10:21 უმბერტო ეკო: “ქრისტეს ვნებანი” მელ გიბსონისაგან. | |
უმბერტო ეკო: "ქრისტეს ვნებანი” მელ გიბსონისაგან.
ახლავე უნდა ვთქვა, რომ ფილმი, რომელიც ტექნიკურად ძალიან კარგადაა გაკეთებული, არაა არც ანტისემიტიზმის და არც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გამოხატულება. ის არც რაღაც სასტიკი მსხვერპლშეწირვის მისტიკითაა დატვირთული. ეს ეგრეთ წოდებული "სპლატერია”, ანუ ფილმი, რომელიც გადაღებულია ბევრი ფულის საშოვნელად, რისთვისაც მაყურებელს იმდენ სისხლსა და ძალადობას უჩვენებს, რომ ტარანტინოს "კრიმინალური საკითხავი” საბავშვო ბაღებისთვის გადაღებულ ანიმაციურ ფილმად უნდა ჩავთვალოთ. კაცმა რომ თქვას, ტომი და ჯერის მულტფილმები ბავშვებს უჩვენებენ, როგორ ჭყლეტენ პერსონაჟებს ასფალტის სატკეპნი მანქანები, როგორ ვარდებიან პერსონაჟები ცათამბჯენებიდან, ათას ნაწილად იმსხვრევიან, კარებში ეტანებიან მთელი ტანით და ა. შ. ერთი სიტყვით, ამის მსგავსად, გიბსონის ფილმშიც სისხლის ჰექტოლიტრები იღვრება, რომლებიც ალბათ ათი ავტოცისტერნით მოზიდეს, თანაც მის შესაგროვებლად მთელი ტრანსილვანიის ვამპირებს უყვეს მობილიზაცია.
მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი სცენა ქრისტეს აღდგომაა, რომელიც ფილმში გაცოცხლებული მკვდრების ღამეს უფრო ჰგავს, ვიდრე რენესანსულ მხატვრობას. სახარებათა დიადი და ღირსეული სიტყვიერი მომჭირნეობისა ამ ფილმს არაფერი ეტყობა: მას სააშკარაოზე გამოაქვს ყველაფერი, რასაც სახარებები დუმილით უვლიან გვერდს, რომ მკითხველმა თვითონ განსაჯოს მდუმარედ, რას ნიშნავს მისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა. იქ, სადაც სახარებები იმის თქმით შემოიფარგლებიან, რომ იესო გვემეს (სამი სიტყვა მათესთან, მარკოზთან და იოანესთან, არც ერთი – ლუკასთან), გიბსონი ქრისტეს ჯერ ლერწმის წკეპლებით აცემინებს, მერე ლურსმნიანი ღვედებით, ბოლოს კი ხის უროებით, სანამ იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანს, როგორიც, მაკ-დონალდსის მომხმარებელთა აზრით, უნდა იყოს ჰამბურგერის დასამზადებლად დაბეგვილი ხორცი.
რა თქმა უნდა, გიბსონი ფიქრობდა, რომ თუ ცუდებად რომაელებს გამოიყვანს (რაც მანამდე ასტერიქსმა უფრო დიდი წარმატებით განახორციელა), არ უნდა გვეშინოდეს, რომ ვინმე კაპიტოლიუმს ცეცხლს წაუკიდებს. ამავე დროს, როცა საქმე თანამედროვე ებრაელებს ეხება, უფრო ფრთხილად უნდა მოიქცე. მაგრამ რა შეიძლება მოვთხოვოთ მას, ვისაც მხოლოდ სისხლიანი ბიფშტექსის შეთავაზება სურს ბევრი წიწაკითა და ბევრი კეტჩუპით? გიბსონმა ერთგვარი კეთილგონიერება გამოიჩინა და გვიჩვენა შედარებით კარგი სამი ებრაელი და სამი რომაელი, რომლებსაც რაღაც ყოყმანის მაგვარი მოიცავს — ისინი მაყურებელს შესცქერიან და სახეზე თითქოს შეკითხვა ეხატებათ: "ბიჭებო, მეტი ხომ არ მოგვდის?”. მაგრამ მათი ეჭვი და ყოყმანი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ უფრო აუტანელი გახდეს, რასაც ფილმი გვიჩვენებს და რომ ნამდვილად აგერიოს გული, როცა დაინახავ, რა გამოედინება გადახსნილი ნეკნებიდან.
| |
|