10:13 უკრაინაში არ წყდება პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოსათვის საბრძოლო იარაღის მიყიდვის გამო. | |
უკრაინის პარლამენტის დელეგაცია აპირებს საქართველოში ჩამოვიდეს თბილისისთვის უკრაინის იარაღის მიყიდვის ზოგიერთი დეტალის შესასწავლად.
უკრაინის პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ საქართველოსთან იარაღით ვაჭრობის საქმეში, რასაც უშუალოდ პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ხელმძღვანელობდა, კორუფციის ნიშნები შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ რადა დაშალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, კონოვალიუკი აცხადებს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და პრეზიდენტ იუშჩენკოსაც აუცილებლად დაუსვამს მწვავე შეკითხვებს. რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში კონოვალიუკმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას, რამაც უკრაინა ფინანსურადაც აზარალა და სამხედრო თვალსაზრისითაც: რა თქმა უნდა, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ საკითხს - ჰქონდა თუ არა უკრაინას მიწოდების უფლება. საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, არა აქვს არავითარი შეზღუდვა. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო ხანებში შეიქმნა საკმაოდ კრიმინალური სისტემა იარაღის ექსპორტში და ყველაზე უფრო მეტად ჩვენ სწორედ ეს ამბავი გვაღელვებს.” რაც შეეხება შესყიდვების მოცულობას, კონოვალიუკის თქმით, 2005 წლიდან მოყოლებული, უკრაინამ საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის იარაღი მიაწოდა. გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაციით, უკრაინის უმაღლეს რადაში სპეციალური საგამოძიებო კომისია 2 სექტემბერს შეიქმნა. ეს არის ის დღე, როცა მმართველი კოალიცია დაიშალა და უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. თავად ბატონი ვალერი კონოვალიუკი პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსადმი ოპოზიციურად განწყობილი რეგიონთა პარტიის დეპუტატია. თანაც, ორთვიანი მუშაობის პერიოდში სპეციალურ საგამოძიებო კომისიას არ გამოუქვეყნებია არც ერთი მამხილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კორუფციას უკრაინული იარაღის ექსპორტის საქმეში. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრმა 2005-2007 წლებში ანატოლი გრიცენკომ განაცხადა, რომ სპეციალური საგამოძიებო კომისიის ზოგიერთი წევრი საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის სკანდალს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს: ძნელია კომენტირება იმისა, თუ რატომ გაღვივდა სკანდალი რუსულ პრესაში. ალბათ, რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკაა ამით დაინტერესებული. ასევე ტყუილია მტკიცება, თითქოს ეს შესყიდვები უკრაინის თავდაცვისუნარიანობას ასუსტებდეს.” ამ განცხადების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადის სპეციალური საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ კონოვალიუკმა უმალვე მოაწყო პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ საქართველოსათვის იარაღის მიყიდვის ზოგიერთი დეტალის შესასწავლად კომისია საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს: საზღვარგარეთის ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვის საკითხი საქართველოში მკაცრად გასაიდუმლოებულია და საჯარო განხილვებს არ ექვემდებარება. | |
|