობრებმა გაჭირვებისგან იხსნენს ცოლ-ქმარი.

ქორწინების შემდეგ, ნინო ლადო გუდიაშვილის შემოქმედების პირველი კრიტიკოსი გახდა – როგორც კი სურათი დაიბადებოდა, პირველი, ვისაც უფლება ჰქონდა ენახა იგი და გამოეთქვა აზრი ნინო გუდიაშვილი გახლდათ…

ომი ახალი დამთავრებული იყო, ლადო ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად ბიჭვინთას ეწვია. საღამო ხანი იყო, ეკლესიის შესასვლელთან ლადო ახალგაზრდა მეგობარს ესაუბრებოდა. მათ უცნობი წყვილი მიუახლოვდა, მისალმების შემდეგ, ფრან ცოლ-ქმარს ლადომ ეკლესია დაათვალიერებინა. გაკვირვებული ფრანგები აღტაცებას ვერ ფარავდნენ… გამოთხოვებისას მამაკაცმა ლადოს ჰკითხა: ,,საფრანგეთში ერთი ქართველი მხატვარი ცხოვრობდა, გვარად გუდიაშვილი. კარგი მხატვარი ყოფილა, მისი ტილოები მინახავს, კერძო კოლექციებში. ცოცხალი აღარ არისო, – გვითხრეს და ხომ არ გაგიგიათ რით დაიღუპა?” ლადომ უცხოელს გაუღიმა და უთხრა – განა ყველა ნათქვამი დაიჯერება?! ის მხატვარი – გუდიაშვილი მე გახლავართო…

ხელოვანს მიაჩნდა რომ ყველაზე მეტი რამ მონუმენტური ფრესკული მხატვრობიდან ისწავლა. ჰქონდა უნარი ცხოვრების საიდუმლოების გახსნისა და ტილოზე გადმოცემისა. დასვენების დროს, შრომა ენატრებოდა. თოვლი არასოდეს დაუხატავს რადგან ცივიაო… მზის დახატვას გაურბოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მზე თვითონ ნახატში უნდა იგრძნობოდეს… მართლაც მხატვრის ტილოებზე მოციმციმე მზის სხივები, წლის ნებისმიერ დროს ათბობს ადამიანს…

1946 წელს კათალიკოს-პატრირქმა კალისტრატემ გადაწყვიტა, ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარი მოეხატათ. ამის თაობაზე თხოვნით მიმართა მხატვართა კავშირსაც და ლადო გუდიაშვილსაც. ორივე მხრიდან თანხმობა მიიღო. გუდიაშვილი ასე იგონებდა იმ პერიოდს: „მე გადავწყვიტე, ღვთისმშობელი წამომეყვანა ჩვენსკენ, მიწისაკენ. უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე, ვხატავდი ენკაუსტიკის ურთულესი წესით – ცხელი, ადუღებული ფერებით. მაგრამ ფერადი ფხვნილები არ იშოვებოდა, ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ ძველ მღებავებს… ხარაჩოებზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაყენებული, სისხლი მდიოდა ხოლმე ცხვირიდან."

ლადო დღე და ღამე ხარაჩოზე იდგა, მხოლოდ ორი ადამიანი ეხმარებოდა. „კეთილისმყოფელნი" თავიდავნე არწმუნებდნენ, უარი ეთქვა ამ საქმეზე. მოშურნენიც გამოცოცხლდნენ და უშიშროების კომიტეტში წერილები დააგზავნეს. საბოლოოდ, გუდიაშვილს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს, კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა. საპატრიარქო და მრევლიც დაეჭვდა, წმინდანთა სახეები ტრადიციულ ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა, მხატვარს ურწმუნოება და ღვთის გმობა დასწამეს. ცხრა თვისა და ცხრა დღის შემდეგ მოხატვა შეაწყვეტინეს.

უარყოფილი მხატვარი თითქმის ათი წელი ჩუმად, თვალსმოფარებული მუშაობდა. ორმოცი წელი ისე გავიდა, გუდიაშვილს პერსონალური გამოფენა არ გაუმართავს. დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით 1957 წელს 12 მაისს თბილისში დიდი ექსპოზიციის გახსნა დაიგეგმა. კატალოგი დაიბეჭდა, სამხატრო გალერეაში ტილოები განათავსეს, მაგრამ რომელიღაც „ჩინოვნიკმა" გადაწყვიტა, გამოფენა აღარ გაეხსნათ. ხმა უცებ გავრცელდა, გამოფენა აკრძალეს და ნახატები უნდა გაიტანონო. სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა მთელი ღამე საგამოფენო დარბაზთან გაატარა, დილით უკვე იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იძულებულნი გახდნენ, დარბაზის კარი გაეღოთ. საზოგადოებამ უპრეცენდენტო მასშტაბის, 835 ნახატი იხილა. ოფიციალური გახსნა 14 მაისის საღამოსღა მოეწყო, მხატვარს ოვაცია ქუჩაშივე გაუმართეს. ამ გამოფენას მოჰყვა ლადო გუდიაშვილის საყოველთაო აღიარება და სიყვარული.

"…საკუთარმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ კეთილს ძალიან ხშირად გვერდიგვერდ მისდევს ბოროტება, როგორც კარგი მეგობრები, ისე დადიან ქვეყნად. რა დასამალია და ზოგჯერ ბოროტი სჯობნის სიკეთეს”… – წერდა ლადო გუდიაშვილი "მოგონებათა წიგნში”.

გუდიაშვილის გამოფენამ ბევრი ახალგაზრდის ესთეტიურ სამყაროში ზღვარი გაავლო. მათ პირველად ნახეს „საბჭოთა მხატვრის" ნამუშევრები, რომელზეც ჩაის ბუჩქი და ქარხანა არ იყო გამოხატული, ფოტოგრაფიული პორტრეტის ნაცვლად ადამიანი, ზოგჯერ ნახევრად შიშველი სხეული ეხატა. „არ მინახავს მანამდე რომელსამე გამოფენაზე ასეთი მღელვარე, შეიძლება ითქვას, აღგზნებული განწყობილება. ყოველი სურათის წინ იდგნენ, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, განიცდიდნენ." – წერდა ვახტანგ ბერიძე. შემდეგ გამოფენა მოსკოვშიც გადაიტანეს. გუდიაშვილი მაინც ვერ ასცდა კრიტიკოსთა მახვილს, „მისტიკოს" და „ეროტომან" მხატვრად მონათლეს.

ლადო გუდიაშვილის როგორც შემოქმედის წარმატების მიზეზი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობა, მხატვრულ სახეთა მდიდარი სამყაროა. მისი ნახატები ხან სადღესასწაულო, ამაღლებულ, „ზღაპრულ" განწყობილებას ქმნის, ხან ფსიქოლოგიურად ღრმასა და დრამატულს, ხან თეატრალურ სანახაობას წარმოგვიდგენს, ხან გროტესკულს. გუდიაშვილს ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფომის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლენას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ.
შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველელი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონოდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით, საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებულ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან”, 1919; "მოქეიფენი ეტლში”, "თევზი ცოცხალი”, "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე”, სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა”, 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია”, 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; "ქალი კლდეებში”, 1923, მხატვრის სახელოსნო; "ირმის ტბის პირას”, 1923, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველობას აღწევს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე”, 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; "ყეენობა თბილისში”, 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "საკადრისი პასუხი”, 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა). თანამედროვე საქართევლოს ცხოვრება ("კოლმეურნეთა ბრიგადის დაბრუნება”, 1946, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი; "სიმღერა მშვიდობაზე”, 1951, კურორტ მენჯის კულტსახლი და სხვა), ისტორიულ პირთა და ტანამედროვეთე პორტრეტები ["ნიკო ფიროსმანაშვილი", 1928, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1941; "ბექა და ბეშქენ ოპიზარები", 1946; ორივე მხატვრის სახელოსნო; "თამარ ციციშვილი", 1940, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნინო გუდიაშვილი" (მხატვრის მეუღლე), 1937, მხატვრის სახელოსნო; "აკადემიკოსი დ. უზნაძე", 1945, კერძო კუთვნილება; "ნათელა ახვლედიანი", 1941, კერძო კუთვნილება; და სხვა]. ადამიანის ნათელი და ბნელი საწყისების ამსახველი ჟანრული სცენები ("ბოროტი ოჯახი”, 1929; "ფლიდი ცოლი”, 1944; "ახალი და ძველი”, 1932; "ვეფხის მკურნალი”, 1934; ყველა მხატვრის სახელოსნო, და სხვა). გუდიაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელობანი ადგილი უჭირავს მშვენიერების ტემას, რომელსაც იგი დიდი სითბოთი და პოეტური აღფთოვანებით გადმოგვცემს ("მაია სატრფოს მოლოდინში”, 1940; "საქორწინო განბანა”, 1942; "ეთერი სარკის წინ”, 1940; სამივე მხატვრის სახელოსნო; "გოგონები საყვარელ ნაკადულთან”, 1943, კერძო კუთვნილება, და სხვა). განმსაკუთრებით აღსანიშნავია II მსოფლიო ომის საშინელებისადმი მიძღვნილი გრაფ. სერია ("საზიზღარი ქვეწარმავალნი”, 1942; ჰიტლერის ფანტაზიის კოსმოსური გაფრენა”, 1943; "აგრესორის ულტიმატუმი”, 1942, ყველა მხატვრის სახელოსნო). სხვა გრაფიკულ სერიაში ალეგორიული და სიმბოლური სახეებით არის გაკიცხული ადამიანის ბოროტება ("ტვინის ჭყლეტა”, "მცდარი მისამართი”, 1955, "თავმოკვეთილი მეუღლე”, "ფუჭი დიდების აღსასრული”, "სილამაზის მესაფლავენი”, 1941, ყველა მხატვრის სახელოსნო, და სხვა). ქართველ მხატვართაგან გუდიაშვილმა პირველმა დაასურათა (XVII ს. მინიატურების შემდეგ) და გრაფიკულად გააფორმა "ვეფხისტყაოსანი” (1934); მას ეკუთვნის ილუსტრაციები სულხან–საბა ო
კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1932 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.0/9
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები