00:38 სცენიდან – მთაწმინდისაკენ (სერგო ზაქარიაძე). | |
სერგო ზაქარიაძე თავისი შემოქმედების აღმართზე გარდაიცვალა. იგი ერთმანეთის მონაცვლეობით ახალ და ახალ დიდოსტატურ სახეებს ქმნიდა, ხოლო მისი სახელი, რომელიც ადრევე მეტად ჟღერადი იყო, ნელ-ნელა უფრო მეტ სივრცეებს იპყრობდა. ამიტომ მოულოდნელი და მტკივნეულად გულდასაწყვეტი იყო მისი სიკვდილი: 61 წლის მსახიობი სცენასა და ეკრანს ისე ტოვებდა, ალბათ, ერთ კაცსაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ მისი საუკეთესო როლები ჯერ კიდევ წინ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის მიწურულს მას პატრიარქისა და პატრონის იერი დაჰკრავდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბოლო წლებში თბილისის ქუჩებში ხანდახან დიდი თეთრი წვერით დადიოდა, იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა, და ამის გაცნობირებასაც გაკვირვება მოჰყვა, მით უმეტეს, როცა პირველ ნეკროლოგებში – შეცდომის თუ დაუდევრობის გამო – ნამდვილზე უფრო ნაკლები ასაკი გაკრთა (თუმცა კომპარტიის გენერალური მდივნის ხელმოწერილმა და „პრავდაში" დაბეჭდილმა ნეკროლოგმა – როგორც ყველაფერმა, რაც პოლიტბიუროდან ex cathedra მოდიოდა – საკითხში გარკვეულობა შეიტანა). დღეს უკვე ძნელია, და თან ნაკლებსაყურადღებო, ყველა იმ ჭორისა თუ მართლის გახსენება, რაც მის სიკვდილს უკავშირდებოდა – ითქვა უსიამოვნებაზე თეატრში და უსიამოვნებაზე შინ; იმის შესახებ, რომ ვიღაც შეეცილა როლში და მას ის სხვა ამჯობინეს; რომ გულნატკენი იყო, რადგან საბჭოთა სუპერფილმში „განთავისუფლება" (რომელიც სტალინიზმისაკენ საბჭოთა სისტემის ხელახალი შებრუნების მნიშვნელოვან ნიშანსვეტს წარმოადგენდა) სტალინის როლის თამაშის საშუალება არ მისცეს; რომ რომელიღაც ჯილდო თუ თანამდებობა ასცდა – თუმცა მსახიობისათვის თითქმის ყველა წარმოსადგენ პატივს ფლობდა (სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით კი იმხანად ჯერ მსახიობებს არ აჯილდოებდნენ); რომ თითქოს გამწვავებული სიტუაციის გამო თეატრიდან წასვლასაც კი აპირებდა. ყველაფერი ეს ხსნიდა და არც ხსნიდა მის სიკვდილს, მაგრამ გარეშე მეთვალყურეს ხომ ყოველთვის ამოძრავებს სწრაფვა მოულოდნელ და გაურკვეველ მოვლენებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აღმოაჩინოს, სტიქიურ უბედურებასაც კი ლოგიკითა და ბუნებრივი თუ ზებუნებრივი კანონზომიერებით ჩასწვდეს. სერგო ზაქარიაძის სიკვდილი კი მართლა სტიქიურ უბედურებას ჰგავდა, ქართული ხელოვნების სტიქიურ უბედურებას. ისტორიის ალტერნატივები თუ თეორიული დაშვება-წარმოსახვები უმთავრესად საყმაწვილო თამაშობებს ჰგავს ხოლმე, მაგრამ დღეს – მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის პერსპექტივიდან – თითქმის უეჭველად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სერგო ზაქარიაძის ცოტათი უფრო ხანგრძლივი სიცოცხლე განსხვავებულ და უკვე არგანხორციელებულ იერს შესძენდა ქართულ თეატრს, ზოგადად, თუ რუსთაველის თეატრს, კერძოდ, ამასთანავე, ქართულ კინოს თუ, საერთოდ, ქვეყნის სამსახიობო ცხოვრებას. ქართული თეატრის ვარსკვლავურ წამებს შესწრებია, ვისაც უნახავს მისი ბურლესკური, ფოიერვერკული კეტებიანი ბრიყვი ბაყბაყდევი „ჭინჭრაქაში"; თავნება მოხუცი აზნაური ბეკინა „სამანიშვილის დედინაცვალში", რომლის ყოველ ჟესტში, სიტყვაში, მზერაში იგრძნობოდა ბატონი და საუკუნეობით თავისუფლებას ჩვეული ადამიანი („აზნაური" ხომ ძველ ქართულად „თავისუფალს" ნიშნავს); ან ოდენ ინტელექტის ძალით მორალური რკალის გარღვევის მოწადინე კრეონი ჟან ანუის „ანტიგონეში", სადაც მსახიობის სიტყვისა და პლასტიკის სიმფონია სცენურ სასწაულს ქმნიდა. გასათვალისწინებელია, რომ იმერელი მებატონის თუ თებელი მეფის როლების შესრულებისას იგი სცენაზე თანამედროვე ევროპულ კოსტუმში ჩაცმული გამოდიოდა (თუ არ ჩავთვლით ბეკინას თეთრ ყაბალახს) და, ყოველგვარი გარეგნული, დეკორატიული აქსესუარისაგან თავისუფალი, მაყურებელზე თავის მაგიურ ზემოქმედებას და მსახიობური ოსტატობის ალქიმიას ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიურ ველზე წარმართავდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ კოტე მარჯანიშვილი მასში მსახიობური ნიჭის წვეთსაც ვერ ამჩნევდა; ლეგენდა იმასაც მოგვითხრობს, რომ საკუთარ მონაცემებთან შეგუებასა და ზერელობის ზღვარზე ტივტივს მან დაუღლელი შრომისა და განუწყვეტელი წრთობის სარბიელზე გარჯა არჩია. და იგი განსაკუთრებული, გამორჩეული და სანიმუშო ქართველი მსახიობი გახდა, – იგი გახდა ამ პროფესიის, ამ ბიოგრაფიის, ამგვარი ცხოვრების წესის, ამგვარი საქართველოს წარმომადგენელი. იგი თავად კარგად აცნობიერებდა თავის წარმომადგენლობას და ღირსეულად ასრულებდა ამ საზოგადოებრივ თუ საერთაშორისო როლს. | |
|