20:57 მეფე ვახტანგ VI – King Vakhtang VI. | |
ვახტანგ VI ბაგრატიონ-მუხრანელი (1675-1737), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.
სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. 1712 წელს ჯერ გიორგი XI-ისა და მერე ირანში მისი შემცვლელის ქაიხოსროს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, როცა ვახტანგ VI-ის ჯანიშინობა დასრულდა. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, მაგრამ ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა. ვახტანგ VI ქირმანში გადაასახლეს. იქ მან 1719-მდე დაჰყო, ამავე წელს მანამდე (1716) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. ვახტანგი ჯერ კიდევ გიორგი XI-ის მეფობის დროს დაუახლოვდა კათოლიკე მისიონერებს, კერძოდ კი კაპუცინელებს. მათი დახმარებით 1709 წელს ვახტანგმა მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება. სიახლოვე მისიონარებთან თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა მეფის პოლიტიკას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ვახტანგის ძმა დომენტი. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც ვახტანგმა VI-მ სულხან-საბასთან ერთად მიიღო, რითაც ეს უკანასკნელი ევროპაში გაემგზავრა, მას ჯანიშინობის დატოვებად დაუჯდა, სულხან-საბა ორბელიანის უხვი დოკუმენტური მასალიდან (მიმოწერები და შეხვედრები ევროპაში) არ ერთგზის აღნიშნულია ვახტანგის მიდრეკილება და სიმპათიები კათოლიკებისადმი, რის გამოც იგი ლუი XIV-სგან დახმარებას ელოდა. როგორც მისიონერები წერენ, ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო, მაშინ როცა ქართლში მისი ვაჟი ბაქარი ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას და მის მომხრეებს ავიწროებდა. თვითონ ვახტანგ VI საუბრობს ამ თემაზე 1722 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ორ წერილში, პაპი ინოკენტი XIII-სა და ავსტრიის იმპერატორ კარლ VI-დმი. ორივე წელილში ვახტანგი ირწმუნება რომ კათოლიკეა და რომ ღიად ამას არ აცხადებს სხვადასხვა მიზეზთა გამო: "… გარნა ამ ჩვენს სამთავროში ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო”, "…სამწუხაროდ აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა.” სწავლა-აღზრდის ახლებულ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას” ე . თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი”), თარგმნა "ქილილა და დამანა”, "ამირ-ნასარიანი” და სხვ. "საღვთო მიჯნურობის” კონცეფციით სცადა მან "ვეფხისტყაოსანში” სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტებაც. ვახტანგ VI-ის ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომი განვითარება პოვა ქართულ პოეზიაში (დ. გურამიშვილი, მ. ბარათაშვილი და სხვ.). პოეტის ლექსები არც გრძნობად-კონკრეტული სახეებსაა მოკლებული. მის ლირიკულ შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდუალური, ადამიანური განცდები ("რანი და მოვაკანი და”…), გამოხატულია ბუნების მშვენიერების განცდა ("რა სჯობს მაისში ტფილისსა…”) და სხვ. ვახტანგ VI საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანულ რუსეთთან კავშირის ტრადიციულ კურსს მისდევდა. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა პეტრე I-თან, რომელიც იმჟამად კასპიის ზღვის სანაპიროების შემოერთებისათვის იბრძოდა სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარიც მზად იყო შეერთებოდა რუსთა ჯარს ირანის წინააღმდეგ. ქვეყნის მიტოვება და მხოლოდ გარეშე ძალაზე იმედის დამყარება იმთავითვე შეცდომად ჩაუთვალეს მეფეს მისმა თანამედროვებმაც, ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა რუსეთის დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანში, დასაფლავებულია იქვე, მიძინების ტაძარში. | |
|