ორშაბათი, 29.04.2024, 17:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ფილოსოფიური წერილები.
16:46
ფილოსოფიური წერილები.

                             გზა. მხატვარი ალექს ბერდიშევი.


კულტურა და ცივილიზაცია

კულტურის ფილოსოფია

კულტურის, როგორც უნივერსალურ და ყოვლისმომცველ ფენომენზე ორიენტირებული ფილოსოფიური დისციპლინაა. იგი ჩამოყალიბდა ორი საუკუნის მიჯნაზე – XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში. ტერმინი "კულტურფილოსოფია” პირველად იხმარა გერმანელმა რომანტიკოსმა ა. მიულერმა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის შესახებ ცალკეული მოსაზრებები ბევრად უფრო ადრე, ევროპული ცნობიერების განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე აღინიშნებოდა. კულტურის ფილოსოფია იკვლევს შემდეგ პრობლემებს: რა არის კულტურა? როგორია მისი დამოკიდებულება ბუნებასთან? რა განაპირობებს სხვადასხვა კულტურების არსებობას? რა კავშირია კულტურასა და ცივილიზაციას შორის? რა უდევს საფუძვლად კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებას? და სხვა.
საზოგადოება მრავალი ქვესისტემის შემცველი მთლიანი წარმონაქმნია. საინტერესოა: არის კი მათ შორის რომელიმე განმსაზღვრელი და განმაპირობებელი? ყოველი საზოგადოება, ყოველი ქვეყანა განუმეორებლად თავისებური და თვითმყოფადია – თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით. ეს თავისთავად გულისხმობს გარკვეული ფაქტორების არსებობას, რომლებიც განცალკევებულ სოციალურ ქვესისტემებს აერთიანებენ რაღაც ხარისხობრივად განსაზღვრულ მთლიანობაში. თანამედროვე ფილოსოფიაში საზოგადოების მთლიანობის დასახასიათებლად იყენებენ კულტურისა და ცივილიზაციის ცნებებს.
არსებობს მოსაზრება, რომ კულტურა "მეორე ბუნებაა”. ასე თვლიდნენ ძველ საბერძნეთში (მაგალითად, დემოკრიტე მიიჩნევდა, რომ ადამიანი ყოველთვის ბაძავდა ბუნებას და სწავლობდა მისგან. ცხოველებისაგან იგი ბევრით არის დავალებული – ობობამ ქსოვა და კერვა ასწავლა, მერცხალმა საბუდარის აშენება, მომღერალმა ჩიტებმა სიმღერა და სხვა). რამდენად სწორი და მისაღებია ეს განსაზღვრება? ზოგადი თვალსაზრისით, ალბათ, შეიძლება დავეთანხმოთ. მაგრამ, იმავდროულად, აუცილებლად უნდა გავერკვიოთ – უპირისპირდება კულტურა ბუნებას, თუ არა?
საზოგადოდ მიჩნეულია, რომ ყოველივე, რაც ადამიანის ხელითაა შექმნილი, კულტურის სფეროს განეკუთნება: ბუნება ადამიანისთვისაა შექმნილი. იგი კი, თავდაუზოგავად შრომობს და ქმნის "მეორე ბუნებას” – კულტურის სივრცეს. თუ დავუკვირდებით, კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ბუნებითი ფენომენია, თუნდაც იმიტომ, რომ მისი შემოქმედი ადამიანია, ანუ ბიოლოგიური არსება. გარდა ამისა, ბუნების გარეშე არც კულტურა იქნებოდა, რადგან ადამიანი, ქმნის რა ხელოვნურ სამყაროს, ბუნების რესურსებს იყენებს. ქმნადობის ამ პროცესში იგი საკუთარ ბუნებრივ პოტენციალს ამჟღავნებს და წარმოაჩენს. კულტურა, უწინარესად, ინსტინქტების გადალახვა და ბუნების დაძლევის აქტია. ცნობილია, რომ ცხოველსაც შეუძლია შექმნას კულტურის მსგავსი რაღაც: ფუტკრები, მაგალითად, უმშვენიერეს არქიტექტურულ ნაგებობას, ფიჭებს აკეთებენ; ობობას ქსელი, ნადირობის იარაღი, გვაოცებს თავისი სრულყოფილებით; თახვები კაშხალს აგებენ. გამოდის, რომ ცხოველებიც ქმნიან რაღაც ისეთს, რაც ბუნებაში არ იყო. ნუთუ, ესეც კულტურაა?
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველა ცოცხალი არსების (რა თქმა უნდა, ადამიანის გარდა) მოღვაწეობა დაპროგრამირებულია ინსტინქტებით. თუმცა, მოღვაწეობასაც ვერ დავარქმევთ ამ საქმიანობას, რადგან მხოლოდ იმის შექმნა შეუძლიათ, რაც მათ ბუნებით განპირობებულ პროგრამაშია ჩადებული. თავისუფალი შემოქმედებითი მოღვაწეობა მათთვის უცხო და მიუწვდომელია. ფუტკარს ძალა არ შესწევს მოქსოვოს ქსელი, ობობა კი ვერ შესძლებს ყვავილებისაგან ნექტარის აღებას. იმისათვის რომ შექმნას კულტურა, ადამიანი დასაჩუქრებული უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული ნიჭით, მადლით, უნარით, რომელიც არ არის ჩადებული მის სახეობით პროგრამაში. ასეთ მოულოდნელ მონაპოვარზეა საუბარი უძველეს მითში ცეცხლზე, როგორც კულტურის პირველსაწყისზე.
პრომეთე ტიტან იაპეტისა და ქალღმერთ თემიდას შვილი იყო. იგი სიმამაცისა და სიმტკიცის, თავისუფლებისა და ადამიანებისადმი სიყვარულის, პროგრესისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის მებრძოლის მარადიულ სიმბოლოდ არის მიჩნეული. მითი მოგვითხრობს, რომ პრომოთე მტკიცედ დაუდგა გვერდში ზევს, როცა მან ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგის დამყარება დაისახა მიზნად და დაუფიქრებლად განუდგა, როდესაც ზევსი სასტიკ ტირანად ჩამოყალიბდა და უმწეო კაცთა მოდგმის განადგურებაც კი განიზრახა. პრომეთეს უყვარდა ადამიანები, ყოველთვის თანაუგრძნობდა მასზე სუსტებსა და უმწეოებს. იგი არ შეუშინდა ყოვლისშემძლე ღმერთის რისხვას და ადამიანთა გადარჩენა გადაწყვიტა. მან ადამიანებს იმედი გაუღვივა და ოლიმპოს წმინდა კერიდან ცეცხლიც აჩუქა. მისი წყალობით ადამიანები მიხვდნენ, რომ ცეცხლი მარტო საშიშროება კი არ იყო, არამედ ხსნა და დახმარებაც იმავდროულად. პრომეთემ ასწავლა მათ ლითონის გამოდნობა და ხელსაწყოების დამზადება; წერა, კითხვა, ანგარიში; მიაჩვია შრომას; მან ადამიანებისათვის მოაშინაურა გარეული ხარი და უღელი დაადგა კისერზე, რათა მათ მიწა დაემუშავებინათ; პრომეთემ გახედნა ცხენი და აიძულა ის ადამიანს დამორჩილებოდა; პირველი ხომალდიც მან აუგო ადამიანებს; ასწავლა მკურნალობის მეთოდები და წამლების მოხმარება; და ბოლოს, კეთილმეზობლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას მიაჩვია.
ამრიგად, პრომეთე ადამიანს "ჭეშმარიტ შემოქმედად” მოევლინა: გამოიყვანა ბუნებითი, ველური მდგომარეობიდან და გონიერ არსებად აღზარდა და ჩამოაყალიბა. მაგრამ პრომეთემ დაშვებულის ზღვარს გადააჭარბა და ზევსმა სამარადჟამოდ დასაჯა კიდეც იგი. მიუხედავად სასტიკი სასჯელისა, ამაყი და მამაცი პრომეთე არ ნანობდა ადამიანებისათვის გაწეულ დახმარებას.
ფილოსოფიური კუთხით როგორი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი თემისათვის ამ მითიდან? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მითში წარმოჩენილია ჩვენთვის უკვე ცნობილი ფაქტი – კულტურა სხვა რეალობაა, ვიდრე ბუნება. იგი, შეიძლება ითქვას, საჩუქარია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები, ბუნების შვილები, ეზიარენ სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას. ეს გარკვეული ამხედრებაც არის ბუნების წინააღმდეგ. ტყუილად ხომ არ არის მიჩნეული ევროპულ კულტურაში კულტურის სათავეებთან მდგარი პრომოთე გმირის, მებრძოლისა და მეამბოხის სიმბოლოდ.
გასათვალისწინებელია მითში მოცემული კიდევ ერთი შტრიხი. ადამიანისათვის კულტურა სულაც არ არის უბრალო და უვნებელი მონაპოვარი. ეს "საჩუქარი” საშიშროებასაც შეიცავს. მითი გვაფრთხილებს კიდეც, რომ მისი განვითარება გარკვეულ დრამატიზმთან არის დაკავშირებული. კულტურას ადამიანისათვის მარტო სიკეთე არ მოაქვს, არამედ სამაგიეროსაც აზღვევინებს დაუფიქრებელი მოქმედებისათვის.
პრომეთეს მითიდან ჩვენთვის მთავარი შემდეგია: კულტურა ბუნება არ არის, იგი ხელოვნური შემოქმედების ნაყოფია; კულტურა გარკვეული რადიკალური შემობრუნებაა სამყაროს ორგანულ განვითარებაში.
და მაინც, რა არის კულტურა? კულტურა ლათინურად დამუშავებას, მოვლას ნიშნავს. პირველად ეს ტერმინი გამოიყენა ძვ. წ. III – II საუკუნის რომაელმა მოღვაწემ კატონმა. მან დაწერა წიგნი სოფლის მეურნეობის შესახებ, სადაც სიტყვა "კულტურა” იხმარა მიწის, ნიადაგის დამუშავების, მოვლა – პატრონობის აღსანიშნავად. შემდგომ ამ ტერმინმა შეიცვალა თავისი მნიშვნელობა და გამოყენებულ იქნა ადამიანის სულიერი საქმიანობის მიმართ. ამის დასტურია ცნობილი გამოთქმა "ფილოსოფია არის სულის კულტურა”, რომელიც ეკუთვნის ძვ. წ. I საუკუნის მოზროვნეს ციცერონს (ძვ. წ. 106 –143). ე.ი. მას მხედველობაში ქონდა უკვე არა მიწის დამუშავება, არამედ სულიერება, სულის კულტურა ანუ ფილოსოფია. ანტიკურ ცნობიერებაში ცნება კულტურა გაიგივებული იყო ცნება "პაიდეია”-სთან, ე.ი. განათლებულობასთან. პლატონის აზრით, პაიდეია ადამიანის, მთელი მისი არსების შეცვლის სახელმძღვანელო პრინციპია.
შუა საუკუნეებში უფრო ხშირად იხმარებოდა სიტყვა "კულტი”, ვიდრე "კულტურა”. იგი გულისხმობდა და ასახავდა ადამიანის უნარს, მისწრაფებას ღმერთის სიყვარულში წარმოეჩინა და განეხორციელებინა საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.
რენესანსის ეპოქაში ხდება კულტურაზე ანტიკურობის შეხედულებების აღორძინება. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ადამიანის აქტიური შემოქმედებითი საწყისის წარმოჩინებას, რაც ამაღლებული, ჰარმონიული განვითარებისაკენ სწრაფვაში გამოიხატება. ამ პერიოდში საფუძველი ეყრება კულტურის გაიგივების ტენდენციას სულიერი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებთან: მორალთან, ხელოვნებასთან, ფილოსოფიასთან, რელიგიასთან.
განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსები კულტურას განიხილავდნენ, როგორც ადამიანური მოღვაწეობის ავტონომიურ და ღირებულებით სფეროს. კულტურის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, მათი აზრით, გონების ტაძრის აგებაა. მათვე შეიმუშავეს კულტურული მოღვაწეობის კრიტერიუმების სისტემა: კულტურული მოღვაწეობა უნდა იყოს ინტელექტუალური, შემოქმედებითი, პროდუქტიული, ნოვატორული.
XIX საუკუნეში კულტურა, უპირველეს ყოვლისა, გაგებული იყო, როგორც ღირებულებათა და იდეების სისტემა.
კულტურა წარმოუდგენელია ადამიანის გარეშე: მან შექმნა იგი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბუნებაა, რომელსაც ადამიანი "ხელმეორედ ქმნის” და ამით იმკვიდრებს თავს, როგორც ადამიანი. გარდაქმნის რა მის გარემომცველ ბუნებას, ადამიანი საკუთარ თავსაც, ე.ი. თავის შინაგან ადამიანურ ბუნებასაც გარდაქმნის. მაშასადამე, ადამიანისათვის Yმთავარი მარტო ბუნების ათვისება და მისი გარდაქმნა არ არის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შინაგანი ბუნების წვდომა და სრულყოფისაკენ სწრაფვა. ამ აზრით უწოდებდნენ ადამიანს ყოველთვის "კულტურულ ადამიანს”, ე.ი. "შემოქმედებით ადამიანს”. ფრანგი კულტუროლოგის ჟან მარი ბენუას აზრით, კულტურა ადამიანური მოღვაწეობის სპეციფიკაა, ის, რაც ახასიათებს ადამიანს, როგორც სახეობას. ამაოა ადამიანის ძიება კულტურამდელ პერიოდში. მისი გამოჩენა ისტორიის არენაზე უკვე კულტურის ფენომენად უნდა განვიხილოთ. იგი სიღრმისეულადაა დაკავშირებული ადამიანის არსთან და ადამიანის, როგორც ადამიანად განსაზღვრის აუცილებელ ნიუანს წარმოადგენს.
კულტურა ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტების ნამდვილი საგანძურია. მაგრამ, საინტერესოა, რამ განაპირობა ეს არაჩვეულებრივი გადასვლა ბუნებრივიდან არაბუნებრივზე? გერმანელი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი, მსჯელობდა რა კულტურის წინა ისტორიულ პერიოდზე, აღნიშნავდა: "ჩვენ არაფერი ვიცით არც ისტორიის შემოქმედებით მომენტებზე, არც სულიერი სრულყოფის ფორმებზე, ჩვენთვის მხოლოდ შედეგებია ცნობილი და ამ შედეგების საფუძველზე გვიხდება დასკვნების გაკეთება”. არსებითი ამ თვისობრივ ნახტომში, ალბათ, მაინც შემდეგი მომენტებია: ცეცხლისა და ხელსაწყოების გამოყენება; მეტყველების წარმოშობა; ადამიანთა ჯგუფებისა და ერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც საფუძველშივე განსხვავდებიან სხვა ცოცხალი არსებების ჯგუფებისა და ერთობებისაგან, რამდენადაც ემყარებიან გაცნობიერებულ ურთიერთობებს.
ადამიანი ბუნებას მხოლოდ იმ აზრით გაემიჯნა, რომ საკუთარი ადამიანური სამყარო შეექმნა – კულტურის, როგორც მსოფლიო ევოლუციის შემდგომი საფეხურის, სამყარო. მაგრამ, იმავდროულად, იგი აკავშირებს კიდეც ბუნებასა და კულტურას. კულტურის, როგორც ადამიანის შემოქმედების ნაყოფსა და ბუნებას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებს მოღვაწეობა, ე.ი. ადამიანის მრავალმხრივი, თავისუფალი აქტივობა, რომელსაც გარკვეული შედეგი მოაქვს. იგი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრად უფრო ფართო მოვლენაა, ვიდრე ის, რაც ინსტინქტებშია "ჩაწერილი”. ასეთ აქტივობას ადამიანის გონება, ნებისყოფა და გრძნობები განაპირობებენ. ადამიანის მოღვაწეობა, უპირველეს ყოვლისა, მისი ცნობიერების აქტივობაა, ცნობიერება კი კულტურული მოვლენაც არის და კულტურული შემოქმედების საშუალებაც. ამ აზრით კულტურა განისაზღვრება, როგორც მთელი კაცობრიობის მოღვაწეობის შედეგი, სულიერიც და მატერიალურიც.
ადამიანი უნიკალური შემოქმედია. იგი მიისწრაფვის არა მარტო ნახევრადგაცნობიერებული ოპერაციების შესრულებისაკენ, არამედ გააზრებული საქმიანობის, მოღვაწეობისაკენ. სწორედ ეს არის მთავარი და სწორედ ამით განსხვავდება მისი მოღვაწეობა, ვთქვათ, ობობას ინსტინქტური რეაქციებისაგან. გააზრებულ საქმიანობას წინ უსწრებს იდეალური პროექტი (ბორბლის იდეა უფრო ადრე დაიბადა, ვიდრე შეიქმნა თავად ბორბალი). სწორედ აქ იბადება შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომელიც შეუძლებელია გონების, წინასწარ დასახული მიზნების გააზრებისა და შედეგების გათვალისწინების, შემფასებლური პოზიციის გარეშე. ეს არის ადამიანის შემოქმედებითი, თავისუფალი მოღვაწეობა.
ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. ადამიანის მოღვაწეობა მრავალმხრივია. მრავალფეროვანია მისი შედეგებიც, ადამიანური აქტივობის პროდუქტები. ყველა მათგანი განეკუთვნება კულტურის სფეროს? მაგალითად, არის თუ არა გუთნის შექმნა კულტურის აქტი? შექმნის მიზანი და იდეა, კონკრეტული მოქმედებების გეგმა და ა.შ., ადამიანის გონებისა და სულის მუშაობის ელემენტებია, გამზადებული გუთანი კი ცივილიზაციის მონაპოვარია. ე.ი. ადამიანის ხელით შექმნილი ყველა საგანი არ განეკუთვნება კულტურის სფეროს. ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველა ადამიანი კულტურულია. უკულტურობა, ანუ კულტურის დაბალი დონე, ერთ რამეზე მიგვანიშნებს – მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჩამოშორდა თავის კულტურას. უწიგნურობა, უზნეობა, კულტურის ნორმების შესაბამისი ქცევების, ურთიერთობის ჩვევების არქონა, ბუნებისადმი გულგრილი, დაუფიქრებელი, გაუაზრებელი დამოკიდებულება და დაბალი კულტურული დონის სხვა მსგავსი გამოვლინებები, არასწორი, ცუდი პოლიტიკის, ან სულაც მისი არარსებობის შედეგია. უკულტურობა შეგნებული პოლიტიკის შედეგიც შეიძლება იყოს, რომელსაც, ალბათ, ანტიკულტურას თუ ვუწოდებთ და რასაც, როგორც წესი, საუკუნების განმავლობაში შექმნილი და ჩამოყალიბებული კულტურული ღირებულებების გაუფასურება-განადგურება მოსდევს (ჩვენი ახალი ისტორიისათვისაც იყო დამახასიათებელი კულტურისადმი მსგავსი ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც, მაგალითად, ე.წ. "პროლეტარული კულტურის” ზეობის პერიოდში გამოიხატებოდა ტაძრების ნგრევით, ხატების შებილწვით, სხვაგვარად მოაზროვნე ცნობილი კულტურული და საზოგადო მოღვაწეების წიგნების აკრძალვით, მწერლების, ხელოვანი ადამიანების, სასულიერო პირების ფიზიკური განადგურებით).
გარდა ამისა, არსებობს საქმიანობის ისეთი სახეები, რომლებიც შორს არიან შემოქმედებითი წვის პროცესისაგან. ამ შემთხვევაში შემოქმედებაზე საუბარი მართებული არ იქნება. ეს, ერთხელ უკვე აღმოჩენილის, შექმნილის აღდგენაა, როგორც ჩვენს მაგალითში: გუთნის იდეაც და მისი გადამუშავება-სრულყოფაც კულტურის სფეროა, ხოლო თავად გუთანი – ცივილიზაციის. რაღა თქმა უნდა, ასეთი გამიჯვნა პირობითია, მაგრამ აუცილებელია საკითხის უკეთ გააზრებისათვის.
კულტურის ცნებაში მოიაზრება მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა სისტემა, მათი შექმნის საშუალებები, ადამიანის ფორმირება, რომელსაც ძალა შესწევს აითვისოს წინამორბედი და თანამედროვე თაობების გამოცდილება და გამოიყენოს იგი ახალი ღირებულებითი სისტემის შესაქმნელად. თითოეული კულტურა შეიცავს მდგრად, უცვლელ ელემენტებს, ე.ი. კულტურულ უნივერსალიებს (საზოგადოებრივი წარმოება, შრომა, თავისუფალი დრო და ურთიერთობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მართვა, განათლება და აღზრდა, სულიერი ცხოვრება – რელიგია, ზნეობრივი ცნობიერება, ხელოვნება, ლიტერატურა და სხვა) და წარმავალ ელემენტებს, რომლებიც წარმოიშვებიან და ქრებიან კონკრეტულ ისტორიულ პირობებში.
კულტურის მთლიანობა, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება, ესაა ადამიანის მატერიალური და სულიერი ცხოვრების, საერთოდ მატერიალური და სულიერი კულტურის მთლიანობა. მათ შორის ზღვარი პირობითია.მატერიალური კულტურა. მატერიალურ კულტურაში შედის მატერიალური წარმოების საშუალებანი, არქიტექტურული ძეგლები, შენობა – ნაგებობანი, კომუნიკაციისა და სატრანსპორტო საშუალებანი, პარკები, ადამიანის მიერ სახეცვლილი ლანდშაფტი და ა.შ. გარდა ამისა, მატერიალური კულტურა მოიცავს წარსულის ძეგლებს, არქეოლოგიურ ობიექტებს და სხვა. სულიერი კულტურა მოიცავს, ერთი მხრივ, სულიერი მოღვაწეობის შედეგებს, მეორე მხრივ, თვით ამ მოღვაწეობას. სულიერი კულტურის არტეფაქტები სხვადასხვა ფორმით არსებობს. ესენია: ზნე-ჩვეულებანი და ადამიანის ქცევის ფორმები, ჩამოყალიბებული კონკრეტულ-ისტორიულ პირობებში; ზნეობრივი, ესთეტიკური, რელიგიური და პოლიტიკური იდეალები, მეცნიერული ცოდნა და სხვა. ეს არის ინტელექტუალური, სულიერი მოღვაწეობის შედეგები.
კულტურის სუბიექტია ინდივიდი (პიროვნება), სოციალური ჯგუფი ან მთლიანად საზოგადოება. განასხვავებენ ჯგუფურ (ეროვნული, დიდი და პატარა ქალაქის, მეგაპოლისის, სოფლის, კლასის, პროფესიული ჯგუფის და ა.შ.) და ინდივიდუალურ კულტურას. თანამედროვე საზოგადოებაში ჯგუფური კულტურის ფარგლებში ანსხვავებენ მასობრივ და ელიტარულ კულტურას.
ელიტარული კულტურა შეიძლება განვმარტოთ, როგორც პიროვნული საწყისის ძიება და დამკვიდრება. იგი რთული, სერიოზული და დახვეწილია და გამოირჩევა ნოვატორული ხასიათით. მისი პროდუქცია გათვლილია საზოგადოების დახვეწილ ინტელექტუალურ ელიტაზე.
მასობრივი კულტურის წარმოშობას ხელი შეუწყო მასობრივი კომუნიკაციების საშუალებათა განვითარებამ – გაზეთები, პოპულარული ჟურნალები, რადიო, ტელევიზია, კინემატოგრაფი, კომპიუტერი, ინტერნეტი. ამ საშუალებათა წყალობით სამომხმარებლო ბაზარი გადავსებულია მრვალრიცხოვანი "ბოევიკებით”, "საპნის ოპერებით”, დეტექტივებით, ბესტსელერებით. არსებული მდგომარეობა არაერთგვაროვნად შეიძლება შეფასდეს. ერთის მხრივ, კულტურა ბევრად უფრო დემოკრატიული ხასიათის გახდა, ანუ კულტურას ეზიარა საზოგადოების ფართო აუდიტორია; მეორე მხრივ, ინფორმაციის მასობრივ საშუალებათა კომერციალიზაციამ განაპირობა ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც აქვეითებენ მის შემოქმედებით პოტენციალს, ამდაბლებენ და უხამს ხდიან მაღალ, დახვეწილ კულტურას.
და ბოლოს, ინდივიდუალური კულტურა. იგი ადამიანის სოციალურობის საზომია. როგორიც ადამიანია, ისეთივეა მისი კულტურაც. ადამიანი კულტურულია იმდენად, რა ზომითაც ითავისებს და ახორციელებს საზოგადოების უმაღლეს ღირებულებებს. ადამიანის ზოგადი შეხედულებები კულტურაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია. მასზე, ადამიანზე, როგორც პიროვნებაზე, ბევრად უფრო მეტყველებს ის, თუ როგორ და რა ხარისხით ითავისებს და ახორციელებს ცხოვრებაში იგი ამ შეხედულებებს (ლიონ ფოიხტვანგერს მოთხრობაში "სახლი მწვანე ქუჩაზე” მეტად საყურადღებო მოსაზრება აქვს გამოთქმული: უამრავ თავისებურ რიტუალს შორის ჩვენ, ებრაელებს, გვაქვს ერთი, რომელმაც მე, ჩავწვდი რა მის ჭეშმარიტ არსს, ამაღელვა: პასექის პირველ საღამოს, ვდღესასწაულობთ რა ეგვიპტელების მონობისაგან გათავისუფლებას, ღვინოს ვსვამთ. მაგრამ, ვიდრე შევსვავთ, ათ წვეთს გადმოვასხამთ სასმისიდან, იმ ათი სასჯელის მოსაგონებლად, ღმერთმა ეგვიპტელებს რომ მოუვლინა. ჩვენი მტრების ტანჯვის გახსენება ათი წვეთით ამცირებს სიხარულით სავსე სასმისს. ამ ჩვეულების საფუძველზე პატარაობიდანვე მივხვდი, რომ ჩემი მტრებიც ადამიანები არიან და არასოდეს ბრმად აღარ მიხაროდა არც მათი წარუმატებლობა და არც სიკვდილი). ამრიგად, კულტურა არის ადამიანური მოღვაწეობის შედეგად რეალიზებული, განხორციელებული ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ცნობიერება, იდეალები და გემოვნება, ზნეობრივი მითითებები და პოლიტიკური მისწრაფებები.
"კულტურა მარადიულობის დასაწყისია” (ნ. ბერდიაევი), ამ მარადიულობას კი განაპირობებს ადამიანის მხოლოდ ისეთი მოღვაწეობა, რომელიც გულისხმობს შემოქმედებით ნახტომს, სულის შემოქმედებით წვას, აღმაფრენას, ახალ სულიერ სივრცეში გარღვევას, ახლის ქმნადობას. ადამიანის ეს უნარი უნიკალური და ჭეშმარიტად ღვთაებრივია. მაგრამ, როდესაც კულტურაში ცოცხალი შემოქმედებითი სული ქრება, იგი ცივილიზაციაში გადადის.
კულტურა, როგორც აღვნიშნეთ, ადამიანური მოღვაწეობის ყველა სფეროს მოიცავს, საზოგადოების ყველა ქვესისტემას (ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და სულიერი) აკავშირებს და ერთ მთლიანობაში აერთიანებს. მაგრამ კულტურული პროცესის კოორდინატებს ცივილიზაცია და მისი ნორმები განსაზღვრავენ. ერთი და იგივე ცივილიზაციის ფარგლებში შეიძლება არსებობდეს მრავალი კულტურა, მაგალითად, ევროპული ცივილიზაცია აერთიანებს ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და ა.შ. კულტურებს. სწორედ კულტურით განსხვავდებიან ეს ხალხები ერთმანეთისგან – ქცევის ნორმებით, ჩვევებითა და ჩვეულებებით, ენით, ისტორიით, რელიგიით და ა.შ., ანუ იმით, რაც მათ ეთნო-სოციალურ ინდივიდუალობას ასახავს.
კულტურას სიღრმისეულად აქვს გადგმული ფესვები ცივილიზაციაში, იგი მისი "სისხლი და ხორცია”. მათი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება იმდენად ღრმა და შესამჩნევია, რომ სპეციალისტების გარკვეული ნაწილი ამ ცნებებს აიგივებს. ეს არ არის შემთხვევითი: საზოგადოების განვითარების ნორმალურ მდგომარეობაში მათი ერთმანეთისაგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ცივილიზაცია და კულტურა განუყოფელია: ცივილიზაცია არ არსებობს კულტურის გარეშე, არც კულტურა არსებობს ცივილიზაციის გარეშე. განსხვავება მათ შორის იმაში მდგომარეობს, რომ ცივილიზაცია ქმნის კულტურული პროცესის წანამძღვრებს და ამ პროცესის რეგლამენტირებას ახდენს. კულტურა კი, როგორც ახლის შემოქმედი, თავის მხრივ ქმნის ცივილიზაციის განვითარების პირობებს. კულტურა თავისუფალი მოღვაწეობაა, რომელიც გულისხმობს ცივილიზაციის მიერ წამოყენებული, ნაკარნახევი სოციალური ნორმების რეალიზაციას. იგი საზოგადოების სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა ერთობლიობაა, ე.ი. საზოგადოების ღირებულებითი მონაპოვარია.
კულტურას, როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთ ელემენტს, დამოუკიდებლად განვითარების უნარი აქვს. მას შეუძლია დაუპირისპირდეს კიდეც ცივილიზაციას. სწორედ ეს არის როგორც კულტურის, ისე ცივილიზაციის განვითარების საფუძველი. კულტურასა და ცივილიზაციას შორის იგივეობრიობაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცივილიზაცია მთლიანად დათრგუნავს და გადაფარავს კულტურას. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ცხოვრების ტექნიკურ – მექანიკური, არასულიერი ფორმების ბატონობა და პიროვნების შემოქმედებითი ინიციატივის ჩახშობა. ადამიანის ქცევის (მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სფერო იქნება) მკაცრი რეგლამენტირება საზოგადოებას უძრაობის მდგომარეობაში აყენებს და განვითარების საშუალებას არ აძლევს – საზოგადოება კარგავს ახალ, ცვალებად მოთხოვნებთან, რეალობებთან შეგუების, ადაპტაციის უნარს. ამიტომ კულტურის "სიკვდილი” მთელი სოციუმის დაღუპვის ტოლფასია. ამის მაგალითები მრავლადაა ცივილიზაციების ისტორიაში – ოდესღაც მძლავრი ცივილიზაციების დაღუპვის შემდეგ აყვავებული კულტურების მხოლოდ ნანგრევებიღა რჩებოდა.
ცივილიზაცია ხასიათდება ადამიანის არსებობისათვის შექმნილი როგორც დადებითი, ისე ნეგატიური პირობებით. მისგან განსხვავებით კულტურა ღირებულებათა სფეროა. ყოველივე, რაც ცივილიზაციის ჩარჩოებშია შექმნილი, მასაც ეკუთვნის. თუმცა,
ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ, რაც, მაგალითად, საზოგადოებრივი წარმოების სფეროში იქმნება, არ შეიძლება ყოველთვის კულტურას მივაკუთვნოთ, ე.ი. ყველაფერი, რაც ცივილიზაციის მიერაა შექმნილი, არ არის კულტურული. ვთქვათ, ადამიანების მასობრივი განადგურების საშუალებები. ჩვენ ვიცით, რომ ეს საშუალებები XX საუკუნის ევროპული ცივილიზაციის პროდუქტია, მაგრამ შეიძლება კი ისინი კულტურის სფეროს მივაკუთვნოთ? იგი ხომ თავისი არსით ეწინააღმდეგება, უპირისპირდება და რეალურ საფრთხეს უქმნის კულტურას და მთელ კაცობრიობას. XX საუკუნის ცივილიზაციამ მემკვიდრეობით დაგვიტოვა გახრწნილი, მკვდარი ხელოვნური ზღვები, კალაპოტები შეუცვალა მდინარეებს – ყველაფერი ეს გაკეთდა ადამიანის მიერ, ინჟინერული გათვლებისა და მშენებლობის ნორმებისა და წესების საფუძველზე. შედეგად კი დაიტბორა და კვლავ იტბორება კულტურის ობიექტები, იცვლება კლიმატი. სამწუხაროდ, რეალობაა ადამიანსა და ბუნებას შორის კონფლიქტი. ადამიანი აღარ ელოდება ბუნებისაგან წყალობას, თავად იღებს მისგან რაც სჭირდება და რაც არ სჭირდება და არ ფიქრობს, რომ ასეთი დაუფიქრებელი მოქმედებით ზიანს აყენებს ან სულაც ანადგურებს ბუნებას და მერე საკუთარ თავს. გამორიცხული არ არის, რომ ბუნებისადმი გაუაზრებელმა დამოკიდებულებამ მსოფლიო მასშტაბის ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.
შეჯამების მიზნით, შევეცადოთ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვას: არის თუ არა სინამდვილეში კულტურა სულის ზეობა? სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეებს არაერთხელ უცდიათ გაემიჯნათ ერთმანეთისაგან ადამიანის სულის ჭეშმარიტი აღმაფრენა (კულტურა) და ადამიანური მოღვაწეობის გაქვავებული ფორმების აღდგენა-რეპროდუქცია (ცივილიზაცია). აი, რას წერდა რუსი ფილოსოფოსი
ნ. ბერდიაევი (1874 – 1968 წწ.) წიგნში "კულტურა და ცივილიზაცია”: "კეთილშობილება ყოველნაირი ჭეშმარიტი კულტურისა განისაზღვრება იმით, რომ კულტურა არის წინაპართა კულტი, თაყვანისცემა საფლავებისა და ძეგლებისადმი, შვილების მამებთან კავშირი. კულტურა დაფუძნებულია წმინდა თქმულებებზე და რაც უფრო ძველია კულტურა, იგი მით უფრო მნიშვნელოვანი და მშვენიერია.
კულტურა ყოველთვის ამაყობს თავისი ძველი წარმოშობით, დიად წარსულთან უწყვეტი კავშირით და კულტურაზე სუფევს განსაკუთრებული სახის ღვთიური მადლი. კულტურა, მსგავსად ეკლესიისა, ყველაზე მეტად აფასებს თავის მემკვიდრეობითობას. კულტურაში არ არის სიხეპრე, არ არის უპატივცემულო დამოკიდებულება მამათა საფლავებისადმი. მეტისმეტად ახალ, გადმოცემულ კულტურას არ აქვს თქმულებები და ეუხერხულება თავისი ასეთი ყოფა. ამას ვერ ვიტყვით ცივილიზაციაზე. ცივილიზაცია აფასებს თავის ახალ წარმოშობას, იგი არ ეძებს ძველ და ღრმა სათავეებს და ამაყობს დღევანდელი გამოგონებით. მას არა ჰყავს წინაპრები და არ უყვარს საფლავები. ცივილიზაციას ყოველთვის ისეთი სახე აქვს, თითქოს იგი დღეს ან გუშინ წარმოიშვა. მასში ყველაფერი ახალთახალია, ყველაფერი დღევანდელი დღის მოხერხებულ პირობებთანაა შეგუებული. კულტურაში მიმდინარეობს მარადიულობის დიდი ბრძოლა დროსთან, დიდი წინააღმდეგობა დროის დამანგრეველ ძალასთან. კულტურა სიკვდილს ებრძვის, თუმცა უძლურია მასზე რეალური გამარჯვებისათვის. მისთვის ძვირფასია უკვდავყოფა, განუწყვეტლობა, მემკვიდრეობითობა, სიმტკიცე კულტურული ქმნილებებისა და ძეგლებისა. კულტურა, რომელშიც არის რელიგიური სიღრმე, ყოველთვის მიისწრაფვის მკვდრეთით აღდგომისაკენ. ამ მხრივ რელიგიური კულტურის უდიდეს ნიმუშს წარმოადგენს ძველი ეგვიპტის კულტურა. იგი მთლიანად ეფუძნებოდა მარადიულობის წყურვილს, მთლიანად სიკვდილთან ბრძოლაში იყო. და ეგვიპტის პირამიდებმა გადაიტანეს ათასწლეულები და შემორჩნენ ჩვენს დრომდე. თანამედროვე ცივილიზაცია სწორედ რომ არ აშენებს პირამიდებს და არ ზრუნავს იმისათვის, რათა მის ძეგლებს ათასწლოვანი სიმტკიცე ჰქონდეს. თანამედროვე ცივილიზაციაში ყველაფერი სწრაფწარმავალია.
ცივილიზაცია, კულტურისაგან განსხვავებით, არ ებრძვის სიკვდილს, არ სურს მარადიულობა. იგი არა მხოლოდ ურიგდება დროის მომაკვდინებელ ძალას, არამედ ამ მომაკვდინებელი დროით ზღვარზე აფუძნებს თავის ყველა წარმატებასა და მონაპოვარს. ცივილიზაცია, ივიწყებს რა მიცვალებულებს, ძალზე საამურად და მხიარულად მოეწყობა სასაფლაოზე. ცივილიზაცია ფუტურისტულია. ცივილიზაციაში არის სიხეპრე, გაყოყოჩებული პარვენუ. ეს სიხეპრე გადაეცემა კულტურასაც, რომელსაც სურს იყოს სავსებით არარელიგიური”.
საინტერესოა, თანამედროვე პირობებშიც თუ შეიძლება ამ განსხვავებაზე საუბარი, გვაქვს კი ამისათვის რაიმე საფუძველი? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ოსუალდ შპენგლერის (1880 –1936 წწ.) თვალსაზრისს, რომელიც დღესაც საინტერესო, აქტუალური და გარკვეულწილად წინასწარმეტყველურ

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1532 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები