ორშაბათი, 29.04.2024, 12:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ლაზები – Lazi.
12:38
ლაზები – Lazi.

მცირე ისტორიული ექსკური

ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ…
ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია…



ლაზები წყაროებში პირველად ძვ. წ. I საუკუნეში იხსენიებიან. ძვ. წ. I საუკუნის ბოლო პერიოდიდან ლაზები მნიშვნელოვან ეთნიკურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. ამ პერიოდში, როდესაც კოლხეთის სამეფოს რომაელები შემოესივნენ, კოლხებმა ნდობა დაკარგეს რომის წინაშე და სამეფოს ხელისუფლების ჰეგემონია კოლხების მონათესავე ტომის ლაზების ხელში გადავიდა, რომელნიც რომის ბატონობის პერიოდში დაწინაურდნენ და მეფეებსაც ამ ტომიდან ირჩევდნენ.
პოლიტიკური მესვეურობის კოლხებიდან ლაზების ხელში გადასვლას თვით სახელმწიფოებრივი სახელწოდების შეცვლაც მოჰყვა და ამიერიდან რომაელებმა მას, ნაცვლად კოლხეთისა, ლაზიკა ან ლაზიკე დაარქვეს. იოანე ლიდე (V-VI ს.) წერს: "კოლხიდას ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ჰეგემონისაგან” . 

აქედან გამომდინარე, "კოლხიდას” იმიტომ ჰქვია ამჟამად "ლაზიკე”, რომ ამ ქვეყანაში ჰეგემონობა ლაზებს მოუპოვებიათ.
ამგვარად, IV-V საუკუნეებში ჩამოაყალიბდა ლაზიკეს სამეფო, რომელიც დღევანდელ მთელ დასავლეთ საქართველოს და მის მიმდებარე ტერიტორიებსაც მოიცავდა.
პონტოელი ლაზები (ჭანები) ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ. კოლხი ლაზები, რომელთაც შემდგომ მეგრელები ეწოდათ.
სამართლიანად აღნიშნავს აკად. ნ. ბერძენიშვილი: "VI საუკუნის ლაზიკაში აღარ ჩანდა აგრე რიგად ტომობრივი გამოკვეთილობა (არც პოლიტიკური და არც ეთნიკური) რომ ლაზიკა ერთი მთლიანი ხალხი იყო და ძველი ტომობრივობის კვალი გაქრობის გზაზედ იდგა. თორემ ძველად რომ ეს ტომობრივობა აშკარად ჩანდა, ამას ხომ ძველი ბერძნული წყაროები მოწმობენ (ეკრიკტიკე, მონრალოი) ჩანს, ამ ხნის განმავლობაში ეს უახლოესი მონათესავე ტომები (ლაზები, ეგრები და სხვ.) ერთიმეორეს ისე დაახლოებიან, ერთიმეორეს ისე შერწყმიან, რომ მათი სხვადასხვაობა ჩვეულებრივი მიმომხილველისათვის შეუმჩნეველია.

ამასვე მოწმობს ის გარემოება, რომ პროკოპი მათ ყველას ერთი სახელით იცნობს – ლაზი – და ისიც, რომ ეს "ლაზები”, თავისი ძველი ტომობრივი წარმომავლობის მიუხედავად, ყველანი თავიანთ თავს კოლხთა ჩამომავლად სთვლიან”(2).
ლაზეთს უხდებოდა თავგანწირული ბრძოლა რომის, ბიზანტიისა და ირანის წინააღმდეგ. მტრებს აინტერესებდათ თავისი პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექციათ ლაზიკა.

პოლიტიკურ ბრძოლას თან სდევდა რელიგიური დაპირისპირება. პირველსავე საუკუნეში ლაზეთში დამკვიდრებულ ქრისტიანობას რომი ებრძოდა თავისი წარმართული რწმენით. იმავდროულად სპარსეთი მაზდეანობის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) დამკვიდრებას უშედეგოდ ცდილობდა.
დამპყრობლებთან ბრძოლაში, ბრძნული, მომგებიანი პოლიტიკის გატარებაში თავი ისახელეს ლაზთა მეფეებმა: წათე I, წათე II, გუბაზი, ოფსიტე…


ბიზანტიის ძლიერების ხანაში ლაზიკის მეფეს ამტკიცებდა ბიზანტიის კეისარი, მაგრამ ლაზიკა ბიზანტიას არც ხარკს უხდიდა და არც ჯარს უგზავნიდა. ლაზეთის მეფე ვალდებული იყო მხოლოდ ჩრდილოეთის საზღვრები გაემაგრებინა და მტრებისგან დაეცვა ბიზანტიის სამფლობელო.
თამარის მეფის გაერთიანებულ საქართველოში ლაზეთი ტრაპიზონის იმპერიის სახით ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ცხადია, ტრაპიზონის სამეფოს მოსახლეობის უძირითადეს ნაწილს ლაზები შეადგენდნენ. ისინი ასევე დიდ როლს თამაშობდნენ თამარის დროს ქვეყანაში. ცნობილია, რომ თამარის მიერ დაარსებულ ტრაპიზონის იმპერიაში წამყვანი ადგილი ლაზებს იჭირათ.


ასე გრძელდებოდა 1461 წლამდე, ვინაიდან ამ წელს ოსმალებმა ტრაპიზონის სამეფო დაიკავეს; იქ მეფის ინსტიტუტი გააუქმეს და ამ დროიდან ლაზეთში თავიანთი ბატონობის განმტკიცებას შეუდგნენ.
ლაზური გადმოცემით, ოსმალებთან უთანასწორო ბრძოლაში სახელი გაითქვა ლაზეთის მმართველმა კახაბერმა, რომელმაც არაერთხელ განდევნა შემოჭრილი დამპყრობელი. ბოლოს ოსმალები დიდი ჯარით ხელახლა შემოესივნენ ქვეყანას, მათ მოახერხეს კახაბერის მოკვლა და სამეფოს დაპყრობა. ლაზი ხალხი გმირ კახაბერს დღესაც დიდი პატივით იგონებს და ამაყად ამბობს: "ყველა კაცი კაცია, ხოლო კახაბერი სულ სხვა კაციაო”. ამიტომაც ლაზეთის ერთ სოფელს კახაბერი დაერქვა.
წინააღმდეგობის ფრონტი ლაზეთში 1820-იან წლებამდე გაგრძელდა, მაგრამ ამ დროისთვის ოსმალეთის მთავრობამ ლაზი მთავრების მედგარი წინააღმდეგობა გასტეხა და იავარჰყო მათი თავისუფლება.


უფრო მოგვიანებით მსგავსი ენთუზიაზმით იბრძოდნენ ლაზეთის პატრიოტები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგაც, რამაც რუსის მეთაურს საანგარიშო მოხსენებაში ათქმევინა: ლაზები გულადი ხალხია, მათი შიშით ოსმალთა ლაშქარიც კი ვერ ბედავს ლაზურ სოფლებში შესვლას და იქ გაჩერებას.
1878 წლის ბერლინის ხელშეკრულბეით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ლაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, 16 სოფელი დღევანდელი გონიოდან ქ. ხოფამდე. ცარიზმმა აქ მშობლიური ქართულის ნაცვლად რუსული ენის დაკანონება სცადა, ამავდროულად ლაზეთის მედრესეებში სწავლება ჩვეულებრივ, თურქულად მიმდინარეობდა.

1910 წელს ამის საპასუხოდ ლაზებმა აბდულაჰ აშიქ ჰასანოღლუს ხელმძღვანელობითა და ინიციატივით შეადგინეს წერილი სწავლა-განათლების ქართულ ენაზე შემოღების მოთხოვნით, რასაც ქართული საზოგადოება დიდი მხარდაჭერით შეხვდა, მასწავლებლებიც მზად იყვნენ ლაზეთში სამუშაოდ, მაგრამ ლაზთა ამ სამომავლო წამოწყებას 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ბრესტის ზავის შედეგად ლაზეთი თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

ლაზთა ეთნიკური წარმომავლობა.


ლაზები კოლხურ ტომს წარმოადგენენ. პროკოპი კესარიელი (ახ. წ. VI ს.) ლაზებს იგივე კოლხებად მიიჩნევს(1) . იგი წერს: "კოლხები შეუძლებელია არ იყვნენ ლაზები, ვინაიდან ფაზისის მდინარეზე მოსახლეობენ” . იგივეს აღნიშნავს იოანე ლიდე (V-VI ს.).


აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.) წერს: "ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას” .
მკვლევარები ლაზებს აგრეთვე იგივე ჭანებად მიიჩნევენ. მათი აზრით, სახელწოდება "ჭანი” შემდგომში "ლაზად” შეიცვალა.


მეცამეტე საუკუნის ბოლო პერიოდის მოღვაწე იბნ-ბიბი, 1195-1203 წლებზე წერისას, ლაზისტანის მთელ სანაპიროს "ჭანეთად” მოიხსენიებდა და ამ სახელწოდებას იყენებდა ტრაპეზუნტის იმპერიისათვის.

ანთროპოლოგიურად სუფთა სისხლის (ქართული წარმოშობის) ლაზების დიდ ნაწილს ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა აქვთ. აგებულებით დასავლურ-ქართული, შავი ზღვისპირა გარეგნობით გამოირჩევიან. საშუალოზე მაღალი სიმაღლე, მოგრძო სახე, სწორი ცხვირი და მსხვილი ტუჩები ქართული წარმოშობის ლაზებისთვის დამახასიათებელია.
ლაზები ისტორიის მთელ პერიოდში მრავალჯერ იყვნენ მოწყვეტილები საქართველოს. მიუხედავად ამისა, ლაზები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ და ახლაც იბრძვიან თავიანთი ეთნიკური თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მათში დღესაც ცოცხლობს საქართველოსთან ერთიანობის იდეა.


საერთო ქართველური წარმოშობის საკითხზე ლაზებში აზრთა სხვადასხვაობაა – ნაწილი კატეგორიულად უარყოფს ქართველებთან ყოველგვარ კავშირს და თავს სულაც თურქულ ტომად მიიჩნევს, ნაწილი აღიარებს ამ კავშირს, ნაწილის აზრით კი ისინი მეგრელებს ენათესავებიან და არა ქართველებს. ცხადია, ეს თურქული იდეოლოგიის გავლენაა. ასეთი დაყოფა მათ გეოგრაფიულ განსახლებაზეცაა დამოკიდებული – საქართველოსთან რაც უფრო ახლოს ცხოვრობენ, მით უფრო ქართველობენ, სარფიდან თურქეთის სიღრმეში შესვლისას კი ეს დამოკიდებულება თანდათან იცვლება.


ამასთან დაკავშირებით, პროფ. ტ. ფუტკარაძე აღნიშნავს:
"მრავალწახნაგოვანი ისტორიული კატაკლიზმების გამო, ლაზებს სხვადასხვა სახელმწიფოებრივ და კულტურულ ველში უხდებათ ცხოვრება. შესაბამისად, განსხვავებულია საკუთარი წარსულის ცოდნის ხარისხიც, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ეროვნულ-ენობრივ თვითაღქმაზე; კერძოდ:


ლაზთა ერთი ნაწილი (ძირითადად, სარფისა და გონიო-ახალსოფლის მკვიდრნი) არ მოწყვეტილა ქართველურ კულტურულ-სახელმწიფოებრივ ველს; შესაბამისად, ამ მოსახლეობამ იცის, რომ მეგრელთა, კახელთა, მესხთა, ფხოველთა… მსგავსად, ისინიც არიან ერთიანი ქართველური კულტურისა და საერთოქართველურ ენობრივ სტრუქტურაზე დაფუძნებული მწიგნობრობის ავტორები; მათთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს გამაერთიანებელი მეფეების დიდი ნაწილის გარდა, ლაზეთ-სამეგრელოს შვილნი იყვნენ ქართველური კულტურის შემქმნელები: იოვანე ლაზი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე, იოანე პეტრიწი, იოვანე მარუშისძე, ჭყონდიდლები… დადიანები, ჩიქოვანები, გამსახურდიები და მრავალი სხვა.
ლაზთა მეორე ნაწილი აღიზარდა თურქეთის სახელმწიფოში.

მათ დავიწყებული აქვთ თავიანთი კილო და, თურქული განათლების სისტემის შესაბამისად, თავს თურქებად მიიჩნევენ.
თურქეთსა და ევროპაში მოღვაწე ლაზთა მესამე ნაწილისათვის უცნობია (ბუნებრივია, არა ყველასათვის!) საერთოქართველური კულტურის ქმნადობის პროცესში ლაზ-მეგრელთა მონაწილეობა, მაგრამ მათ იციან, რომ ლაზები ენობრივ-ეთნიკურად არსებითად განსხვავდებიან თურქებისაგან. ლაზთა ეს ჯგუფი საკუთარი მეტყველების ბაზაზე ცდილობს ახლა შექმნას სამწიგნობრო ენა და "გადაარჩინოს” თავისთავადობა.


საქართველოს ამჟამინდელი საზღვრების გარეთ მცხოვრებ ქართველებს ხშირად არა აქვთ ინფორმაცია საკუთარი ისტორიის/კულტურის შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ძნელი არაა სამეცნიერო ცოდნის განსაზოგადოებრიობა; ჩვენს შემთხვევაში საქართველოსა და თურქეთის კეთილმეზობლური ურთიერთობის პირობებში უნდა შეიქმნას ობიექტური სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის ველი, რომელიც ყველა ლაზს საშუალებას მისცემს იცოდეს:
1. კოლხური (კოლხურ-ყობანური) არქეოლოგიური კულტურის საზღვრები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო: კოლხა/კილხა/კოლხიდა ოცამდე ქართველურ ტომს/თემს აერთიანებდა და თავისი არსით ქართველური (ზოგადქართული) ხასიათისაა.


2. ქართველური სამწიგნობრო ენა ეფუძნება საერთო ქართველურ ენობრივ მოდელს და არა ქართლურს, კახურს ან სხვა რომელიმე ქართველურ კილოს; პირველი ქართული ასომთავრული წარწერები შემორჩენილია იოვანე ლაზის მონასტერში, ქართული ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია ლაზი/მეგრელი იოანე მინჩხი და სხვ.
3. საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფოს იდეოლოგები და წინამძღოლები მეტწილად იყვნენ ლაზურ-მეგრული წარმოშობის დიდგვაროვნები (ბაგრატიონები, ჭყონდიდლები და სხვა);
4. ლაზთა ფოლკლორში (მსგავსად იმერხეველთა, ტაოელთა, სვანთა, ჰერთა, კახთა…) გამორჩეულად პატივსაცემი ადგილი უჭირავს ერთიანი საქართველოს დიდ მეფეს – თამარს (ქართველთა საერთო ისტორიის ამსახველი ეს მასალა ი.ყიფშიძის მიერ ერთი საუკუნის წინაა ჩაწერილი).


ყოველ ერს თუ ეთნიკურ-ენობრივ უმცირესობას და, ბუნებრივია, თურქეთსა თუ გერმანიაში მცხოვრებ ლაზებსაც, აქვთ უფლება, იცოდნენ თავიანთი წარმომავლობა. ამ და სხვა ანალოგიური ფაქტების ცოდნა ობიექტურ ველს შექმნის ლაზთა ქართველური თვითაღქმისათვის” .

 
ლაზთა ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები.


თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსულმანები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა. ლაზების ერთ ნაწილს საერთო ქართული ენობრივი და კულტურული გარემოსგან იზოლაციის გამო ლაზური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა.
ლაზები შრომისმოყვარე და მოხერხებული ხალხია, ოდითგანვე საუკეთესო მშენებლებად და მეზღვაურებად ითვლებიან. მათ მიერ დასავლეთ საქართველოში აშენებული სახლები დღემდეა შემორჩენილი.


ვახუშტი ბაგრატიონი ლაზებს ასე ახასიათებს:
„… კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე".


ლაზები გამოირჩეოდნენ ბრძოლისუნარიანობით. ისინი შესანიშნავი მეომრები იყვნენ. ლაზეთის მეფე გუბაზ I (VI ს.) ცნობილ ეგრისის ომში (VI ს-ის შუა პერიოდი) ბრძოლის წინ ასე მიმართავდა ლაზთა ჯარს "ნუ გადაშენდება ლაზების სახელიო”… ლაზები შიშის ზარს სცემდნენ მტრებს. გადმოცემის მიხედვით, ლაზები ბრძოლას რომ აგებდნენ წელს ზევით შიშვლებოდნენ და სიკვდილამდე იბრძოდნენ. გასაოცარი დაუმორჩილებლობისათვის ბიზანტიის იმპერია ერთ დროს ხარკსაც კი უხდიდა ლაზებს, თავს რომ არ დასხმოდნენ ბიზანტიელებს.


უტეხი მეომრული თვისებებით ლაზი ქალებიც გამოირჩეოდნენ. ჩაიცმევდნენ კაცის მხედრულ სამოს და ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს ბიზანტიელები 3 დღის განმავლობაში ვერ შედიოდნენ ლაზთა ხეობაში. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სამი კაცი ამაგრებდა ხეობას. როდესაც ბიზანტიელებმა სამივე შეიპყრეს და მუზარადი ახადეს, კაცების ნაცვლად ქალები შერჩათ ხელში.


ლაზები შრომისმოყვარე და მოხერხებული ხალხია, ოდითგანვე საუკეთესო მშენებლებად და მეზღვაურებად ითვლებიან. მათ მიერ დასავლეთ საქართველოში აშენებული სახლები დღემდეა შემორჩენილი.
იაკობ გოგებაშვილი ლაზების მეზღვაურობის შესახებ წერდა: „ისინი გამხდარან ზღვის შვილებად, უსწავლიათ ნავებისა და ხომალდების მართვა და ისე დახელოვნებულან ამ ძნელსა და საშიშ საქმეში, რომ იმათ ხელში ძნელად მოხდება უბედურება ზღვაში".

აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.) წერს: "ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არცთუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით… ეხლანდელი მცხოვრებლები დასცურავენ კიდეც, რამდენადაც შესაძლებელია, და ვაჭრობაშიაც ნახულობენ დიდ სარგებლობას. ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან, არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწევიან, არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიანთი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონითი სახე მიუციათ; ასე რომ, თუ ადამიანი აღარ მოიგონებს სპილენძისჩლიქებიან ხარებს და მიწისაგან აღმოცენებულ ბუმბერაზებს და ბევრ სხვა საკვირველსა და დაუჯერებელ ამბავს, რაც აიეტის გარშემო შეთხზულ თქმულებაშია, – ის დარწმუნდება, რომ ეხლანდელი ვითარება წინანდელზე ბევრად უკეთესია” .


ლაზები ვაჭრობას კეთილშობილ საქმედ თვლიდნენ, მათ ცხოველი ვაჭრობა ჰქონდათ პონტოს რომაელებთან.


ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები (XVII ს.) გადმოგვცემს: " ლაზიკად წოდებული გლეხობა ძალზე უტეხი ხალხია. ამათ სხვა კილო, სიტყვები და გამოთქმები აქვთ, რომელთაც თვით ტრაპიზონის მოსახლეობაც ვერ იგებს – გადათარგმნაა საჭირო… ლაზიკელების ენა კალამს არ ემორჩილება, არ ჩაიწერება, ძლიერ უცნაური ენაა” .


ლაზები ვაჭრობას მისდევდნენ. ისინი მდ. ჭოროხით სამეგრელოს საზღვრებისაკენ მიდიოდნენ და მიჰქოდათ მარილი, რკინეული, ხელსაწყო-იარაღები და სხვ. "ამ ხალხის უმეტესობა მეზღვაურებია. მდინარე ჭოროხით სამეგრელომდე აღწევენ, ტყვეები მოჰყავთ და ასე საქმიანობენ. კარგი, დიდი ყურე აქვს. ღუზის დამჭერი ნაბსადგურია, რომელიც ყურეში მდებარეობს, მაგრამ მისი დასავლეთი მხარე ღიაა… ლაზების ბევრ ნავს ამ მდინარის აღმა, აღმოსავლეთისაკენ და სამეგრელოს საზღვრებისაკენ მიაქვს მარილი, რკინეული, სხვადასხვა ხელსაწყო-იარაღი მათ სამეგრელოსა და გურჯისტანის ბზის ხეზე, თაფლზე, თაფლის სანთელზე, ტყვე ქალიშვილებსა და ჭაბუკებზე ცვლიან და ასე ვაჭრობენ” .


ევლია ჩელების ცნობების მიხედვით, დასავლეთ საქართველოში ფართოდ ყოფილა გავრცელებული ტყვის სყიდვა. ტრაპიზონის ვილაიეთში მცხოვრები ლაზების მეზღვაურთა მთავარი საქმიანობა სამეგრელოში ტყვეების სყიდვა ყოფილა.  


ევლია ჩელები მოგვითხრობს ლაზური მენექსილა ხომალდების შესახებ. იგი წერს: "სამასამდე მეთოფე იანიჩარი და მე, მწირი, ჩემი ხუთი ქართველი ტყვე ბიჭით, ათ ლაზურ მენექსილაში ჩავსხედით. მენექსილა ხომალდები შენდება სამი მსხვილი ალვისხისაგან, რომლებიც მდინარე ჭოროხის ნაპირებზე ხარობენ. ერთი ფიცარი ქვემოდანაა გობივით. თითოც გვერდებზეა. მაგრამ ძალზე დიდი ფიცრებია. ხომალდების გვერდებზე ორი კაცის სიმსხო ლერწმისა და ჭილის წნულია შემოკრული. ამიტომ არის, რომ ზღვის ქარიშხალი ხომალდში ვერ ატანს და შავი ზღვის ქარიშხალში კორპებივით დაცურავენ. გობის მოყვანილობის საუცხოო ნავებია, რომელთაც თავი და ბოლო არ ატყვია. ამ მხარეში მათ სახელად მენექსილას უწოდებენ. ასი კაცი აჰყავს .

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2173 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები